კი, ბატონო, მაგრამ სად?

gurianews.com

21-ს ქვევით

კი, ბატონო, მაგრამ სად?

იანვარი 01
04:00:00 1970
როცა ანთროპოლოგებმა მსოფლიოში შემორჩენილი პრიმიტიული კულტურების ნიმუშების კვლევა დაიწყეს, მოულოდნელი რამ აღმოაჩინეს _ აფრიკის ყველაზე იზოლირებული ტომებიცა და წყნარი ოკეანის შორეული მცხოვრებლებიც თითქმის ერთნაირად ხსნიდნენ, თუ რა არის ახალი ამბავი. მათ ერთნაირი ჭორები ჰქონდათ. იმ მაცნეების თვისებებიც კი, რომლებიც ინფორმაციას კრებდნენ, თითქმის ერთნაირი იყო და შემდეგ ავრცელებდნენ. მაცნეს სწრაფად უნდა გადაერბინა მეზობელი ბორცვი, ყურადღებით შეეგროვებინა ამბები და სწორად გადმოეცა ისინი. ყურადღება მივაქციოთ, რომ ინფორმაციის სიზუსტეს, მაშინაც კი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ისტორიკოსები და სოციოლოგები ფიქრობენ, რომ ახალი ამბავი ადამიანის ძირითად იმპულსს აკმაყოფილებს. ერთმა მწერალმა ამას "საქმის კურსში ყოფნის ადამიანური წყურვილი" უწოდა. ზემოხსენებულ ტომებში არსებული მაცნეები, შეიძლება, დღევანდელი ჟურნალისტისა და ზოგადად, ჟურნალისტიკის წინაპირობად ჩაითვალოს. ჟურნალისტიკისა, რომელიც კულტურას რაღაც განსაკუთრებულს აძლევს _ იმას, რასაც ადამიანები სიმშვიდისა და თავისუფლებისთვის მოითხოვენ. თუმცა, საზოგადოება ინფორმაციას ნებისმიერ ფასად არ იღებს და აყალიბებს პრინციპებს, რომლებსაც ჟურნალისტიკა უნდა აკმაყოფილებდეს. კერძოდ, ის გულისხმობს, რომ ჟურნალისტიკა, უპირველეს ყოვლისა, სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს, რომ მოქალაქეების ერთგული და დამოუკიდებელი უნდა იყოს. მუდმივად უნდა ამოწმებდეს ინფორმაციას და სახალხო ფორუმის სახე ჰქონდეს.

"ყოველი ეპოქა თავის მითებს აჩენს. მე რომ დავიბადე, იმ წლებში, მითოლოგიური პერსონაჟები სახელმწიფო მაღალჩინოსნები, პოლიტიკოსები იყვნენ. დღევანდელი მითოსის გმირები კი ე.წ. ტელესახეები არიან", _ წერს უმბერტო ეკო თავის პუბლიცისტურ წერილში "დუჩეს თვალები".

ტელევიზია დგამს სპექტაკლს, რომელსაც ყოველდღიურად უყურებს მთელი ქვეყანა და საზოგადოებისთვის სულ ერთი როდია, რას წარმოადგენს ეს სპექტაკლი. სამწუხაროდ, ჩვენს ტელეარხებზე არც თუ ისე იშვიათად გადის გადაცემები, რომლებიც ქმნიან ე.წ "მრუდე სარკის" ეფექტს. სინამდვილე თითქოს ნაცნობია, მაგრამ დამახინჯებულია ჟურნალისტიკის უმთავრესი პრინციპები: სიმართლე, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა.

ვუყურებთ გადაცემებს და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ჩვენი "პროფესიონალი" ჟურნალისტები განზრახ არღვევენ დადგენილ პრინციპებს, რათა ტრაგედია შოუდ აქციონ. საინფორმაციო გამოშვება სრულყოფილად მხოლოდ მაშინ ითვლება, როცა სკანდალური კადრებით იხსნება. მერე რა, თუ ინფორმაციას არანაირი ღირებულება არ აქვს. ორაზროვანი კითხვები ხომ "სიამაყედ" იქცა _ დატოვებს თუ არა სუბარი ალიანსს?! მერაბიშვილი ყველა ზარს აკონტროლებს?! აშშ და ევროპა პოზიციებს თმობენ?! _ იკითხავენ ასე უბრალოდ, ორაზროვნად და დასკვნის გაკეთებას ხალხს ანდობენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი აზრით. სინამდვილეში ეს კარგად შენიღბული საკუთარი მოსაზრებებია. რატომღაც, მიიღებენ თუ არა ჟურნალისტურ განათლებას, თავი ვალდებული ჰგონიათ, რომ ხალხი დაარიგონ, დამოძღვრონ და სერიოზულ იდეოლოგიებს აზიარონ. ამის ნათელი გამოვლინება იყო ე.წ "იმიტირებული ქრონიკა", ოფიციალურად _ "მომავლის სცენარი", არაოფიციალურად კი _ კარგად შენიღბული ჭკუის დარიგება. შიშველი დაგვანახეს მოსალოდნელი შედეგები და, ვაი, რომ არავინ გვეკითხება აზრს. იქნებ ჩაცმული სჯობდა...

ახლა შოუები?! საოცრებებს ქმნიან ქართულ ტელესივრცეში. მათ მესვეურებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ტრადიციულ ეთიკას ცვლიან. რა საჭიროა, გადაცემამ რაღაც მნიშვნელოვანი და ღირებული გვითხრას, მთავარია, შოუ შეიქმნას და "ყურებადი" იყოს. ასე იქცევიან უბრალოდ კომუნიკაბელური ადამიანები ყველაზე მაღალანაზღაურებად ჟურნალისტებად. მერე მოხვდებიან პირდაპირ ეთერში, უფრო სწორად "ლაივში" და წაგვეჭორავებიან. აბა რა, არ უნდა ვიცოდეთ, რომელიღაც "ცნობად" სახეს, ან სულაც "ფეისს" რამდენი ქმარი ჰყავდა და მათგან რომელია მისი სამი შვილის მამა?! სტუმრებიც აქტიურად ჰყვებიან დეტალებს თუ, რა თქმა უნდა, იციან. "მაგარი პონტია", როცა "ნანუკას შოუში" სტუმრად მისულს, ნანუკა და მისი დეკორატიული დიჯეი ძაღლის მდევრებად წარმოგვიდგებიან. თურმე, იქვე, სტუდიაში, მსუნაგ ბუბუს შემწვარი ქათმისთვის ბარკალი მოუგლეჯია. ახლა, სიმართლის დროს შევხედოთ, 30 ვერცხლად ყველაზე ძვირფასს, პირად ცხოვრებას ჰყიდიან. რას ვიზამთ... ხან 30 ვერცხლი ღირს კაცი, ხან 30 კაცი ერთ ვერცხლად ფასობს.

ამდენს ვკრიტიკოსობ და ვიღაცამ შეიძლება შთქვას: გადართე თუ არ მოგწონს! _ კი, ბატონო, მაგრამ სად?

ეჰ! "რა გითხრათ? რით გაგახაროთ?" ახლა, მე რომ გადაცემა მქონდეს, სახელად "პროფილი", აუცილებლად მოგიწვევდით სტუმრად, გკითხავდით თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ, გულთბილად ჩამოგიჯდებოდით გვერდით და გკითხავდით: უი, მართლა? რას ამბობთ? რა გოიმობაა?! მერე პატარა ბავშვივით, კარგად გაშლილ ხელს არაბუნებრივად დაგიქნევდით და დაგემშვიდობებოდით.



არქივი