რა მიზანი აქვს პირველ საჯარო სკოლას

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

რა მიზანი აქვს პირველ საჯარო სკოლას

იანვარი 01
04:00:00 1970
სადაც არის 9 გახდება და გაკვეთილის მაუწყებელი ზარი დარეკავს...

ერთი, ორი, სამი... _ ითვლის გაკვეთილის დაწყების მოლოდინში, ეზოში მდგარი პირველკლასელი გოგონა...

_ მე ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ვარ, _ მეუბნება სიამაყით სავსე მზერით.

ზარი დაირეკა... ბავშვები სკოლის კარებს მიაწყდნენ. არავის უნდა გაკვეთილზე დაგვიანება.

სკოლის დირექტორის კაბინეტისკენ გავეშურე. მანანა ჯინჭარაძე 2007 წლიდან პირველ საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს და საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო დირექტორადაა აღიარებული.

_ პიროვნების ჩამოყალიბება რთული და ხანგრძლივი პროცესია, იგი ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს. სკოლა კი ის ადგილია, სადაც პროცესი შეიძლება თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად წარიმართოს. სკოლის კედლებში ბავშვმა უნდა მიიღოს არა მარტო სათანადო ინფორმაცია და შეიძინოს ცოდნა, არამედ მან უნდა შეითვისოს ის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებიც, რომელიც ამ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასაც ასწავლის. ჩვენი სკოლის მიზანია აღვზარდოთ სწორი მოქალაქეობრივი ცნობიერების, პასუხისმგებლიანი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ტოლერანტი, შრომისმოყვარე, მატერიალური, სულიერი და ინტელექტუალური ღირებულებებისა და ეროვნული მემკვიდრეობების დამფასებელი, მაღალი ღირსებისა და იდეალების მქონე თაობები. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის, მოთხოვნილებების ზრდის შესაბამისი განვითარებისკენ. გაგვაჩნია საკუთარი პროფესიისადმი უდიდესი პატივისცემა, ერთგულება, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა და გვჯერა, დასახული მიზნის განხორციელების, _ გვიხსნის ქალბატონი მანანა.

საისტორიო წყაროების თანახმად, 1882 წელს, გურიის თავადაზნაურთა წინამძღვრის კოწია ერისთავის ეზოში, მის ძმას პეტრე (პეტი) დავითის ძე ერისთავს დაუწყია სკოლის მშენებლობა, რომლის გახსნა ზეიმად ქცეულა. იმ დროიდან 30 წლის განმავლობაში ორკლასიან სასწავლებელში უფასოდ სწავლება გრძელდებოდა. მოგვიანებით, პეტი ერისთავს ახალი სკოლის შენობა აუგია. სამი ვრცელი დარბაზითა და ორი მომცრო ოთახით. გასული საუკუნის 30-იან წლებში ორკლასიანი სწავლება 7-წლიანზე გადასულა, ხოლო 1933 წლიდან ათწლედი გახსნილა. 1934 წელს სკოლას აკადემიკოს ნიკო მარის სახელობის ჩოხატაურის სანიმუშო-საცდელი საშუალო სკოლა ეწოდა. 1937-38 წლებში შენობა დაუშლიათ და სასოფლო სკოლებისთვის გადაუციათ. გადმოცემითა და ვარაუდით, 1938 წელს ახალი, ძირითადი კორპუსის მშენებლობა დაუწყიათ. 70-იან წლებში კი კონტიგენტის ზრდამ კიდევ ერთი ახალი კორპუსის მშენებლობის საკითხი დააყენა დღის წესრიგში. მას შემდეგ სკოლის ერთიან სასწავლო კორპუსს რემონტი არ ჩატარებია.

2006 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების სარეაბილიტაციო პროგრამით "იაკობ გოგებაშვილი" პირველი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ფაქტიურად, შენობა თავიდან აშენდა. კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, გარემონტდა სკოლის ინტერიერი, დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემა, შეტანილი იქნა ახალი სასწავლო მერხები, სკამები, დაფები, სასწავლო ინვენტარი, განახლებულ იქნა სპორტული ინვენტარი, სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო ახალი წიგნადი ფონდით, ტექნიკურად აღიჭურვა ქიმიისა და ფიზიკის სასკოლო ლაბორატორიები და ა.შ. პროექტ "ილია ჭავჭავაძისა" და სხვა პროგრამის ფარგლებში გადამზადდა მასწავლებელთა 90%. სხვადასხვა პროექტების საშუალებით სკოლას აქვს თანამედროვე ტექნიკა, მუსიკალური ცენტრი, ვიდეომიმღები, DVD, ფოტოაპარატი და სკოლისთვის საჭირო სხვა აპარატურა.

