"სად სკოლა _ სად პოლიტიკა"

gurianews.com

21-ს ქვევით

"სად სკოლა _ სად პოლიტიკა"

ოქტომბერი 24
09:16:17 2011
მურთაზ ირემაძის სახელობის ზოტის საჯარო სკოლა პროექტში _ "დემოკრატია იწყება შენით" უკვე მეორე წელია, წარმატებით მონაწილეობს. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მას კონრად ადენაუერის ფონდი ახორციელებს. პროექტში ჩართულია ბაქოს, ერევნის და საქართველოს საჯარო სკოლები.

პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია და მასში მონაწილეობას იღებენ მე-11 კლასის მოსწავლეები. "დემოკრატია იწყება შენით" 3 ეტაპად ტარდება _ ადგილობრივ, რეგიონალურ და ევროკავშირის დონეზე და მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებასა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების გაცნობას. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ 4-დღიან სიმულაციურ თამაშში, მე-4 დღეს ირჩევენ ერთ წარმომადგენელს ამიერკავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში, სადაც გაიმართება დებატები, შეირჩევა თემები, რომელზეც დაყრდნობით შემუშავდება სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდების ერთობლივი დეკლარაცია. მე-5 დღეს დეპუტატები თავიანთი რიგებიდან ირჩევენ 15 წარმომადგენელს, თითოეული ქვეყნიდან _ 5-ს, რომლებიც გაემგზავრებიან ბრიუსელში ევროკავშირის პარლამენტში, შეხვდებიან იქაურ დეპუტატებს და წარუდგენენ დეკლარაციას.

პროექტის ფარგლებში ზოტის საჯარო სკოლიდან 3 მასწავლებელი გადამზადდა თამარ სარიშვილი, რევაზ ირემაძე და თემურ ართმელაძე, რომლებიც ორგანიზაციის წარმომადგენლებთან _ ოლენა აბრამიშვილთან და ანრი ტაბაღუასთან ერთად უზრუნველყოფენ პროექტის განხორციელებას სკოლაში და სიმულაციების წარმართვას.

პროექტის მეორე ეტაპი წელს, 7-10 ოქტომბერს ჩატარდა და თითოეული დღის გეგმა წინასწარ იყო შემუშავებული.

პირველ დღეს შეირჩა დისკუსიის შედეგად კვირის ცენტრალური თემა, რაზეც აიგო შემდგომი სიმულაციები. თემა იყო სკოლის აღჭურვა სპორტული ინვენტარით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქალბატონ ლელა იმედაშვილს, რომელსაც გააცნეს სკოლის პრობლემა და გამართეს დისკუსია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები შეხვდნენ ნაციონალური მოძრაობის, ქრისტიან-დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათთან დებატები გამართეს. სწორედ ამ დებატებმა ცხადყო, რომ ზოტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად შეისწავლეს დემოკრატიული პრინციპები და დებატების წარმართვის მაღალი დონით სტუმრების მოწონებაც დაიმსახურეს.

მესამე დღეს მოსწავლეებმა ჟურნალისტის როლი მოირგეს და თემში ჟურნალისტური გამოკითხვა ჩაატარეს. შემდეგ შეირჩა სოფლისთვის საჭირბოროტო საკითხები და მასზე დაყრდნობით შექმნეს კედლის გაზეთი. აღნიშნულმა აქტივობამ სოფლის მოსახლეობის დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. ერთმა მოსწავლემ ამ გამოკითხვას ლექსის კი მიუძღვნა და ერთ-ერთი სტატია ასე დაასათაურა: "სად სკოლა _ სად პოლიტიკა". ეს სტატია კი მოსწავლეებმა ასე განმარტეს:

_ როდესაც გამოკითხვას ვატარებდით, ყველა პრობლემატური საკითხი პოლიტიკას ეხებოდა. არადა, სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის. ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას, მის პრინციპებს, ჯანსაღ დებატებს და არა პოლიტიკას, _ აღნიშნეს ზოტელმა მოსწავლეებმა.

პროექტის მესამე დღეს, დღის მეორე ნახევარში სკოლას სტუმრად ეწვია გაზეთ "გურია ნიუსის" ჟურნალისტი, ნატო გოგელია, რომელიც ერთი დღით გახდა რესპონდენტი და მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

პროექტის ბოლო დღეს ჩატარდა არჩევნები, სადაც ფარული კენჭისყრით 5 კანდიდატს შორის აირჩიეს დათო ირემაძე, რომელიც თებერვალში გაემგზავრება თბილისში ამიერკავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში.



არქივი