მარტო კლასში და ფეხით გავლილი კილომეტრები

gurianews.com

21-ს ქვევით

მარტო კლასში და ფეხით გავლილი კილომეტრები

მაისი 23
10:41:43 2013

ჩვენი გაზეთი იმ ბავშვების ცხოვრებით დაინტერესდა, რომლებიც კლასში მარტონი არიან და განვითარებისთვის ზემოთ აღნიშნული საშუალებები არ გააჩნიათ. ამ თემასთან დაკავშირებით სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლას მივაკითხეთ. სკოლაში მხოლოდ 25 მოსწავლე სწავლობს და აქედან _ II, IV, IX და XI კლასებში თითო-თითო ბავშვია. იყო შემთხვევა, როდესაც პირველ კლასში მოსწავლე საერთოდ არ მიუღიათ.

IX კლასის მოსწავლე ლანა კალანდაძე სოფელ თავპანტაში ცხოვრობს და სკოლაში მისასვლელად ყოველდღე ოთხი კილომეტრის გავლა ფეხით უწევს. ჩვენთან საუბრისას ლანამ აღნიშნა, რომ ზამთარში ამ გზის გავლა ძალიან რთულია, რის გამოც, ხშირად სკოლის გაცდენაც უხდება.

ჩვენ ლანას ქართულის მასწავლებელს, ქალბატონ ხათუნა სიხარულიძეს გავესაუბრეთ.

­_ მიუხედავად იმისა, რომ ლანა პირველი კლასიდან მარტოა, საგაკვეთილო პროცესზე ყოველთვის მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანია. ამავე დროს, სკოლაში წამოსვლამდე საოჯახო საქმეებსაც ასწრებს. ძალიან გრძელ გზაზე ყველა წიგნის ტარება თავად უხდება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ის გარემოება, რომ არ არის კონკურენცია, ვერ ვატარებ ჯგუფურ სამუშაოებს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა რაოდენობა ძალიან დაბალია, სკოლა უნდა ფუნქციონირებდეს. ეს ერთ-ერთი ძირითადი გზაა იმისა, რომ ახალგაზრდები სოფელში დარჩნენ, _ გვითხრა ქალბატონმა ხათუნამ.

იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რამაც მოსწავლეების რიცხობრივი სიმცირე გამოიწვია, ქალბატონ იზა შათირიშვილს ვკითხეთ, რომელიც გერმანიიდან მშობლიურ ნაბეღლავში დაბრუნდა და გერმანულ ენას ასწავლის.

_ სოფელში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრობს. მაღალ კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა გაცილებით დაბალია, რადგან იმ პერიოდში, როდესაც ისინი სკოლაში შემოვიდნენ, ხდებოდა მოსახლეობის მასობრივი გადინება, რაც გამოწვეული იყო დასაქმების პრობლემით. ბოლო წლებში მიგრაცია შეჩერებულია, რადგან ამჟამად მოსახლეობის უმრავლესობა მუშაობს კომპანია "წყალი მარგებელში“, _ აღნიშნავს ქალბატონი იზა.

ამის შემდეგ IV კლასის მოსწავლეს, გიორგი თავართქილაძეს ვესტუმრეთ და მათემატიკის გაკვეთილზე დავესწარით. გიორგი, ლანას მსგავსად, კლასში ერთადერთი მოსწავლეა.

_ რთულია გაკვეთილზე მარტო ყოფნა, გვერდით არავინ მიზის. დასვენებაზე სხვა კლასის მოსწავლეებთან ერთად ხან ფეხბურთს ვთამაშობ, ხან - ბადმინტონს. მინდა, რომ მეც მყავდეს კლასელები, _ ამბობს პატარა გიორგი. თუმცა მათემათიკის მასწავლებლის, ქალბატონი ნანა ცინცაძის თქმით, გიორგი სკოლის ერთ-ერთი დასაყრდენი მოსწავლეა.

_ გიორგი ძალიან შრომისმოყვარე და ინტერესიანი ბავშვია. ძალიან უყვარს ასტროლოგია და უნდა, რომ ასტროლოგი გახდეს. კარგად მღერის, მონაწილეობს მხატვრული კითხვისა და სხვა კონკურსებში. ერთი მხრივ, კარგია ის, რომ მიწევს ინდივიდუალური მუშაობა, მაგრამ მე, როგორც მასწავლებელმა, მოსწავლეს მეცნიერების გარდა, ამხანაგებთან ურთიერთობა, სხვათა აზრის გათვალისწინება, მსჯელობა და შეფასება უნდა ვასწავლო. ამ ყველაფრის მიღწევა კი ძალიან რთულია იმ კლასებში, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე სწავლობს. მოტივაცია მაღალი იქნებოდა, უკეთესი გარემო რომ იყოს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სოფელმა ნაბეღლავმა ახლა დაიწყო აღორძინება, მოსახლეობა დასაქმებულია _ "ნაბეღლავის“ მწარმოებელი ქარხანა აქ ცხოვრების ძირითადი საშუალებაა, რადგან ნიადაგი მწირია და არ არის კარგი მოსავალი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ნანამ.

სოფელ ნაბეღლავის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა თანდათან იზრდება. წელს პირველ კლასში ოთხ მოსწავლეს ელოდებიან და იმედი აქვთ, რომ შემდეგ სასწავლო წლებში ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.



არქივი