"არტისტული ყვავილები"

gurianews.com

21-ს ქვევით

"არტისტული ყვავილები"

იანვარი 01
04:00:00 1970
ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლაში სულ რამდენიმე თვეა, რაც ლიტერატურული სალონი _ "არტისტული ყვავილები" _ ჩამოყალიბდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნორჩმა ლიტერატორებმა უკვე უამრავი საინტერესო ღონისძიება გამართეს. ისინი ყოველკვირეულად აწყობენ შეხვედრებს და სამომავლო გეგმებს სახავენ. სალონის მუშაობის ძირითადი მიზანი კი დღეს, კომპიუტერული ტექნოლოგიების ხანაში, წიგნებთან დაშორებული ახალგაზრდების ისევ წიგნებთან დაბრუნებაა. ჩვენი გაზეთი იმ დროს ესტუმრა სამრევლო სკოლას, როცა კომპიუტერულ ლაბორატორიაში სალონის მორიგი შეკრება მიმდინარეობდა. ბავშვების მუშაობისთვის ხელი რომ არ შეგვეშალა, მხოლოდ რამდენიმე მათგანს ვთხოვეთ, სალონის მუშაობასთან დაკავშირებით გაეკეთებინა კომენტარი.

მარიამ სიხარულიძე: ლიტერატურული სალონი ჩვენი თავშეყრის უსაყვარლესი ადგილია. ვწერთ ჩანახატებს, ვაწყობთ დებატებს, ვსწავლობთ აზრის თანმიმდევრულად და ამავე დროს, ლოგიკურად გადმოცემას, ვხვეწთ წერის კულტურას. ვგეგმავთ შეხვედრებს მწერლებთან, პოეტებთან, კრიტიკოსებთან. ვაპირებთ, გამოვუშვათ ყოველთვიური გაზეთი "სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით".

მარიამ ჩხიკვაძე: "მე ძალიან მიყვარს მხატვრული ლიტერატურა და პოეზია, ამიტომ სიამოვნებით გავწევრიანდი სალონში. სალონში მუშაობა დამეხმარება უფრო მეტად ჩავუღრმავდე მშობლიურ ლიტერატურას, უკეთ გავეცნო მსოფლიო კლასიკოსთა შემოქმედებას. შეკრებას კომპიუტერულ ლაბორატორიაში ვაწყობთ, სადაც ვუყურებთ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტურ ფილმებს, ვუსმენთ მათ მიერ წაკითხულ ლექსებსა და მოთხრობებს. ამჟამად ჩვენი შეკრების თემა გალაკტიონია და როგორც ხედავთ, გალაკტიონს ვუსმენთ.

ნინო ბოლქვაძე: მიხარია ხუთშაბათის მოსვლა, რადგან ვიცი, რომ ამ დღეს აუცილებლად შეიკრიბება სალონი. ძალიან მიყვარს ჩანახატების წერა. აქ კი სრული თავისუფლება გვაქვს, რომ ჩვენი ნაფიქრალ-ნააზრევი ქაღალდზე გადმოვიტანოთ. საოცრად ლაღად ვგრძნობ თავს სალონში. "არტისტული ყვავილები" მრავალ საინტერესო ღონისძიებას გპირდებათ.

ანა ჯიბუტი: ძალიან გამიხარდა, როცა ლიტერატურული სალონის გახსნის შესახებ გავიგე. დაუფიქრებლად გავხდი ამ სალონის წევრი. ყოველი ჩვენი შეხვედრა სიახლითაა სავსე. ეს საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეებისთვის, დისკუსიებისა და დებატების საშუალებით ჩამოუყალიბდეთ დახვეწილი მეტყველება.

გიორგი თავაძე: ლიტერატურული სალონი გვეხმარება, ჩვენი ცხოვრების წესი განვსაზღვროთ "პოეზიით უპირველეს ყოვლისა".

ვერიკო ჟღენტი: ეს სალონი უზრუნველყოფს ბავშვის წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარებას. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვს სალიტერატურო ნორმის დაცვით წერა უჭირს, ლიტერატურულ სალონში მუშაობა კი ნამდვილად დაგვეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში და უამრავ საინტერესო, შინაარსიან დღეს გვაჩუქებს.

თამარ პაიჭაძე: ლიტერატურის სიყვარულმა მიმიყვანა "არტისტულ ყვავილებში". ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად თავისუფლად ვგრძნობ თავს. მჯერა, ეს სალონი შეასრულებს თავის უმთავრეს მოვალეობას და ჩვენ, ბავშვები, ისევ დავუბრუნდებით წიგნებს.

სანდრო ქავთარაძე: ლიტერატურული სალონი მეხმარება, დავიჯერო, სადღაც არის "იისფერი თოვლი".

როგორც სალონის ხელმძღვანელებმა გვითხრეს, "არტისტული ყვავილები" მრავალ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს:

_ ლიტერატურული სალონი "არტისტული ყვავილები" რამდენიმე დღის წინ სოფელ ჭყვიშში გალაკტიონის სახლ-მუზეუმს სტუმრობდა. სალონის ჯგუფებად დაყოფილმა წევრებმა იქვე გამართეს კონკურსი _ "ვინ უკეთ იცნობს გალაკტიონს", შემდეგ კი მოაწყვეს გალაკტიონის პოეზიის საღამო. 19 აპრილს სალონი ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში იმყოფებოდა, სადაც ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმულ სპექტაკლ "დიდროს" დაესწრნენ. სპექტაკლის დასრულების შემდეგ კი შეხვდნენ მსახიობებსა და სპექტაკლის რეჟისორს, თორნიკე მარჯანიშვილს. 29 აპრილს ლიტერატურული სალონი დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმს მოინახულებს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურთან. „არტისტული ყვავილები" და ცენტრალური ბიბლიოთეკა გეგმავს შეხვედრას ახალგაზრდა პოეტებთან. კულტურის განყოფილებასთან ერთად ვაწყობთ გრიგოლ მეგრელიშვილის ("მთის ნიავი") ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს. საღამოს დედაქალაქიდან უამრავი საპატიო სტუმარი _ პოეტი და ლიტერატორი _ ეყოლება. ჩვენი სალონი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე გურიის ახალგაზრდულ დღეებში, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ლიტერატურული სალონის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაყვალა ჩლაიძემ.



არქივი