"მანამ ვერ ვისვენებ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"მანამ ვერ ვისვენებ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ"

ივლის 05
23:35:58 2011
თორნიკე მამალაძე ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის XII კლასის მოსწავლეა. _ მშვიდი, მოკრძალებული, თავმდაბალი, თავაზიანი, შრომისმოყვარე, მიზანდასახული, სხვისი ღირსების პატივისმცემელი, ენაზე, მამულსა და სარწმუნოებაზე უზომოდ შეყვარებული, ერთგული და საიმედო მეგობარი _ ასე ახასიათებენ მას სამრევლო სკოლაში. ცოტა ხნის წინ თორნიკე ეტალონის ნახევარფინალის ფინალისტი გახდა. იგი დღეს ჩვენი გაზეთის სტუმარია:

_ როდის გადაწყვიტე, მონაწილეობა მიგეღო "ეტალონში"?

_ "ეტალონში" მონაწილეობის მიღება ჩემთვის, როგორც მოსწავლისთვის, დიდი პატივია. პროექტში მონაწილეობა მინდოდა მისი დაარსების დღიდან. მეშვიდე კლასში ვიყავი, როცა "ეტალონი" პირველად გამოჩნდა ეკრანზე. სწორედ, აქედან დავიწყე ფიქრი "ეტალონზე".

_ როგორ და როდის მოხვდი პირველად ეტალონში?

_ როცა მერვე კლასში გადავედი, დავიწყე "ცოდნის კუპონების" შევსება. მაშინ ხევის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. ერთხელაც გამიმართლა და ჩეწერაზე მოვხვდი. პირველ ჯერზე ჩემი ცდა უშედეგოდ დასრულდა. თამაშს პირველსავე ტურში გამოვეთიშე. მე იმ თამაშის ყველაზე პატარა მონაწილე ვიყავი.

_ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში ამ დამარცხებამ?

_ მართალია, დავმარცხდი, მაგრამ უდიდესი გამოცდილება მივიღე და მიზნად დავისახე, კიდევ მოვმხდარიყავი იმ სტუდიაში, როგორც მოთამაშე. შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად გადმოვედი სამრევლო სკოლაში. ერთი წელი უარი ვთქვი, ისევ მეცადა ბედი ეტალონში. დავიწყე აქტიური მეცადინეობა და მომზადება "ეტალონისთვის". როცა მეთერთმეტე კლასში გადავედი, ჩავთვალე, რომ უკვე მზად ვიყავი და ისევ დავიწყე "ცოდნის კუპონების" შევსება. პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა _ პროექტიდან დამირეკეს და ჩაწერის დრო შემატყობინეს. პირველი ტური ჩემთვის წარმატებულად დაიწყო. ათი შეკითხვიდან ათი სწორი პასუხი მქონდა. 50 ქულით მეორე ტურში პირველ ნომრად გავინაღდე ადგილი. ეს იყო ყველაზე კარგი შედეგი "ეტალონის" ისტორიაში. ამ ქულებით "ეტალონის" რეკორდი მოვხსენი. მეორე ტურში ცოტა ვინერვიულე, ორ შეკითხვაზე თავი შევიკავე, რამაც ჩემს კონკურენტებს საშუალება მისცა, წამომწეოდნენ. რატომღაც, ძალიან დავიძაბე, ეს შედეგზეც აისახა _ თანაბარ ქულაში წამით წავაგე.

_ ნახევარფინალში როგორღა მოხვდი?