პირველ საჯარო სკოლაში 537 მოსწავლე და 52 მასწავლებელია.

_ ყველაზე ხანდაზმული პედაგოგი სულიკო კალანდაძეა. თუმცა, შეიძლება ითქვას, იგი ყველაზე ენერგიული და ახალგაზრდული სულისკვეთებისაა. საფუძვლიანად შეისწავლა კომპიუტერი, თანამედროვეობას შესანიშნავად აუწყო ფეხი. იგი სკოლის მუხტია, სამაგალითოა როგორც პიროვნულად, ასევე მისი პედაგოგიური პროფესიონალიზმითა და მეთოდებით, _ აღნიშნა ჯინჭარაძემ.

ამ სკოლას 3 სერტიფიცირებული პედაგოგიც ჰყავს: რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები _ ქეთევან კუბლაშვილი და მარინე ყაჭეიშვილი და მათემატიკის მასწავლებელი _ რომან ცაგარეიშვილი.

მანანა ჯინჭარაძის ინფორმაციით პროფესიულ უნარებში 15 მასწავლებელს გავლილი აქვს სერტიფიცირება და წელს თითქმის ყველა პედაგოგი გაივლის სერტიფიცირებას.

პირველ საჯარო სკოლას წელს 77 მოსწავლე დატოვებს. ეს ის თაობაა, რომლებსაც ჩოხატაურის წინაშე წარდგენა არ სჭირდება, რადგან ისინი რაიონში ჩატარებული თითქმის ყველა ღონისძიების აქტიური მონაწილეები არიან. ეს ის მეთორმეტე კლასია, რომლებთან ერთად ახალგაზრდულმა გაზეთმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის პროექტი განახორციელა და საკმაოდ წარმატებულად.

უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ის კლასია, რომელთა მიერ აჟღერებული გიტარა და სიმღერები ძალიან უყვართ ჩოხატაურში. თუმცა, ახლა მათ სასიმღეროდ არ სცალიათ... წინ საგამოცდო ციებ-ცხელება ელით.

ამბობენ, რომ შეკითხვები რთული არ არის.

_ როგორც ამბობენ, კითხვები კიდევ უფრო დაიხვეწება და სრულყოფილ სახეს მიიღებს, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას.

_ სხვა სირთულეები ხომ არ არის გამოცდებთან დაკავშირებით?

_ 8 საგანს ვაბარებთ. თავიდანვე ყველა საგანზე არ ვიყავით ინფორმირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ საატესტაციო გამოცდებს და შემდეგ ეროვნულ გამოცდებსაც წარმატებით ჩავაბარებთ.

_ მეთორმეტე კლასელებს ვუსურვებთ წარმატებებს სწავლაში. აღზრდილიყვნენ ჩვენი ქვეყნის სასახელო ახალგაზრდები და დიდი სიყვარულით, საუკეთესო სურვილებით ეზრუნოთ მშობლიური სკოლის და ჩოხატაურის კეთილდღეობისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სულიკო კალანდაძემ.

პირველ საჯარო სკოლას ოქროსა და ვერხცლის მედლის კანდიდატებიც ჰყავს. რამდენიმე შემოქმედებითი ჯგუფია შექმნილი, ისინი სისტემატურად იღებენ მონაწილეობას როგორც სასკოლო, ასევე ადგილობრივ და რეგიონალურ ღონისძიებებში. ფუნქციონირებს დებატ-კლუბი, სადაც ნიჭიერი ბავშვები არიან გაერთიანებული. სწორედ ამიტომ, დღე პირველ საჯარო სკოლაში არასოდეს არის ერთნაირი. როგორც ის გამარჯვებები, რომლებსაც ამ სკოლის მოსწავლეები მოიპოვებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ხელნაწერთა ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ კალიგრაფთა კონკურსში გაიმარჯვა მე-5 კლასის მოსწავლემ თამარ ბერძენიშვილმა.

