"ბოიარდის ციხე-სიმაგრე" უფლისციხეში

gurianews.com

21-ს ქვევით

"ბოიარდის ციხე-სიმაგრე" უფლისციხეში

იანვარი 01
04:00:00 1970
პოპულარული თამაშის "ბოიარდის ციხე-სიმაგრის" ქართული ვარიანტი უფლისციხეში გასული კვირას გაიმართა, სადაც მონაწილეობას ექვსი გუნდი იღებდა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო _ "ძეგლები", თბილისის მერიის გუნდი, თავისუფალი უნივერსიტეტი, უფლისციხის გუნდი, "რა? სად? როდის?" მოაზროვნეები და ახალგაზრდა ხელოვანთა გუნდი. თამაშები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ჩატარდა.

_ თამაშში ახალგაზრდები ცდილობდნენ გაემხნევებინათ თავისი გუნდის წევრები და დაესახათ გეგმა, როგორ მოეპოვებინათ უპირატესობა მეტოქეებთან შედარებით. ტურნირის მონაწილეებს ჩაუტარდათ მცირე პრეზენტაცია, სადაც თამაშის ძირითად წესებს და მარშრუტს გაეცნენ. სლაიდ-შოუს შემდეგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ბატონმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა წარმატებები უსურვა გუნდებს და თამაში გახსნილად გამოაცხადა. თითოეული გუნდი, რომელიც სამ-სამი მონაწილისგან შედგებოდა, სტარტის ადგილას განთავსდა. გუნდის სამივე წევრს მინიშნების მოსაპოვებლად განსხვავებული დავალებები ჰქონდათ მიეცათ. მათ უწევდათ გაევლოთ ცისკარას კანიონი, ერბინათ გზის გრძელ მონაკვეთზე, მოეძებნათ ქისები უფლისციხის ქვაბულებში და მეკლდეურთა მეთვალყურეობით თოკით დაშვებულიყვნენ კლდიდან. თამაშს ჰქონდა ესტაფეტის სახე. შესაბამისად, გუნდის გამარჯვება თითოეული მონაწილის სისწრაფეზე, საზრიანობასა და მოხერხებულობაზე იყო დამოკიდებული, _ გვითხრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მარკენტიგისა და ინფრასტრუქტურის სააგენტოს სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, სოფო ქოიავამ. შეჯიბრში პირველობა არავის დაუთმო "ძეგლებმა", რომლის ერთ-ერთი წევრი ოზურგეთელი ზურა გიორგაძე გახლდათ. ზურამ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ მსგავს ღონისძიებებს მიესალმება და შედეგით კმაყოფილია.

სკივრში აღმოჩენილი საჩუქრები საზეიმოდ გადაეცათ "უფლისციხის თავგადასავალში" გამარჯვებული გუნდის წევრებს. თითოეულ მონაწილეს კი დაურიგდათ სიგელები. ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თამაშისას მიღებულ შთაბეჭდილებებს და უყვებოდნენ იმ სირთულეებზე, რომელთა დაძლევაც მოუხდათ. უფლისციხის დაღლილი სტუმრებისთვის ღონისძიების წარმატებით ჩავლის აღსანიშნად მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სუფრა გაიშალა.

_ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მომავალშიც დაგეგმავს სათავგადასავლო-შემეცნებით ტურნირს უფლისციხის ან სხვა მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს სოფო ქოიავამ.

 



არქივი