_ როგორც გითხარით, რიგითი თამაშის პირველ ტურში ათიდან ათი სწორი პასუხით "ეტალონის" რეკორდსმენი გავხდი. როცა თამაშს გამოვეთიშე, კვლავ განვაგრძე მონაწილეობა პასიურ მოთამაშედ. ფინალის ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, იმ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და შემპირდნენ, რომ ნახევარფინალში სათამაშოდ მიმიწვევდნენ. ასეც მოხდა _ ისევ ტელეფონით დამიკავშირდნენ და ნახევარფინალის ჩაწერის თარიღი შემატყობინეს. კიდევ უფრო დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით დავიწყე მზადება თამაშისთვის. ნახევარფინალიდან სუპერფინალში უნდა გადასულიყო ორი მოთამაშე, ნახევარფინალის ფინალისტი და მეორე ადგილოსანი. თამაში თავიდანვე კარგად დავიწყე. პირველ ტურში ლიდერთა შორის მოვხვდი. მეორე ნომრად გადავედი მეორე ტურში. ამ ტურშიც შესანიშნავად ვითამაშე და ფინალში გავედი. ეს უკვე იყო კარგი შედეგი. ვაცნობიერებდი, რომ სულ ერთი ნაბიჯი მაშორებდა წლის სუპერფინალს. ნახევარფინალის ფინალი ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო. საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა. შევძელი მაქსიმალური კონცენტრაციის გაკეთება და კარგად ვითამაშე. ასე რომ, ნახევარფინალის ფინალისტი გავხდი. ვფიქრობ, ღირსეულად მოვიპოვე საგზური სუპერფინალში.

_ თორნიკე, როგორც ვიცი, შენ "ყველაზე ჭკვიანშიც" სცადე ბედი...

_ მაშინ მეექვსე კლასში ვიყავი. "ყველაზე ჭკვიანში" შედგა ჩემი სატელევიზიო დებიუტი ინტელექტუალურ თამაშებში. სამწუხაროდ, მაშინ დავმარცხდი. სწორედ, ამ დამარცხების შემდეგ დავისახე მიზნად, რომ სატელევიზიო ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობას მივიღებდი მანამ, სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებდი.

_ როგორც ჩანს, ძალიან მიზანდასახული ადამიანი ხარ, თან ინტელექტუალური თამაშებიც გიყვარს...

_ დიახ, როცა რაიმეს მიღწევა მინდა, მანამ ვერ ვისვენებ, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ. რაც შეეხება ინტელექტუალურ თამაშებს, ძალიან მიყვარს. ყოველთვის ინტერესით ვადევნებ თვალყურს სატელევიზიო თამაშებს. ვარ ჩვენი სკოლის ინტელექტკლუბის, "ცარიელი თავების" წევრი. "ცარიელი თავები" გურიის ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონის მესამე ადგილოსანი გახდა. სამწუხაროდ, გამარჯვებულ გუნდებთან ერთად ვარძიაში ექსკურსიაზე ვერ წავედით, რადგან იმ დროს ზემო სვანეთის მოსალოცად ვიმყოფებოდით. სამომავლოდ ჩვენი კლუბი, დათო მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ისევ აპირებს გურიის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას და შედეგსაც აუცილებლად გავაუმჯობესებთ.

_ შენ წელს სკოლის საუკეთესო მოსწავლედ დასახელდი და ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია გადმოგეცა. რას ნიშნავს შენთვის, იყო ამ ტიტულის მფლობელი?

_ მინდა, გითხრათ, რომ ჩემთვის უპირველესი პატივი თავად ღვთისმშობლის სახელობის სკოლის მოსწავლეობაა. რაც შეეხება პრემიას და ნდობას, რომელიც ჩემმა სკოლამ გამომიცხადა _ ეს კიდევ უფრო მეტად მავალდებულებს და გაცილებით დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო ეს ნდობა და ღირსეულად ვატარო სახელი, რომელსაც ჩვენი უსაყვარლესი პოეტის, ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატობა ჰქვია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი სკოლის მოძღვრებს, რომლებისგანაც ყოველდღე ლოცვა_კურთხევას ვიღებ, ჩემს მეგობრებს, რომელთა თანადგომასა და მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობ და ჩემს მასწავლებლებს, რომლებიც მძენენ იმ ცოდნას, რომელსაც ვიყენებ და გამოვიყენებ მომავალში, რომ გავხდე წარმატებული ადამიანი და გამოვადგე ჩემ ქვეყანას, ჩემ ხალხს, ჩემ სკოლას _ რომლებიც ასე ძალიან მიყვარს.



არქივი