_ ძალიან რთული დავალებები იყო. დაახლოებით 100-მდე ბავშვი მონაწილეობდა. ძლიერი მეტოქეები მყავდა. ყველა ძალიან ლამაზად წერდა, მაგრამ შევძელი კონკურსის სამივე ეტაპი გადამელახა. უკვე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი წევრი ვარ, _ გვითხრა თამარმა.

სამოქალაქო განათლების კონკურსში გამარჯვებული ლევან კუტუბიძე ახლა საატესტატო გამოცდებისთვის ემზადება და იურიდიულზე ჩაბარებას აპირებს;

_ FLEX-ის პროექტის ფარგლებში ჩატარდა "სამოქალაქო კვირეული" სადაც 40 ბავშვი მონაწილეობდა. ამ პროექტის ფარგლებში ვიყავით პარლამენტში, შეხვედრები გვქონდა ალექსანდრე რონდელთან და უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორთან. ძალიან საინტერესო კონკურსი იყო, _ აღნიშნა ლევანმა.

მშვიდობის კორპუსის მიერ ჩატარებულ "Writting Olimpic"-ში XI კლასის მოსწავლე კესო ბარამიძემ გურიის მასშტაბით დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო რესპუბლიკაში მესამე. XII კლასებში პირველი ადგილი დაიკავა თორნიკე კუჭავამ, მეორე მარიამ კალანდაძემ, რესპუბლიკაში _ III.

აღსანიშნავია, რომ 20 მაისს, მშვიდობის კორპუსის მოხალისესთან _ სამანტა ოლივერთან ერთად, გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე მიწვეულნი არიან კესო ბარამიძე და თორნიკე კუჭავა, ისინი ამერიკის საელჩოში ამერიკის ელჩს შეხვდებიან.

ერთი სიტყვით, ეს სკოლა წარმატებებით არის განებივრებული. როგორც პედაგოგები ამბობენ, ამ ყველაფრის უკან დიდი შრომა დევს, რომელიც უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ღირს, რადგან საქმე მომავალ თაობას ეხება.

პირველ საჯარო სკოლაში წარმატებით ხორციელდება "ფლექსის" პროგრამა. ამ პროგრამით ამერიკაში პირველად მარიტა კუჭავა წავიდა. შემდეგ იყო მარიამ კალანდაძე და თორნიკე კუჭავა. ამჟამად ამერიკაში იმყოფებიან ნინო და თამუნა ჯიბუტები. ახლა კი ემზადება თინათინ ბერაძე, რომელსაც ერთი ეტაპი დარჩა გადასალახავი. იმედია, ისიც წარმატებით გააგრძელებს სწავლას ამერიკაში.

_ სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ინკლუზიურ განათლებას, რომლის კოორდინატორია ქეთევან გიორგაძე. სკოლაში 34 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვია, აქედან 13 სწავლობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმით, _ ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლას პრობლემებიც აქვს _ ყველაზე მთავარი კი დარბაზია... რომლის უქონლობა განაპირობებს იმას, რომ ღონისძიებები, რომლის სიმრავლითაც ეს სკოლა ნამდვილად გამოირჩევა, დერეფანში ტარდება.

_ არსებობდა ძველი შენობა, რომელიც ცალკე იდგა და ავარიული იყო. ამიტომ, სკოლის რეაბილიტაციის დროს დაინგრა. იმედი გვაქვს ადგილობრივი ხელისუფლება სათანადო დახმარებას გაგვიწევს და დარბაზი აშენდება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

ზარი ისევ დაირეკა. სასწავლო პროცესი დასრულდა.

_ ფრთხილად, რამე არ იტკინოთ. გზაზე სანამ გადახვალთ, ირგვლივ მიმოიხედეთ, _ არიგებენ პედაგოგები სახლში წასასვლელად გამზადებულ მოსწავლეებს... უფრო სწორედ გასაქცევად _ ეს ხომ ბავშვური სიცელქეა, რომელიც ყველა სკოლაში ერთნაირია!



არქივი