რატომ ურჩევნია ეთერ კაკულიას, ეგვიპტურ აქლემს, ქართული ურემი

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

რატომ ურჩევნია ეთერ კაკულიას, ეგვიპტურ აქლემს, ქართული ურემი

აპრილი 20
07:49:25 2011

_ დავიბადე განუსაზღვრელ წელს, ხო არავინ იცის რამდენი წლის ვარ და მეც აღარ მახსოვს უკვე იმდენს ვიტყუები ნუუ, _ ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მომღერალმა, ეთერ კაკულიამ.

_ მოკლედ, 3 წლიდან ვმღერი, დავამთავრე თბილისის 55-ე საჯარო სკოლა, პარალელურად დავდიოდი პიონერთა სასახლეში სხვადასხვა წრეებზე, ეს იყო, მუსიკის, ცეკვის, დრამწრე... ამ ყველაფრით ისე გადავიღალე, ერთხელაც დავეცი ქუჩაში, 35 გრადუსი მქონდა სიცხე, დედაჩემს უთხრეს, ძალიან გთხოვთ დაანებებინეთ ამ ბავშვს თავი თორემ გადაიღალა უკვე, აღარ შეუძლია მეტიო. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, სპეციალობით ვარ გერმანისტი, მაშინ მინი კაბები იყო მოდაში და მე ხომ ლამაზი ფეხები მაქვს არაა? ხოდა ჩემს ფეხებს დაარქვეს ლარები, ანუ სიმები, მაშინ რას ვიფიქრებდი თუ საქართველოში ლარები შემოვიდოდა, (იცინის). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გეპეიში ვკითხულობდი ლექციებს, 7 წელი ვასწავლიდი, მამაჩემი გეპეის პროფესორი იყო და ხათრი ვერ გავუტეხე თორემ პედაგოგობა ჩემი მოწოდება არ იყო, მაგრამ იცით? ჩემს ლექციაზე სტუდენტები მორბოდნენ, ხანდახან ტევა აღარ იყო აუდიტორიაში, კარები არ იკეტებოდა, რა ამბავი იყო იცით ლექციებზე? გერმანულს კი არ ვასწავლიდი, კურიოზებს ვუყვებოდი, პარიზში როგორ ვიმღერე, იქ კაბა როგორ ლანდავდა, ლონდონში ჟან მარის გვერდით რომ ვიჯექი და იმათაც მეტი რა უნდოდათ, ეზარებოდათ გერმანულის სწავლა. გამოცდებზე როგორ ვწერდი იცით ნიშნებს? აბა, ვინ იცის ჩემი სიმღერის ტექსტი, "მზე ჩემი კარგი მეგობარია", ყოჩაღ ხუთიანი, აბა კიდევ? "ამ ჩემ ჭაღარას"! ხუთიანი, დაჯექი და ა.შ. _ სიცილით იხსენებს წარსულ ჩვენი რესპონდენტი.

_ ერთხელაც კათედრის გამგემ გადაწყვიტა დასწრებოდა ჩემს ლექციას, აინტერესებდა ასეთი რა ორიგინალური ლექცია მქონდა, სტუდენტები რომ სიხარულით მორბოდნენ. მოვიდა კომისია, დაახლოებით 7 კაცი, ნუ, რა ვქნა ეხლა, რაღაცა უნდა ვათქმევინო ამ ბავშვებს თორემ სირცხვილია, არაფერი არ იციან. დავიწყე ლექცია, ვწერ დაფაზე რაღაცეებს, ბოლოს ვეკითხები, აბა ბავშვებო როგორ არის გერმანულად მრავლობითი სიტყვის ნაცვალსახელი "ჩვენ", (გერმანულად "ჩვენ" არის "ვირ") დუმილია, არავინ არაფერს იძახის, აბა, ბავშვებო, მითხარით, კახეთში რომელი ცხოველი უყვართ ყველაზე მეტად? "ვიირი" _ ყველამ ერთხმად, ხოდა, ეგა ვართ ჩვენ-მეთქი და ეს იყო ჩემი ბოლო ლექცია. დავანებე პედაგოგიურ მოღვაწეობას თავი და წავედი რეროში. აი მერე მოდის უკვე პროფესიონალური სცენა, ვმოგზაურობდი ევროპის ირგვლივ, იმდენი მაქვს ნანახი, წიგნი დავწერე ახლა. ბრალოდ, "ეთერ კაკულია" ერქმევა ამ წიგნს, სადაც მოთხრობილი იქნება მთელი ჩემი მოგზაურობები, თავგადასავლები, შთაბეჭდილებები, შეხვედრები ხალხთან და კიდევ უამრავი რამ. ერთხელ მატარებელზე რომ დავრჩი, ეს იცით?

