როდის გრძნობს სისხლის ყივილს ნატა ბერეჟიანი

gurianews.com

21-ს ქვევით

როდის გრძნობს სისხლის ყივილს ნატა ბერეჟიანი

იანვარი 01
04:00:00 1970

დღევანდელი ჩვენი სტუმარი "ლევანიე ხომერიკის დაის _ "ციცინოს, იგივე ნატა ბერეჟიანია. ნატა სერიალში, „გოგონა გარებნიდან" ერთ-ერთი სახასიათო როლის შემსრულებელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მცხოვრებ გურულ გოგონას ასახიერებს.

წარმოშობით გურულს, უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთელ მსახიობს, მისივე თქმით, როლში შესვლა არ გასჭირვებია:

_ მიუხედავად იმისა, რომ გვარი მაქვს სვანური, წარმოშობით გურული ვარ. გურიაში არასდროს მიცხოვრია, მაგრამ ეტყობა სისხლი მაინც ყივის. ოზურგეთში სახლი მაქვს. სამწუხაროდ, იქ ახლობლები და ნათესავებიც არ მყავს. მამაჩემი სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრებისთანავე წავიდა გურიაში და სამი წელი იმუშავა ექიმად. ამ პერიოდის განმავლობაში დედას პერიოდულად ჩავყავდით ხოლმე. მერე ზაფხულობითაც ჩავდიოდით, თუმცა რაც წამოვიზარდეთ აღარ ვყოფილვართ. პრინციპში ბავშვობა გურიაში გავატარე.

_ როგორ გახსენდება გურიაში გატარებული ბავშვობის პერიოდი?

_ ძალიან ცელქი და უთავმოყვარეო ბავშვი ვიყავი. დედაჩემისგან ვიცი, რომ ყველას "ვეტენებოდი". ერთი მეზობელი მყავდა _ თამუნა, რომელიც არ მეთამაშებოდა და საათობით ვიდექი ხოლმე მის ღობესთან და ვტიროდი, რომ გამთამაშებოდა. სამწუხაროდ, ცოტა მოგონება მაქვს ოზურგეთთან დაკავშირებული. სხვათაშორის, ოზურგეთელი მეგობარი და კურსელი მყავს და ინსტიტუტის პერიოდში მასთან ვიყავი ჩასული. სწორედ მაშინ ვნახე ჩემი სახლი ბავშვობის შემდეგ და ძალიან განვიცადე, რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაში, თითქმის დანგრეული დამხვდა.

_ პროფესიით მსახიობი ხართ?

_ კი. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მედეა კუჭუხიძის ჯგუფი. ამჟამად ვარ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ვარ ასევე ათონელის თეატრშიც. რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე მუსკომედიაშიც და თუმანიშვილშიც.

_ სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს, თეატრში თუ გადაღებაზე? _ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ თეატრში მუშაობის დროს. თეატრის გამო მიყვარს ჩემი პროფესია. ვფიქრობ, აქ არის უფრო მეტი შემოქმედებითი წვა. სერიალში თამაში თეატრთან შედარებით ძალიან მარტივია. თეატრში გყავს ცოცხალი მაყურებელი და პატარა შეცდომის უფლებაც არ გაქვს, არავინ არ გაპატიებს. სერიალში არის იმის შესაძლებლობა რომ შეცდომა გამოასწორო და სხვა დუბლი გადაიღო, თან ეს სწრაფად ხდება. თეატრში კი ერთი და ორი თვე მარტო რეპეტიცია მიდის და უფრო შრომატევადია

_ როგორ მოხვდით სერიალში "გოგონა გარეუბნიდან?

_ დამირეკა სერიალის სცენარისტმა ნიკა წულუკიძემ და მითხრა, რომ პატარა ეპიზოდი უნდა მეთამაშა რაიონული გოგოსი _ ჩავწეროთ, ვნახოთ და თუ საინტერესო იქნება ეს პერსონაჟი, შეიძლება განვითარებაც ჰქონდესო. ძალიან პატარა ეპიზოდი იყო, ორწამიანი _ ტელეფონზე ვურეკავდი ლევანია ხომერიკს. მერე მეორედაც დამირეკეს და ასე ნელ-ნელა განვითარდა ჩემი პერსონაჟი და რა ვიცი, მგონი რეიტინგულია და მოსწონს ხალხს. _ თქვენ თუ მოგწონთ თქვენი გმირი?

_ ძალიან. ვფიქრობ ასეთი სახასიათო როლის თამაში, როცა გარდასახვა ხდება, უფრო საინტერესოა. ბევრი შეცდომა მომდის ხოლმე _ ხშირად მერევა იმერული და გურული ინტონაციები, სიტყვები ჰგავს ერთმანეთს, მერე ვურეკავ ჩემს ოზურგეთელ მეგობარს, რომელიც თბილისში ცხოვრობს ახლა და ვეკითხები, "ჩამოვედის“ ამბობენ თუ " ჩამევედის“ და ა.შ. მასთან გავდივარ რეპეტიციას. სერიალი რომ დამთავრდება მერე კიდევ ვურეკავ და ვეკითხები, ვგავდი თუ არა ნამდვილ გურულ გოგოს. თანდათან ვსწავლობ და შედარებით დავხვეწე უკვე გურული საუბარი და მანერები.

