"მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" და "მოწყალე სამარიტელი" პირველობას არ თმობენ

gurianews.com

21-ს ქვევით

"მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" და "მოწყალე სამარიტელი" პირველობას არ თმობენ

აპრილი 20
07:41:48 2011

უკვე რამდენიმე წელია, ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა წარმატებით მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ, ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ორგანიზებულ პროექტში "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას". სამრევლო სკოლის გამარჯვებული გუნდები სულ მალე იერუსალიმში წმინდა მიწის მოსალოცად გაემგზავრებიან.

ჩვენ ვესტუმრეთ სამრევლო სკოლას და გუნდების ხელმძღვანელსა და წევრებს ვესაუბრეთ.

_ ინტელექტუალური კონკურსი "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" ტარდება 2008 წლის ნოემბრიდან, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსში აქტიურად ჩავებით მისი გამოცხადებისთანავე. პროექტის წესების თანახმად, შევკრიბე ორი ასაკობრივი ჯგუფი "მოწყალე სამარიტელი" (პატარები) და "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" (დიდები). გუნდებმა გაიარეს სარაიონო და რეგიონალური ტურები და ორივე გუნდი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. შესაბამისად, მათ ჯილდოდ ერგოთ იერუსალიმის წმინდა მიწის მოლოცვა, მაგრამ იერუსალიმში გამგზავრება იმ დროისთვის ვერ მოხერხდა. კონკურსში შემდეგ წელსაც მივიღეთ მონაწილეობა. ამჯერად "მოწყალე სამარიტელი" და "მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი" მეორე ადგილს დასჯერდნენ და შესაბამისად, ტაო-კლარჯეთი მოვილოცეთ. 4-დღიანი მოგზაურობა საქართველოს ძირძველ მიწაზე ძალიან შთამბეჭდავი იყო. გუნდებთან ერთად იმყოფებოდნენ ჩვენი უსაყვარლესი მოძღვარი, მამა თომა, ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი მეუფე სტეფანე და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები. მინდა გითხრათ, რომ ამ წარმატებას ბავშვების დაუღალავი, მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიეთ. მონაწილე გუნდებს, კონკურსის პირობების თანახმად, უნდა ჰყოლოდათ მხარდამჭერთა გუნდი. ჩვენს მოთამაშეებს მხარს უჭერდა სკოლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ქალბატონი ლალი კორიფაძის ხელმძღვანელობით, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელი, ჯგუფების ხელმძღვანელი, ანასტასია ძნელაძე.

ტაოში მიღებულ შთაბეჭდილებებზე ბავშვები გვიამბობენ:

მარიამ ხაბეიშვილი: "ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ოთხი უბედნიერესი დღე. ჩვენი სულები ნეტარებას განიცდიდნენ. ოშკში, გალობის დროს, ტაძრის გუმბათის ყელთან მტრედები ახმაურდნენ, თვალები ცრემლებმა აგვივსო. სხეულმა უჩვეულო სითბო იგრძნო. უფალმა ქნას, კიდევ მოვხვდეთ იქ, როგორც საქართველოში, სადაც იქაური, სარწმუნოებას მოწყურებული ქართველები განაახლებენ ტაძრებს. მეჩეთებისა და მოლას ლოცვის მაგივრად, ვიხილავთ ტაძრებს, სადაც წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინება. ვიხილავთ გაბრწყინებულ, სიყვარულითა და მადლიერებით სავსე საქართველოსა და ქართველ ერს. უფალო, შეგვიწყალე!

ლილე კვინტრაძე: განუზომელი სიხარული იყო ჩვენთვის ტაოში გამგზავრება. რაც უფრო მეტად ვშორდებოდით საქართველოს, მით უფრო გვემატებოდა მღელვარება. ძველი ციხის ნანგრევებზე გამოჩნდა თურქული დროშა. ვერც კი ვამჩნევდით, რომ თურქეთში ვიყავით. ბუნება ისეთივე თვალწარმტაცი იყო, როგორც ჩვენთან, საქართველოში. ჩვენი დანახვით გახარებული გურჯები სევდას იწვევდნენ ჩვენში. მთელი ცხოვრება მემახსოვრება ეს ოთხი საოცრად ემოციური დღე.

მარიამ ჩხიკვაძე: ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა "მოწყალე სამარიტელის" წევრობა. მადლობა უფალს და იმ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს ეს პროექტი და ბავშვებს საშუალება მოგვცეს მოგველოცა საქართველოს ძირძველი მხარე.

წივილაშვილი თათია: ისე ცხადად, როგორც ჩვენი დაკარგული ტაძრების ხილვისას, არასდროს მიგრძნია, რომ ცოდვილი ვარ. დამნაშავედ ვთვლიდი თავს. ვფიქრობდი, რომ მე ღირსი არ ვიყავი ასეთი დიდი ბედნიერებისა. ყველაფერს ვნანობდი, მთელ ჩემს ცხოვრებას. მიჩნდებოდა ტირილის სურვილი. მინდოდა მეტირა და შენდობა მეთხოვა უფლისთვის. ტაო-კლარჯეთის ტაძრების იდუმალებამ ძალიან იმოქმედა ჩემზე.

რამდენიმე დღის წინ სამრევლო სკოლაში ისევ გაიმართა კონკურსის _ "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" _ სარაიონო შესარჩევი ტური. კონკურსში მონაწილეობდნენ დაბლაციხის, გოგოლესუბნის, ერკეთისა და შუაგანახლების საჯარო სკოლები. სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა, ამჯერადაც არავის დაუთმეს პირველობა და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ. სანამ კონკურსის მონაწილეები სკოლას ისევ ასახელებენ, გუნდებს იერუსალიმის წმინდა მიწის მოლოცვა ელოდებათ. ბავშვები ჯგუფის ხელმძღვანელთან და მამა თომასთან ერთად, 20 აპრილს გაემგზავრებიან და ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლის მომსწრე გახდებიან.

"21-ს ქვევით" წარმატებებს უსურვებს გუნდებს და იმედს იტოვებს, რომ იერუსალიმიდან დაბრუნებულები, შთაბეჭდილებებით სავსე, გვესტუმრებიან და დიდი სასწაულის შესახებ გვიამბობენ.



არქივი