_ არა, მოგვიყევით. _ მაშინ მატარებლით დავდიოდით, მოსკოვი-ბელგრადი, მოსკოვი-ბუდაპეშტი, იუგოსლავიაში კონცერტი გვქონდა და როგორ არის იცით? იუგოსლავიიდან უნდა შემოხვიდე უნგრეთში და ბუდაპეშტში ჩერდება მატარებელი ერთი საათით, ნათლია მყავდა კარგი და ვიფიქრე რაიმე ორიგინალურ საჩუქარს ვუყიდი მეთქი, გავიარ-გამოვიარე და ვუყიდე ძალიან ლამაზი, დაწნული კონიაკის ბოთლი, თბილისში ესეთი რაღაცეები მაშინ არ იყიდებოდა, მიჭირავს ეს ბოთლი და მოვდივარ, ვხედავ, ჩემი მატარებელი დგას. უი, ჯერ ადრე ყოფილა-მეთქი. იქვე პატარა ჯიხური დავინახე და გადავწყვიტე ყავა დამელია, გამყიდველ ქალს გამოველაპარაკე, როგორც აღმოჩნდა გერმანული იცოდა, შევყევი ამ ლაპარაკს და უკვე რომ დავემშვიდობე და მოვტრიალდი, მატარებელი აღარ დგას, კუდიღა მოსჩანს მარტო.

_ შემდეგ რა ქენით?

_ ესეთი ადვილი საკითხავია ხომ შემდეგ რა ქენით?(იცინის) ესეიგი, არც ფული მაქვს, არც პასპორტი, ყველაფერი მატარებელშია, რა ვქნა ეხლა ნუუ, ვიფიქრე ტაქსით წავალ და დავეწევი მატარებელს მეთქი, უნგრელი ტაქსისტები იდგნენ იქ და მივედი მათთან, მაგრამ რად გინდა, მე უნგრული არ ვიცი, იმათმა კიდე რუსული, ვდგავარ და ვეუბნები, "კუ, კუ, ჩუქუ, ჩუქუ", ხელებით ვანიშნებ უნდა დავეწიოთ თქო, ეს კონიაკის ბოთლი კი მიჭირავს ხელში და იმათ ჰგონიათ რომ მთვრალი ვარ და კვდებიან სიცილით, ჩავიქნიე ხელი, მივედი ვაგზლის უფროსთან, იმან გამაგზავნა ჩვენს წარმომადგენელთან, არაჩვეულებრივად მიმიღეს, ვოლგა მომამაგრეს, კაი ამერიკულ სასტუმროში დამაბინავეს, ცოტა ფულიც მომცეს და ახალი პასპორტიც გამიკეთეს, მეტი რა მინდოდა, აღარც კი ვფიქრობდი წამოსვლაზე, თან მითხრეს, რომ ორი კვირა კიდევ უნდა დავრჩენილიყავი, სანამ მატარებელი უკან ჩამობრუნდებოდა. ერთი ის მადარდებდა, რომ ჩემებმა არაფერი იცოდნენ ჩემ შესახებ. მაშინ მობილურები არ იყო და დაკავშირებაც ჭირდა. ვიყავი ამ სასტუმროში, ქვემოთ კარგი რესტორანი იყო, თეთრი როიალი იდგა და ორკესტრი უკრავდა. ვიფიქრე, ერთხელ რომ არ ვიმღერო, როგორ იქნება-მეთქი. მივედი მიკროფონთან და წავიმღერე, მოეწონათ და დაიწყეს დაკვრა. ხუთი დღე ვმღეროდი და არავინ არ იცოდა, ვინ ვიყავი. მერე მოვიდა რესტორნის ადმინისტრატორი და შემომთავაზა ორწლიანი კონტრაქტი, მაგრამ არ დავთანხმდი. როგორც იქნა გავიდა ორი კვირა და ჩვენმა წარმომადგენლობამ ჩამსვა მატარებელში და გამომაცილა. ოღონდ ამით არ დამთავრებულა ჩემი თავგადასავალი. სანამ საზღვართან მივიდოდი, ამოვიდნენ მესაზღვრეები და პასპორტი მომთხოვეს, ვეძებ და სადა მაქვს პასპორტი, დამრჩენია ადმინისტრატორთან, ხუთი ავჩარკა, ენაგადმოგდებული დამადგა თავზე და ჩამიყვანეს მატარებლიდან, მიმიყვანეს გენერალთან, თან ყვირიან, "შპიონ, შპიონ", ვითომ მე შპიონი ვიყავი, შემდეგ ვუთხარი, რომ პასპორტი სასტუმროში დამრჩა. გადარეკეს და იმათმაც დაუდასტურეს, რომ ჩემი პასპორტი იქ იყო, თორემ ვინ გამომიშვებდა საზღვარზე, საქართველო არც მომელანდებოდა, ეხლა ეს პასპორტი ხომ უნდა ჩამოვიდეს არა? ერთი კვირა მაინც უნდა ამ ყველაფერს, ამ რუსებმა კი სად შემასახლეს იცით იქ რომ კაი ამერიკულ სასტუმროში ვიყავი? შავი პური და ჩაი. ძლივს გავძელი ერთი კვირა და როგორც იქნა ჩამოვიდა ჩემი პასპორტი, ჩამოვფრინდი მოსკოვში და იქედან მერე გადმოვფრინდი თბილისში.

