"ყველას რაიმე აქვს სახსოვარი"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ყველას რაიმე აქვს სახსოვარი"

მაისი 14
22:11:33 2011
რედაქციაში სოფელ შუაგანახლებაში მცხოვრები 79 წლის გივი სიხარულიძე გვეწვია, რომელმაც კეთილი ღიმილით მოგვიკითხა და გვითხრა: ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, მე კი ჩემი ალბომიდან ერთ-ერთი, აი, ეს ფოტო წამოგიღეთ, მასზე 1948 წლის, ჩოხატაურის მოცეკვავეთა ანსამბლია ასახული. მინდა ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ხელოვნებას უდიდესი ძალა აქვს, შეიძლება ითქვას, მე სიმღერისა და ცეკვის დიდმა სიყვარულმა გადამარჩინა და მრავალი დაბრკოლების გადალახვაში დამეხმარა.

_ ბატონო გივი, როგორ მოხვედით ამ ანსამბლში?

_ მე რეპრესირებული ოჯახიდან ვარ. მამაჩემი 1939 წელს გაურკვეველი მიზეზის გამო, რაც იმ პერიოდისთვის ჩვეულებრივი იყო, ციმბირში გადაასახლეს. ოჯახს ეკონომიურად ძალიან გაგვიჭირდა. რის გამოც ხელოსანს მიმაბარეს და ფეხსაცმლის კერვა შევისწავლე. ეს ხელობა ძალიან კარგად ავითვისე, მალე სახელიც გავითქვი და ჩემი შეკერილი ფეხსაცმელებით პოპულარული გავხდი. ფეხსაცმლის შეკერვის მსურველები დღითიდღე იზრდებოდა. ოჯახში ეკონომიურად წელში გავიმართეთ. ჩემი ხელოვნებით დაინტერესება კი შემდეგნაირად მოხდა. სახელოსნო ჯიხური, სადაც ფეხსაცმელს ვკერავდი, კულტურის სახლის გვერდით იყო. სადაც რაიონის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის რეპეტიციები მიმდინარეობდა. შენობიდან სიმღერისა და მუსიკის ხმა გამოდიოდა, მე კი მელოდიას ხშირად ავყვებოდი ხოლმე. სიხალისე მემატებოდა, რაც მუშაობის განწყობაზეც დადებითად მოქმედებდა. ერთ დღესაც ვეღარ მოვითმინე და კულტურის სახლში შევედი, ვცდილობდი არავის შევემჩნიე. პარტერში ჩუმად დავჯექი და სიმღერის გუნდის მეცადინეობას დიდი გულისყურით ვუსმენდი. ანსამბლს ხელმძღვანელობდა შესანიშნავი ლოტბარი და მომღერალი ვლადიმერ ბერძენიშვილი. მან შემამჩნია, მაგრამ მეცადინეობა არ შეუწყვეტია. რეპეტიციის დამთავრებამდე არაფერი უთქვამს, მერე კი მომიახლოვდა და კეთილი ღიმილით გამეცნო, თან მითხრა: როგორც ვხედავ, სიმღერა ძალიან გიყვარს, ისეთი ყურადღებით გვისმენდი. _ დიახ, ძალიან მიყვარს-მეთქი, _ ვუპასუხე. სიტყვა არ დამამთავრებინა, რომ მასთან ერთად სიმღერა შემომთავაზა. მეც გავთამამდი და ავყევი. ჯერ გაუბედავად მერე კი ხმა გავშალე, ასე ლაღად არასდროს მიგრძნია თავი. _ ოჰო, შენ არ ხუმრობ. ერთი სიტყვით, მე ახლა მეჩქარება, თუ ჩვენს ანსამბლში გინდა შემოსვლა, მოიფიქრე და გადაწყვეტილებას თუ მიიღებ, ზეგ მოდი. _ ეს თქვა და სცენიდან სასწრაფოდ გავიდა. სახტად დავრჩი. ნუთუ, ეს მართლა ჩემს თავს ხდება-მეთქი, ვფიქრობდი. მესამე დღეს მართლაც გამოვცხადდი ვლადიმერ ბერძენიშვილთან, რომელმაც ანსამბლში მიმიღო. ჩემთვის ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო.

_ ალბათ, კონცერტებშიც ღებულობდით მონაწილეობას ანსამბლთან ერთად.

_ რა თქმა უნდა, მრავალ კონცერტში მაქვს მონაწილეობა მიღებული. წლების განმავლობაში ვეუფლებოდი ხალხური სიმღერის შესწავლას. ანსამბლი დღითიდღე მრავლდებოდა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხე შემოვიარეთ, სადაც ყოველთვის დიდი ოვაციებით გვხვდებოდნენ. ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით, მე შეუჩერებლად ვცეკვავდი და ვმღეროდი. ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელმა გიორგი ქუთათელაძემ მთხოვა, მასთან გადავსულიყავი. მართლაც, მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ცეკვის ნიჭით გამოვირჩეოდით, ქორეოგრაფიულ ანსამბლში გადავედით. ამ დროისთვის ჩოხატაურის რაიონის ხელმძღვანელი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება შოთა ჭანუყვაძე, კულტურის სახლის დირექტორი გახლდათ თორნიკე (დუქა) კალანდაძე. რაიონის ხელმძღვანელობა ყურადღებასა და მზრუნველობას არ აკლებდა ჩოხატაურის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს, რომელიც 80 კაცისგან შედგებოდა. გვეხმარებოდნენ ფორმების შეძენაში და ხელს გვიწყობენ საქალაქო ფესტივალებში სისტემატურად მიგვეღო მონაწილეობა. 1951 წელს თბილისში თვითმოქმედი კოლექტივების მე-7 ოლიმპიადაზე დამაჯილდოვეს საპარტიო სიგელით. შემდეგ ვეწვიეთ რუსთავის მშენებლებს, რომლებმაც ჩვენი კონცერტით ძალიან გაიხარეს. ზაფხულობით ბახმაროში ასვლას არაფერი სჯობდა. იმდენად მრავალრიცხოვანი იყო მაყურებელი, რომ მათთვის კონცერტებს ხშირად ღია ცის ქვეშ ვატარებდით.

_ როგორც ვხედავთ, ხელოვნება თქვენს ცხოვრებაში მეტად მნიშვნელოვანი იყო.

_ დიახ, სწორედ ეს მინდოდა მეთქვა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრები: შვილები, შვილიშვილები _ ყველანი მღერიან, ძალიან უყვართ პოეზია და მხატვრული კითხვის კონკურსებშიც იმარჯვებენ. მე მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან მიყვარს, ხელოვნების ყველა სფერო აფაქიზებს და სულიერად ამაღლებს ადამიანს, ამიტომ სათანადო ყურადღება დაუთმეთ შემოქმედებას, ჩოხატაურში ხომ უნიჭიერესი ხალხი ცხოვრობს. მრავალ ლამაზ დღეებს გისურვებთ, ჩემო უმცროსო მეგობრებო.



არქივი