როგორ მოხვდნენ "აკამის", "ლოკომოტივის" და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ოზურგეთის "მერცხალში"

gurianews.com

21-ს ქვევით

როგორ მოხვდნენ "აკამის", "ლოკომოტივის" და ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ოზურგეთის "მერცხალში"

სექტემბერი 13
21:11:21 2011
სამი ჩატარებული მატჩი და არც ერთი წაგება _ ოზურგეთის "მერცხალმა" ახალი სეზონი წარმატებულად და ახალი ფეხბურთელების მიღებით დაიწყო.

ფინეთიდან "მერცხალში"

22 წლის თემურ ადუაშვილი ძმასთან, ზურასთან ერთად ახლა "მერცხალში" თამაშობს, ამ ეტაპზე ძმის გარეშე მოუწევს რამდენიმე თამაშის ჩატარება, რადგან ზურა თბილისში ტრავმის გამო მკურნალობას გადის.

თემური ფეხბურთს 7 წლიდან თამაშობს, ჯერ თბილისის 35-სკოლაში, შემდეგ "დინამოში" თამაშობდა, ასევე რამდენიმე წელი დაჰყო თბილისის "ოლიმპში" და ორი წელი ზესტაფონის "ზესტაფონში", რის შემდეგ თურქეთში დაიწყო ფეხბურთის თამაში, ბოლო წლები ფინეთის "ჰაკასა" და "აკამიში"გაატარა, რის შემდეგ კვიპროსში გადავიდა, მაგრამ მუხლის ტრავმის გამო საქართველოში ორ კვირაში დაბრუნდა.

_ 7 თვე არ მითამაშია, შემდეგ ჩემმა მწვრთნელმა, კობა ჯორჯიკაშვილმა, რომელიც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ჩემი თავი ხარიტონ ჩხატარაშვილს გააცნო და ასე მოვხვდი "მერცხალში".

_ როგორ არის ფინეთსა და თურქეთში ფეხბურთი განვითარებული?

_ იქ გაცილებით დიდი ბიუჯეტია, მაღალი მომზადებაა, ყველაფერი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე საქართველოში.

_ როგორი ჰონორარი გქონდათ საზღვარგარეთ?

_ ფინეთში, პრემიების გარეშე 1500-2000 ევრო იყო.

"ლოკომოტივი" _ "ავაზა" _ "მერცხალი"

21 წლის გიორგი ტყეშელაშვილი წარმოშობით რაჭიდან არის, მაგრამ თბილისში ცხოვრობს. მისი საფეხბურთო კარიერა "ნორჩი დინამოელიდან" იწყება, ახლა ეს გუნდი "ავაზათი" არის ცნობილი. ის თემურ ადუაშვილთან ერთად მოხვდა "მერცხალში", მანამდე თბილისის "დინამოში", "ლოკომოტივში" და ზუგდიდის "გაგრაში" თამაშობდა. გიორგი ტყეშელაშვილით "მერცხალი" კმაყოფილია და მასზე იმედებსაც ამყარებენ.

_ ძალიან კარგად დამხვდნენ ოზურგეთში და კარგი ხალხია კლუბში, მთავარია, ჩვენი გეგმა შევასრულოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ "მერცხლის" უკეთესი შედეგი ჰქონდეს, ვიდრე შარშან.

"დინამოდან" - "მერცხალში"

ლაშა კალანდაძე ბათუმიდან ერთი თვის წინ ჩამოვიდა და უკვე "მერცხალის" ღირსებას იცავს. პირველად ბათუმის "ლუკაში" თამაშობდა, ახლა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელად ითვლება, მაგრამ ოთხი თვის გამოცდილების მისაღებად ოზურგეთში მოხვდა.

_ ჯერჯერობით, ოთხი თვით ვარ, არ არის გამორიცხული, რომ უფრო მეტი ხანი დავრჩე, ეს იქედან გამომდინარე მოხდება თუ გუნდი პლეიოფში მოხვდება, მაშინ ბოლომდე ვითამაშებ გუნდში და შემდეგ ისევ დავბრუნდები "დინამოში".

_ ლაშა, თქვენს ოზურგეთელ კოლეგებზე რას გვეტყოდით?

_ ყველანი ძალიან მეგობრულად დაგვხვდა და კარგი ბიჭები არიან. ჩვენ ამ ეტაპზე ერთი საქმე გვაერთიანებს და აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ _ გზა გამარჯვებისკენ.



არქივი