_ ეგვიპტეში იყავით სულ ცოტა ხნის წინ, დარწმუნებული ვარ იქაც გადაგხდებოდათ კურიოზები.

_ ეგვიპტე იყო ძალიან კარგი, ვიყავით ტაბაში, სადაც მოსახლეობა კი არ არის, სულ მაღაზიები და სასტუმროებია, კურორტია რა, მთელი ევროპა იყო ჩამოსული, ძალიან მინდოდა პირამიდების ნახვა, სულ 11 პირამიდა ყოფილა და ორი გამქრალა, თვითონაც არ იციან როგორ, ცოტა გონებაჩლუნგები არიან ეს არაბები, ვერაფერს გააგებინებ, ალბათ, ბევრი მზე ანათებთ და ტვინი აქვთ გადადუღებული (იცინის). პირველად დავჯექი აქლემზე, ვაიმე, რა საშინელება ყოფილა ეს აქლემი. რო დადის ირწევა, ჩავებღაუჭე საწყალ ბედუინს, ვერ ინძრეოდა, თან ხმამაღლა ვყვიროდი, არ მინდა ეს აქლემი, ჩემი ქართული ურემი მირჩევნია-მეთქი, ბედუინმა მითხრა, ნუ ყვირიხარ, თორემ აქლემი გაიქცევა და ვეღარ გავაჩერებო. დედაა, რას ლაპარაკობ, ეს რომ გაიქცეს ხომ ჩამოვვარდი აქედან-მეთქი და ხმა აღარ ამომიღია, მდუმარედ ვიჯექი. საღამოს წავედით ისევ ბედუინებთან, მოიყვანეს არაჩვეულებრივი მოცეკვავე, ულამაზესი ქალი იყო, არა მგონია ეგვიპტელი ყოფილიყო, ისე ცეკვავდა ეს გოგო, გავგიჟდი, ჩვენც ავყევით მერე, მაგრამ ჩვენ ისე სად ვიცეკვებდით. ეს გოგო ერთ გვერდს იქეთ გაიქნევს, მეორეს აქეთ, ერთი ძუძუ იქეთ მიდის, მეორე აქეთ, გადავირიე ნუუ. მერე ჩილიმი მოგვიტანეს, მე მეგონა ამით თვრებიან, თურმე სხვადასხვა არომატებს ასხამენ შიგ და სასიამოვნო სურნელება გამოდის. ახლა გამახსენდა, ტაქსით რომ მივდიოდით, ტაქსისტი არაბი იყო, მაგრამ ცოტა რუსული იცოდა, გვეუბნება, ნახეთ რა სილამაზეაო, მივიხედ-მოვიხედე და ქვისა და ლოდის მეტი ვერაფერი დავინახე. მე ვუთხარი, ეს არის სილამაზე? შენ საქართველოში ჩამოდი და სილამაზეს იქ გაჩვენებ, გურიის მთებს რომ ნახავ მაშინ მიხვდები რა არის სილამაზე-მეთქი. წამოსვლის ხანს კონცერტიც ჩავატარე, იქ მყოფი ყველა ქართველი სცენაზე ამოვიდა, ერთად ვმღეროდით, "და მე არ მინდა, სხვა ნეტარება", მართლა ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემს ქვეყანას მაინც არაფერი მირჩევნია.

