როდის დაირეკება ბოლო ზარი

gurianews.com

21-ს ქვევით

როდის დაირეკება ბოლო ზარი

იანვარი 01
04:00:00 1970
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასული კვირის სამშაბათს მეთორმეტე კლასელებს სკოლის დირექტორებმა აცნობეს, რომ "ბოლო ზარის" ღონისძიება საატესტატო გამოცდების დასრულებამდე აღარ ჩატარდებოდა. ამ ინფორმაციამ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გააღიზიანა.

"ბოლო ზარის" გადადებას ოზურგეთში რამდენიმე წუთიანი საპროტესტო ნოტაც მოჰყვა. მეთორმეტე კლასელების თქმით, ბოლო ზარის გადადების შესახებ ინფორმაცია ბოლო წუთს შეატყობინეს. მოსწავლეთა მსგავსად წყენა არ დაუმალავთ მშობლებს.

_ მესმის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს რეფორმები, მაგრამ ეს სანამდე უნდა გაგრძელდეს? კონცერტამდე ოთხი დღით ადრე გავიგეთ, რომ ღონისძიება აღარ ჩატარდებოდა, ახლაც ხომ არ მეტყვიან, რომ ესეც ორი წლის წინ გითხარითო. პროცენტიანი ვალი ავიღე შვილისთვის ტანისამოსი რომ მეყიდა, თუ ასეთი ჩანაფიქრი ჰქონდათ, ადრე ვერ გვითხრეს?! გვიან ავიღებდით პროცენტიან ვალს. არ არის ლამაზი და მოსაწონი ასე რომ თამაშობენ ხალხის ნერვებზე, ყველას გვიჭირს და ამ ყველაფერს ახალ-ახალი ინიციატივები და გამოგონებები ემატება, საინტერესოა, ასე დაუგეგმავად რატომ ხდება ეს ყველაფერი, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას მშობლებმა.

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ სიახლეს დადებითი განწყობით შეხვდნენ და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ღონისძიებები და დროსტარება გამოცდების შემდეგ უფრო კარგი იქნება, რადგან ბავშვების ყურადღება ახლა რვა გამოცდაზე უნდა იყოს გადასული და არა კონცერტების ტარებაზე.

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ლელა იმედაშვილი ამბობს, რომ ბოლო ზარის ჩატარება არავისთვის აუკრძალავთ.

_ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წელს პირველად აქვს ახალი მნიშვნელოვანი გამოწვევა _ საატესტატო გამოცდები სკოლებში, რაც ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ითხოვს მაქსიმალურ ორგანიზებას და მაღალ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, ეს გამოწვევა უმნიშვნელოვანესია წლევანდელი მეთორმეტე კლასელებისთვისაც. 18, 19, 20, 21 მაისს ჩატარდება საატესტატო გამოცდის გენერალური რეპეტიცია ყველა საჯარო სკოლაში. თავად გამოცდები კი 23 მაისს იწყება. ამას წინ უძღვის სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები. ამიტომ, ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ სკოლებს, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ მეთორმეტე კლასელებთან სამუშაოდ და ყველა სხვა ტიპის ღონისძიებები გადატანილი იქნას გამოცდების შემდეგ. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და რჩევა. რეპეტიციებს, ღონისძიებებისთვის საჭირო სხვა საორგანიზაციო საკითხებს მიაქვს საგაკვეთილო დრო და ხელს უშლის სასწავლო პროცესის შეუფერხებლად ჩატარებას. ვფიქრობ, ეს გონივრული რჩევაა.

_ ქალბატონო ლელა, როგორც მოსწავლეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ და მათ მშობლების უმრავლესობაც ეთანხმებიან, შესაძლებელი იყო ამ „გონივრული რჩევის" უფრო ადრე თქმა და არა ბოლო ზარის დარეკვამდე რამდენიმე დღით ადრე...

_ ზოგადად, ბოლო ზარის მსგავსი ღონისძიებების ჩატარება-არჩატარება და დროში განსაზღვრა რესურსცენტრის პრეროგატივა არ არის. ყველა სკოლამ, ბავშვმა და მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს როდის და როგორ გააკეთოს ეს. მაგრამ, როცა ეს პროცესი რეალურად სასწავლო პროცესის ჩაშლის ხარჯზე ხდება საპასუხისმგებლო გამოცდების წინ, ნამდვილად წარმოუდგენელია ამას ხელი შეუწყო.

_ ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება უშუალოდ მინისტრმა შაშკინმა მიიღო და რესურსცენტრის ხელმძღვანელებს გაახმოვანებინაო...

_ არანაირად. მინისტრისგან არის მკაცრი მოთხოვნა და აბსოლუტურად სამართლიანი _ საგამოცდო მოსამზადებელი სამუშაოები და თავად გამოცდები არის უდიდესი გამოწვევა და უნდა ჩატარდეს ორგანიზებულად. საგანმანათლებლო დაწესებულებები მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე ვართ გადასული.

_ გინდათ თქვათ, რომ პირადად თქვენ მიიღეთ ბოლო ზარის გადადების გადაწყვეტილება?

_ მე არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. გადაწყვეტილებებს ღებულობენ სკოლები. ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას.

_ ყველა სკოლამ ერთდროულად, ბოლო ზარის დაწყებამდე 3 დღით ადრე მიიღო გადადების გადაწყვეტილება? ეს ცოტა უცნაურია...

_ ასე ნამდვილად არ არის. ზოგიერთ სკოლას საერთოდ არ აქვს დაგეგმილი ღონისძიება და უბრალოდ, ექსკურსიებზე გადიან, _ გვითხრა იმედაშვილმა.

როგორც გვითხრეს, სკოლებში ბოლო ზარი საატესტატო გამოცდების დასრულების შემდეგ ჩამოკრავს. თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ღონისძიებები, რომლებიც უკვე ტრადიციად იყო ქცეული, აღარ გაიმართება, რადგან საატესტატო გამოცდების დასრულების შემდეგ ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება იწყება.



არქივი