_ ჰგავს თუ არა ციცინო და ნატა ერთმანეთს?

_ კი, მეც ციცინოსავით ქოთქოთა ვარ, ხასიათით ვარ საშინლად ფიცხი. ესეც ალბათ გურულობიდან გამომდინარე. ვარ ზედმეტად პირდაპირი, რაც მერე წინ დამხვედრია. მიყვარს ჩემს თავზე ბევრი ლაპარაკი, როგორც კარგის, ასევე ცუდისაც. ხანდახან სამსახურში მეუბნებიან, არ არის საჭირო ყველგან ყველაფერი ილაპარაკოო, მაგრამ მიმაჩნია, რომ პირდაპირობა უკეთესია. ვერაფერს ვერ ვხვდები-მეთქი რომ გითხრათ, მოვიტყუებ, ბავშვობაში უფრო ვიყავი ეგეთი. მერე, ასაკის მატებასთან ერთად, თავისთავად რაღაცა ნიუანსებს იძენ ცხოვრებაში, პატარა "სიეშმაკეებს" სწავლობ.

_ რომელ ჟანრში გრძნობ თავს კარგად?

_ არ ვიცი. რატომღაც ჰგონიათ, რომ სულ კომიკური პერსონაჟი შემიძლია ვითამაშო. მინდა საშუალება მომეცეს, რომ ტრაგედიაშიც მოვსინჯო ჩემი ძალები, იმიტომ კი არა, რომ ვფიქრობ, ძალიან ნიჭიერი ვარ, შინაგანად ვგრძნობ რისი გაქაჩვა შემიძლია. ინსტიტუტის პერიოდში არანორმალურად მინდოდა ჟანა დარკის თამაში. ახლა მინდა ლედი მაკბეტი, ეს ორი არის ჩემი საოცნებო როლი.

_ სერიალ "დეტექტივებშიც“ თამაშობდით ერთი პერიოდი. ახალი სეზონიდანაც გიხილავს მაყურებელი? _ პირველ სეზონში ვითამაშე სამ სერიაში, სამედიცინო ექსპერტს ვასახიერებდი. მერე რატომღაც შეცვალეს ჩემი პერსონაჟი და თუ არ ვცდები, დუტა ითამაშებს ახალი სეზონიდან ჩემ მაგივრად.

_ თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

_ მყავს მეუღლე და 5 წლის შვილი დათუნა, რომელიც დადის ბაღში. ჩემი მეუღლე, 29 წლის აკო დავითულიანი, პროფესიით ექიმია. თუმცა, ამჟამად მისი პროფესიით არ მუშაობს.

_როგორი დედა ხართ?

როგორც მეუბნებიან კარგი დედა ვარ. შეძლებისდაგვარად არ ვაკლებ შვილს სითბოს, ზრუნვას, ყურადღებას. ბევრი ამბობს, რომ რთულია მსახიობობა, ამ დროს ბავშვი დაჩაგრულიაო, მაგრამ ასე არ არის. ყველაფერი შეთავსებადია ამ ცხოვრებაში, თან არც ისეთი დაკავებული ვარ, რომ შვილისთვის დრო არ მრჩებოდეს. ყოველ შემთხვევაში აქამდე მაინც, იმედი მაქვს, რომ ყოველთვის ასე იქნება და ჩემს პროფესიას არ შეეწირება მისი ბავშვობა.

_ პოპულარობა კარგია თუ ცუდი?

_ სასიამოვნოა ძალიან. როგორ შეიძლება ცუდი იყოს, თან როცა დადებითად ხდები პოპულარული ეს ორმაგად სასიამოვნოა. ძალიან მიხარია, როცა ბავშვობიდან ვგრძნობ სითბოს. ახლახან პიონერთა სასახლეში ვიყავით და იმხელა სითბო და სიყვარული ვიგრძენი აბსოლუტურად ყველა ბავშვისგან ვინც იქ იყო, რომ თავი ძალიან ბედნიერად ვიგრძენი. თან ისეთი პოპულარულიც არ ვარ, რომ ამისგან ვწუხდებოდე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

_ კურიოზულ და უხერხულ სიტუაციებში თუ მოხვედრილხართ?

_ კი, ბევრჯერ. მაგრამ გადმოცემა ცოტა რთულია. ეს, უბრალოდ, იმ მომენტშია სასაცილო და სახალისო. არის რაღაცები რაზეც ბევრი გიცინია, მაგრამ მოსაყოლად არაფერი არ არის.

_ ხომ ვერ გვეტყვით როგორ განვითარდება თქვენი გმირი?

_ წინასწარ არ ვიცი, იმიტომ რომ სცენარი პარალელურ რეჟიმში იწერება. არასდროს არ ვიცი წინასწარ რა მოხდება. სცენარს რომ მიგზავნიან, მაშინ ვიგებ, რა და როგორ უნდა გავაკეთო. ეს ნიკაზე და სცენარისტებზეა დამოკიდებული.



არქივი