_ ქალბატონო ეთერ, ყველა გადაცემისთვის თუ ჟურნალ-გაზეთისთვის ერთგვარი თილისმა ხართ, ნებისმიერი გადაცემა, სადაც თქვენ ხართ მიწვეული, არის გარანტი იმისა, რომ გადაცემა იქნება კარგი, როგორ ახერხებთ ამას? _ იმიტომ, რომ ბუნებითა ვარ ასეთი, არ ვთამაშობ და ხალხს თუ ვუყვარვარ, ალბათ, ამიტომ. 90 წლის ადამიანს და 2 წლის ბავშვს რომ ერთდროულად ეყვარები, მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე გამარჯვებაა. ეტყობა ეს გენეტიკურია, ჩვენს ოჯახში ყველას იუმორის დიდი გრძნობა ჰქონდა _ დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს უფროს ძმას... ახლა ეკივოკს უყურეთ? რაღაც არ მომეწონა ჩემი თავი, ძალიან სერიოზული ვიყავი, მეგობრები მირეკავდნენ, გვეგონა გაგვაცინებდი, გაგვამხიარულებდიო. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბავშვები ისეთ საინტერესო რაღაცებზე ლაპარაკობდნენ, ვერ ვხვდებოდი და დაძაბული ვიყავი.

_ ძალიან ბევრი აკეთებს თქვენს პაროდიას, ეს ხომ არ გაღიზიანებთ?

_ პაროდიებს კი, მთელი თბილისი აკეთებს და ძალიან მომწონს, პატარა ბავშვებიც კი, იმ დღეს ქუჩაში შემხვდა, იქნებოდა ასე ორი წლის ბავშვი, დედასთან ერთად იყო, როგორც კი დამინახა დაიწყო, "ია, ია, ჩემი კაკულია", თან ზუსტად ჩემნაირად, რა ნიჭიერი ხალხი ვართ ეს ქართველები, უკვე აღარ ვიცი ნუუ, სადაც კი მივალ, ჩამწკრივდებიან პაროდისტები, სულ უცხო ბავშვები, მე მგონი იმდენი მაჯავრეს, ცოტა ხანში ყველა ჩემსავით დაიწყებს მგონი ლაპარაკს(იცინის). _ თბილისის ყველა უბანზე გაქვთ სიმღერა, თქვენ არამარტო თბილისი, არამედ მთელი საქართველო გიყვართ. ხომ არ აპირებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეზეც ჩაწეროთ სიმღერები? _ სხვათაშორის მე მაქვს არაჩვეულებრივი სიმღერა გურიაზე, ბესო კალანდაძესთან ჩავწერე დუეტში, მაქვს კახეთზე, იმერეთზე, თუ დამაფინანსებს გურია, დიდი სიამოვნებით გადავიღებ კლიპს გურიაში, ძალიან მიყვარს გურია, ბევრი მეგობარი მყავს გურიაში, იუმორი აქვთ გურულებს ისეთი, რომ არავის არ აქვს ასეთი იუმორი, თითოეული გურულის ერთი წინადადება, არის უკვე იუმორი. ეს ნიჭია, ამასთანავე არიან ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე ხალხი, ვგეგმავ გურიაში კონცერტის ჩატარებას და ბესოსაც თან წავიყვან, თან კლიპიც უნდა გადავიღო. მინდა რომ ისევე როგორც, თბილისის ყველა უბანზე, საქართველოს ყველა კუთხეზე მქონდეს სიმღერები. ამ ბოლო დროს ძალიან აიტაცეს, "ია, ია" და "ვაკა-ვაკა", თურმე საქართველოში საბავშვო ბაღი არაა, "ია ია"-ს რომ არ მღეროდნენ ზეიმებზე, იტალიიდან, საბერძნეთიდან მირეკავდნენ და იქედან მიმღეროდნენ იქ მყოფი ქართველები, ეს ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად. _ თქვენს შვილზე რას გვეტყვით? რატომ არ იცნობს მას საზოგადოება? _ ერთადერთი ვაჟი მყავს, ალექსანდრე, გამეტიჩრებული მყავს ეტყობა, ძალიან ძნელი ყოფილა დედისერთობა, რა კარგი ყოფილა ბევრი შვილი? ეს რომ მცოდნოდა 5 შვილს მაინც გავაჩენდი. არასდროს გამოუთქვამს სურვილი იმის შესახებ, რომ ემღერა. მეც არ დამიძალებია. საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. ახლა ვნანობ, გარეგნობით ძალიან სიმპათიურია და თეატრალურზე უნდა შემეყვანა, მაგრამ უკვე აღარ დამიჯერებს.



არქივი