"ქალაქი კარგია, მაგრამ ჩემს ჩოხატაურში სხვანაირად თენდება"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ქალაქი კარგია, მაგრამ ჩემს ჩოხატაურში სხვანაირად თენდება"

ოქტომბერი 20
07:39:03 2011
თომა ყაჭეიშვილმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლა წარმატებით დაამთავრა. ასევე წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და ასპროცენტიანი დაფინასებით თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თომა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პრესტიჟულ ინსტიტუტში მოხვედრაში დიდი წვლილი მის პედაგოგებს მოუძღვით. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი, სადაც სწავლების ხარისხი ძალიან მაღალია, სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ სწავლის საკმაოდ ძვირი საფასური, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სამუშაოს დაწყებიდან ერთ წელიწადში გადაიხადონ. ასე მოუწევს თომასაც, რომელსაც წარმატებული სწავლისთვის სახელმწიფო 100 პროცენტიან გრანტს, წელიწადში 2500 ლარს გადაურიცხავს.

_ გუშინ, დღეს და ხვალ...

_ გუშინ? გუშინ ხალასი ბავშვი ვიყავი, რაც უკვე ყველასთვის მონატრებული წარსულია, მათ შორის, ჩემთვისაც. დღეს _ ეს ის ეტაპია, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს, მე ხომ სტუდენტი მქვია. ხვალ _ ეგ მეც მაინტერესებს...

_ რა დარჩა ბავშვობაში?

_ ბავშვობაში დარჩა ის "გუშინ", რომელიც ძალიან მომენატრება. ბევრი ტკბილი მოგონება და აუხდენელი, ბავშვური ოცნებები.

_ სტუდენტის ამპლუაში როგორ გრძნობთ თავს?

_ მოკლედ გიპასუხებთ _ ამას ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ.

_ ფიქრობდით, რომ იმ ინსტიტუტში მოხვდებოდით, სადაც სწავლა ძალიან პრესტიჟულია და როგორც ამბობენ, რთული...

_ დიდი ხანია ვოცნებობდი-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ, რადგან ამ სასწავლებლის შესახებ მხოლოდ შარშან გავიგე, როცა "თავისუფალმა უნივერსიტეტმა ოლიმპიადაში გამარჯვებული ბავშვები ბაზალეთზე მიგვიწვია. ეს იყო პირველი ძლიერი შთაბეჭდილება, რამაც გადამაწყვეტინა აქ ჩაბარება. რაც შეეხება სწავლის სირთულეს, ეგ არ მაშინებს...

_ კამათობენ იმაზე, რომ რეპეტიტორი საჭირო არ არის, თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ ვფიქრობ, მართლა საკამათო თემაა, რადგან აქ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. დამოკიდებულია თავად აბიტურიენტზე. თუ მას უყვარს დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მუშაობა, ვფიქრობ, მას არ უნდა სჭირდებოდეს რეპეტიტორი.

_ სოფელი და ქალაქი შენს ცხოვრებაში რას წარმოადგენს?

_ სოფელი თბილია. იქ ყველა ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობს. ერთმანეთის ჭირით და ლხინით. ქალაქიც კარგია, მაგრამ ჩემს ჩოხატაურში სხვანაირად თენდება...

_ სტუდენტობა... ცა ქუდად და მიწა ქალამნად...

_ გეთანხმებით...

_ სიყვარული არ დადის?

_ სიყვარული დაფრინავს.

_ თქვენი ყველაზე დიდი გატაცება?

_ მუსიკა, მუსიკაა ჩემთვის ყველაფერი...

_ დღეს მასწავლებლის დღეა... (ინტერვიუ ჩაწერილია 5 ოქტომბერს)

_ დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ შანსი მომეცით, მათ მივმართო. ვისარგებლებ შემთხვევით და რამდენიმე სიტყვით, ჩემს მასწავლებლებს მოვეფერები. რადგან თუ სიტყვა გამიგრძელდა, ვფიქრობ, გაზეთის ეს ნომერი არ მეყოფა, რადგან მხოლოდ ერთი მადლობა არ იქნება საკმარისი და მე თუ დღეს პრესტიჟულ სასწავლებელში ვსწავლობ, ეს მეტი წილი მათი დამსახურებაა. ვფიქრობ, ამით დავაფასე მათი ამაგი. სხვა მეტი რა გაახარებდა მათ, თუ არა ჩემი წარმატება. ყველანი ძალიან მიყვარხართ, ჩემო ძვირფასებო!



არქივი