"სამხატვრო აკადემიაში ყოველი დღე საინტერესოა"

gurianews.com

21-ს ქვევით

"სამხატვრო აკადემიაში ყოველი დღე საინტერესოა"

იანვარი 01
04:00:00 1970
თინათინ კალანდაძემ ჩოხატაურის სამხატვრო სკოლა წარმატებით დაამთავრა და ასევე წარმატებით ჩააბარა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც დიზაინერის სპეციალობას ეუფლება.

თინათინი ახლა მეორე კურსის სტუდენტია და როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, საკუთარ გამოფენას ჩოხატაურშიც გამართავს.

_ თინათინ, როდის დაიწყე ხატვა?

_ ალბათ 3 წლის ვიყავი, დედაჩემის ზეთის საღებავებით კედელი რომ მოვხატე ჩემებურად. დედამ ამისთვის დამტუქსა, მაგრამ მე კვლავ განვაგრძე კედლების მოხატვა. დედა იძულებული გახდა, სახატავი რვეულები და ფანქრები ეყიდა ჩემთვის. ასე დავიწყე "შემოქმედებითი მუშაობა." დილიდან საღამომდე გავყურებდი ჩემი სოფლის _ იანეულის ხედებს და დიდი სიყვარულით ვხატავდი ამ არაჩვეულებრივი ბუნების პეიზაჟებს. დედაჩემი მზია კვინტრაძე, მიუხედავად იმისა, რომ მხატვარია, არასოდეს მაძლევდა შენიშვნებს. მაშინ მიკვირდა და ვფიქრობდი, ნუთუ ყველაფერი მომწონს რასაც ვაკეთებ მეთქი, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ბავშვს, როცა ის პატარააა, ფანტაზია არ უნდა შეუზღუდო და თავისუფლება უნდა მისცე. მე ძალიან მომწონს, რომ 12 წლის ასაკიდან იწყება სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა მიღება, იმიტომ, რომ ამ ასაკამდე ბავშვს უყალიბდება ინდივიდუალური ხედვა, საკუთარი გემოვნება. 12 წლის შემდეგ კი შეგვიძლია მას შემოქმედებითი მიმართულება მივცეთ და ხატვის სხვადასხვა ნიუანსებში გავარკვიოთ.

_ რამდენი წლის შეხვედი სამხატვრო სკოლაში?

_ მე 7 წლის ვიყავი. საერთოდ ბავშვობიდან მიყვარს დამოუკიდებლობა. სამხატვრო სკოლაშიც არ მზღუდავდნენ. ყველა პედაგოგის ძალიან მადლიერი ვარ. არასოდეს დამავიწყდება ამ სკოლის პედაგოგების მიერ დიდი გულისყურით ჩატარებული გაკვეთილები. განსაკუთრებით მიყვარდა, როცა ბუნებაში გავდიოდით და იქ ვხატავდით.

_ სამხატვრო აკადემიაზე რას იტყვი?

_ ძალიან კმაყოფილი ვარ. არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ატმოსფერო სუფევს. შესანიშნავი პედაგოგები მასწავლიან. ესენია: ანა მგალობლიშვილი, ელდარ ქავზბაია, ეთო ედიშერაშვილი, ნანა დვალი, ნუცა ჯაში და სხვ.

_ როგორც ვიცით, დიზაინის ფაკულტეტზე ტყავის მოდელირებაზე ხარ

_ დიახ, ძალიან გამიტაცა ამ დარგმა. ძირითადად ვმუშაობთ ფეხსაცმლის, ჩანთების, სუვენირების დიზაინზე, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოა.

_ გამოფენებში თუ იღებ მონაწილეობას?

_ რა თქმა უნდა. აკადემიაში ჩატარებულ ყველა სტუდენტურ გამოფენაში ვღებულობ მონაწილეობას. აქ დიდი საგამოფენო სივრცეა, სადაც სტუდენტებს საშუალება გვაქვს, წარმოვაჩინოთ ჩვენი ნამუშევრები. ხშირად ჩამოდიან უცხოელები, გვაქვს მათთან შეხვედრები, ცნობილ მხატვრებთან ეწყობა მასრეტკლასები. მინდა ვთქვა, რომ სამხატვრო აკადემიაში ყოველი დღე ძალიან საინტერესოა.

_ ჩოხატაურში ხომ არ გეგმავ გამოფენას?

_ მაგრამ გეგმაში მაქვს. ამისათვის სერიოზულად უნდა მოვემზადო, ჩოხატაურის მომთხოვნი და მაღალი გემოვნების ხელოვნების მოყვარე საზოგადოების წინაშე ვეცდები, ღირსეულად წარვდგე.



არქივი