"ჯეოსტარი 2011" _ ვის უწოდა მანანა მორჩილაძემ "ოქროს გოგო"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ჯეოსტარი 2011" _ ვის უწოდა მანანა მორჩილაძემ "ოქროს გოგო"

აგვისტო 15
23:13:46 2011
გასული კვირის ოთხშაბათს, ოზურგეთში, "ჯეოსტარი 2011-ის" შესარჩევი ტური გაიმართა. კასტინგზე სულ ათამდე მონაწილე გამოცხადდა, აქედან ერთი ქუთაისიდან იყო, ორი კი _ თბილისიდან.

ათიდან რვა მონაწილე ჟიურის წევრებმა _ ლანა ქუთათელაძემ, ნინო ჩაჩავამ და მანანა მორჩილაძემ ბათუმში დაიბარეს სადაც გახდება ცნობილი თუ ვინ გადავიდა შემდეგ ტურში.

კასტინგმა ოზურგეთში საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა. განსაკუთრებული მოწონება ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეს, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის (ხელმძღვანელი თამარ კეკელიძე) აღსაზრდელს, "ჯინსების თაობის" (ხელმძღვანელი ლარისა დოლიძე) სოლისტს, ეთო ბერძენიშვილს ერგო, რომელსაც ჟიურიმ ხუთი სიმღერა ამღერა.

_ "ოქროს გოგო ხარ", _ უთხრა მანანა მორჩილაძემ ეთო ბერძენიშვილს და შემდეგი ეტაპისთვის რამდენიმე რჩევა მისცა.

ეთო ბერძენიშვილი, რომლის შესანიშნავ ვოკალს კარგად იცნობს ჩოხატაურელი მაყურებელი, სოფელ გოგოლესუბნიდანაა. გაზაფხულზე, ჩვენთან საუბრისას, ახალგაზრდა მომღერალი ამბობდა, რომ ჯეოსტარში მონაწილეობას გეგმავდა. მისი პედაგოგის თქმით, ეთოს ფინალში გასვლის დიდი შანსი აქვს.

"ჯეოსტარის" ჟიურის წევრებმა წარმატებები უსურვეს კონკურსის სხვა მონაწილეებსაც. რჩევები არც მათთვის დაიშურეს.

შესარჩევი ტურის ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ნინო ჩაჩავას თქმით, ჯეოსტარის შესარჩევი კასტინგი სულ ხუთ რეგიონში ჩატარდა და შედეგებით კმაყოფილები არიან.

_შედეგები ძალიან კარგია. რეგიონებიდან ორი-სამი კარგი ბავშვი ამოვარჩიეთ, რაც სასიხარულოა. ოზურგეთში ერთი კარგი, საინტერესო გოგონა, ეთო ბერძენიშვილი აღმოვაჩინეთ, ვნახოთ, როგორ გავა ბოლომდე.

_ იქნებ კონკრეტულად ვისაუბროთ გურულ კონკურსატებზე.

_ მერვე წელია, რაც ჯეოსტარი ტარდება. ყოველ წელს ყველა რეგიონის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რაც შეეხება გურიას, რატომღაც ბოლო პერიოდში მონაწილეობის მსურველების რიცხვმა იკლო. თავიდან რომ დავიწყეთ "ჯეოსტარი", ბევრი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას შესარჩევ ტურებში.

_ 2010 წელს "ჯეოსტარში" კახეთის წარმომადგენელს არ მიუღია მონაწილეობა, წელს რამდენად შედეგიანი კასტინგი ჩატარდა ამ რეგიონში?

_ შარშან ძალიან შეგვეშინდა, რადგან კახეთიდან ვერ შევარჩიეთ წარმომადგენელი. წელს კახეთში გვყავს ერთი კარგი ბიჭი და ორი კარგი გოგო. ვნახოთ, მგონი, წელს კახეთი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას "ჯეოსტარში".

_ რა სიახლეებს უნდა ველოდოთ "ჯეოსტარი 2011"-ზე?

_ სიახლეა ის, რომ "ჯეოსტარის" შესარჩევ ტურში ჟიურის წევრები გიგი დედალამაზიშვილი, სოფო ხალვაში და ნიკო ნერგაძე არიან. შემდეგ ეტაპზე რაღაც სიურპრიზები იქნება, ამას ცოტა მოგვიანებით გაიგებთ.

P.S. ეს სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა შევიტყვეთ, რომ 13 აგვისტოს, ბათუმში გამართულ შესარჩევ კონკურსში, პირველობა არავის დაუთმო ეთო ბერძენიშვილმა და გურიიდან მხოლოდ მან შეძლო "ჯეოსტარის" ბოლო ტურის საგზურის მოპოვება.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეთო ბერძენიშვილის ნიჭის შეფასება ქართველ მაყურებელს ფილარმონიაში, "ჯეოსტარის" სცენაზეც მოუწევს.



არქივი