"ცოდნის ხარისხზე და არა ოდენობაზე"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ცოდნის ხარისხზე და არა ოდენობაზე"

იანვარი 01
04:00:00 1970
ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, განათლების მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. კონვენციაში გამოკვეთილი თითოეული უფლება ეხება ყველა ბავშვს, ყოველგვარი დისკრიმინაციული გამონაკლისის გარეშე.

_ ბავშვის უფლებათა ამგვარ ფართო აღიარებას მხოლოდ თეორიული საფუძველი არ გააჩნია. მსოფლიოს თითოეულ ქვეყანაში ბავშვის უფლებები განმტკიცებულია კონკრეტული ღონისძიებებით საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და აღმასრულებელ სფეროებში. სწავლისას ბევრი ბავშვი განიცდის სწავლასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მოსწავლის ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური თუ სხვა მდგომარეობით. ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ვალდებულებას კი წარმოადგენს მოძებნოს ყველა ბავშვის წარმატებით სწავლების გზები. ინკლუზიური განათლება, არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა სკოლის ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობისა ან სირთულეებისა სწავლის პროცესში. ინკლუზიური განათლების მიზანია, ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს, _ განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

ინკლუზიური განათლების საერთაშორისო მოდელის მიხედვით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის და კლასის სრულუფლებიანი წევრია. ის სრულად უნდა მონაწილეობდეს სასკოლო და საკლასო აქტივობებში.

_ ინკლუზიური განათლება მოითხოვს მთლიანად სკოლის დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ გააძლიეროს და განავითაროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის შესაძლებლობები, გააუმჯობესოს მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და აქტიურად შეუწყოს ხელი მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ეროვნული სასწავლო გეგმა თითოეული საგნის ფარგლებში, ყოველი საფეხურისთვის განსაზღვრავს სასწავლო მიზნებს, ამოცანებს და წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებს. სკოლისა და პედაგოგის მიზანია, რაც შეიძლება მეტად მიუახლოოს ყველა მოსწავლე დასახულ წლიურ მიზანსა და სასწავლო შედეგს. შესაბამისად, მოსწავლე შეფასებას ღებულობს მიღწევის დონის მიხედვით მიზანთან მიმართებაში, _ აღნიშნავენ სამინისტროში.

ინკლუზიური სწავლება გურიაშიც წარმატებით მიმდინარეობს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების უმრავლესობა გაკვეთილებს ესწრებიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სკოლაში ვერ დადიან და მათთან პედაგოგები ინდივიდუალურად მუშაობენ.

_ სკოლაში პედაგოგის ამოცანაა სასწავლო პროცესი სწორედ ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად წარმართოს, მაგრამ იმავდროულად მოარგოს ის მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და ინტერესებს. ეროვნული სასწავლო გეგმა "ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე, ცოდნის ხარისხზე და არა ოდენობაზე". ეს მიდგომა განსაკუთრებით აქტუალური ხდება, თუკი პედაგოგს კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ყავს, რომლისთვისაც გაუმართლებელი იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული იგივე სასწავლო მიზნების დასახვა, რომელიც პედაგოგს დასახული აქვს კლასის დანარჩენი მოსწავლეებისთვის. ამ შემთხვევაში, პედაგოგის ამოცანაა, მოსწავლისთვის უზრუნველყოს ხარისხიანი და ეფექტური განათლება და საგაკვეთილო პროცესი, ოღონდ მისი შესაძლებლობების, ინტერესების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინებით. ამ დროს, პედაგოგი უფლებამოსილია დასახოს ამ კონკრეტული მოსწავლისთვის ინდივიდუალური მიზანი, ამოცანა და სასწავლო შედეგი, რომელიც განსხვავებული იქნება კურიკულუმით გათვალისწინებული გეგმისგან. ამ გეგმით მოხდება მოსწავლისთვის ყველაზე შესაფერისი მოთხოვნების განსაზღვრა და მისი დაცვა არაადეკვატური მოლოდინებისგან, რომლებიც ხშირად გააჩნიათ, როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს, _ აღნიშნავენ სამინისტროს განათლებისა და პროფესიული სწავლების ცენტრში.

16 წლის ეთუნა გ. ოზურგეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დადის. როგორც გვითხრა, მისი პრობლემა ფიზიკური ნაკლია.

_ როგორც მითხრეს, მშობიარობის დროინდელი ტრავმის გამო გავხდი ელამი. რაც მახსოვრობა მაქვს, მას შემდეგ ეს პრობლემა მაწუხებს და მაკომპლექსებს. მიყვარს მზე და ზაფხული. სათვალით ვფარავ ჩემს ნაკლს. თუმცა, ამ ნაკლის დაფარვას გაკვეთილზე ვერ ვახერხებ და ეს ძალიან მაწუხებს. ბევრჯერ დაუცინიათ თანატოლებს. მახსოვს ერთხელ მასწავლებელი გამიბრაზდა და მიყვირა: ამ მომკლა ამ ინვალიდის ფერებამო. თვეზე მეტი არ დავდიოდი ამის გამო სკოლაში, თუმცა ბოლოს დირექტორის ჩარევის და მასწავლებლის ბოდიშის შემდეგ დავბრუნდი. მართალია, მისი ბოდიშით არაფერი გამოსწორებულა, მაგრამ ასე ჯობდა, _ გვითხრა ეთუნამ.

მისივე თქმით, ბოლო დროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, თუმცა ამბობს, რომ მათი საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ეთუნას 14 წლის გივის დედა, მარინა კ-ც ეთანხმება.

_ 2 სკოლა გამოვუცვალე ჩემს შვილს სწორედ იმის გამო, რომ დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბოლო პერიოდში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. არც ერთ სკოლაში არ მუშაობს ფსიქოლოგი. სკოლების უმეტესობას არ ააქვს პანდუსები. მისასალმებელია, რომ ჩვენ ამ ბავშვების საზოგადოებასთან დაახლოება გვინდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ პიარი და ლამაზად ნათქვამი სიტყვები. ეს ყველამ ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა გავაკეთოთ. ამ ყველაფერში დიდ როლს საზოგადოების ინფორმირებულობა ითამაშებს. საზოგადოებამ უნდა შეიგნოს რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი საშიში არ არის. ისიც უნდა გაითავისოს რომ მათთან მეგობრობის გამო არავინ დაძრახავთ. აი, აქედან უნდა დაიწყოს ყველაფერი. რაც შეეხება ინკლუზიურ სწავლებას, მიმაჩნია რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა ძალიან კარგია. კარგია ისიც, რომ პედაგოგებს სპეციალური ტრენინგები ჩაუტარეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ტრენინგები ამ საკითხზე იმ მოსწავლეებისთვისაც აუცილებელია, რომელთა კლასებშიც ეს ბავშვები სწავლობენ და ამ ბავშვებთან ფსიქოლოგები უნდა მუშაობდნენ, _ აღნიშნა ქალბატონმა მარინამ.



არქივი