ერთი დღე შრომის საჯარო სკოლაში

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ერთი დღე შრომის საჯარო სკოლაში

დეკემბერი 22
11:03:20 2011
სოფელ შრომის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის. ამ სკოლის შესახებ ინფორმაცია 1892 წლის გაზეთ "ივერიაშიც" შეგიძლიათ, წაიკითხოთ. სტატიიდან ირკვევა, რომ სკოლა თავად მიხეილ ნაკაშიძეს დაუარსებია და სკოლის პირველი მასწავლებელი თეოფანე კალანდარიშვილი ყოფილა.

ახლა შრომის საჯარო სკოლას, ამავე სოფლის ორი თემის _ ეკალდიდის და ვაკის საბაზო სკოლები აქვს შეერთებული და როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რუსუდან ცერცვაძე ამბობს, დაბალი ბიუჯეტის მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს.

ჩვენი გაზეთი შრომის საჯარო სკოლას გასულ კვირას ეწვია. სკოლის ეზოში ფიზკულტურის პედაგოგს, დავით ბოლქვაძეს მეექვსე კლასელები ჰყავდა გამოყვანილი. ბავშვები ორდროშობანას თამაშობდნენ, პედაგოგი კი ბავშვებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა:

_ 31 წელია, რაც ფიზკულტურის პედაგოგი ვარ, წითელ დიპლომზე მაქვს ფიზკულტურის ინსტიტუტი დამთავრებული. სკოლაში ბავშვებს ვასწავლით ჭადრაკს, კალათბურთს, ფეხბურთს. მალხაზ კვაჭაძეს ჩამოყალიბებული აქვს ფარიკაობის ჯგუფი, _ გვითხრა დავით ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, მათი სკოლის მოსწავლეები შრომის სასპორტო სკოლაში ჭიდაობენ და ისინი რაიონულ და რესპუბლიკურ ტურნირებზე ასპარეზობენ, სადაც რამდენიმე ოქროს და ვერცხლის მედალი და სიგელი აქვთ მოპოვებული. მიუხედავად სპორტული წარმატებებისა, სკოლის სპორტული დარბაზი ავარიულია, მიუხედავად იმისა, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო პრიორიტეტად ჯანსაღი ცხოვრების წესს ასახელებს. ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი შრომის სკოლაში არავის სურს, თუმცა პირად საუბრებში იმედს გამოთქვამენ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

წარმატებები

მიმდინარე წელს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად რუსუდან ცერცვაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა, ზურაბ ხომერიკმა, რომელიც სკოლას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, უარი თქვა.

ცეცხლაძე ამავე სკოლაში 23 წლის მანძილზე ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

_ ძალიან ბევრი პროექტები ხორციელდება განათლების და მეცნიერების სამინისტროში, რომლის განხორციელება ჩვენს სკოლაშიც მიმდინარეობდა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ხშირად გვიწევს ჩამოსვლა და იქ დაწვრილებით გვეუბნებიან, რა უნდა გავაკეთოთ. შრომის საჯარო სკოლაში ახლა 337 მოსწავლეა და ვცდილობთ, რომ ისინი წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ. ძალიან მალე ოზურგეთში რესპუბლიკური სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციის მეორე ტური გაიმართება _ ჩვენგან მეორე ტურში თინათინ ხომერიკი, დავით გორგილაძე და სოფიო ხომერიკი გადავიდნენ. 2011 წელს მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასწავლო შემოქმედებით კონფერენციაში პირველი და მეორე ხარისხის დიპლომები აიღეს: თინათინ ხომერიკმა, ბაჩუკი კაჭარავამ, მარიამ კაჭარავამ, ომარ გურგენაძემ და დათო მამინაშვილმა. სკოლაში ასევე ისწავლება ცეკვა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი პედაგოგი, ირაკლი წიტაიშვილი რომელიც ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი იყო, აღარ არის ცოცხალი. ბავშვებს ცეკვას მისი მეუღლე, მაია მჟავანაძე ასწავლის. სწორედ ამ ორი ადამიანის დამსახურებაა, რომ კონკურსზე _ "გურიის გაზაფხული 2011" _ ჩვენმა სკოლამ ოქროს მედალი დაიმსახურა. ნინო ჩხაიძე ხელმძღვანელობს მეჩონგურე გოგონათა ანსამბლ "ოცნებას". ამ ადამიანის მეშვეობით და აქტიურობით ანსამბლს ხშირად უსახელებია ჩვენი სკოლა, არამარტო ჩვენს ქვეყანაში, საზღვარგარეთაც, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვახერხებთ, რადგან სპონსორები არ გვყავს. სკოლას ხშირად ეხმარებიან სკოლის აღზრდილები კახა და ვალერი სიორიძეები, ალეკო ხომერიკი. მათ პრინტერი, ფერადი ქსეროქსი, ჭადრაკის დაფა და სპორტული ინვენტარი გადმოსცეს სკოლას. ამ ხალხის დახმარებით გაკეთდა ხელოვნების დარბაზი და რამდენიმე სასკოლო ოთახი. ამავე სკოლის მოსწავლის, ნათია წიქარიძის რეჟისორობით ნარკომანიაზე გაკეთდა ფილმი "მაპატიე", რომელითაც ოზურგეთის პროკურატურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, _ ამაყად გვესაუბრა სკოლის წარმატებაზე რუსუდან ცერცვაძემ.

ფილმის შესახებ

ნათია წიქარიძე, შრომის საჯარო სკოლის მოსწავლე და ფილმ "მაპატიეს" რეჟისორი: _ როდესაც ეს კონკურსი გამოცხადდა, გადავწყვიტე შეყვარებული წყვილის ტრაგიკული ისტორია გადამეღო. თავიდან თემა ძალიან სასიამოვნოდ მიმდინარეობს და კარგი განწყობა გვეუფლება, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავარი პერსონაჟი ბიჭი იხსენებს თავის წარსულს, როდესაც ის ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული და ისევ ნარკომანი ხდება, რაც მათი სიყვარულის დასრულების მიზეზი ხდება. გოგონა, შურისძიების მიზნით, სხვას მიჰყვება ცოლად. ბიჭი ბოლოს ყველაფერს ნანობს, თუმცა სინანული ვერაფერს შველის. ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. ამ ფილმით იმის თქმა მსურდა, რომ არ შეიძლება სიყვარულის, ურთიერთობის, ჯანმრთელობის სასწორზე დადება. ამიტომ ყველას მოვუწოდებ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ, სწამდეთ ღმერთი, ესმოდეთ მისი ქადაგებები და ასე სამყარო უფრო ხალისიანი და დადებითი ენერგიით დამუხტული გახდება.

პრობლემები

რუსუდან ცეცხლაძე: _ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ეკონომიკური ბერკეტი მჭირდება უფრო მეტად, რადგან მცირე ბიუჯეტიანი სკოლა ვართ. ამ ეტაპზე დაუფინანსებლობის გამო არ მუშაობს სკოლის ავტობუსი, რომელიც წლების წინ გადმოგვცეს. ახალი წლიდან ახალ დაფინანსებას ველოდებით და იმედია, ძალიან მალე კვლავ მოვემსახურებით ავტობუსით ბავშვებს.

ნოუთბუქი და ინეტა მასწავლებელი

დაწყებითი კლასის პედაგოგმა, 70 წლის ინეტა ნინიძემ წელს პირველად გაიარა კომპიუტერის კურსები, რადგან პირველკლასელებისთვის ნოუთბუქის დახმარებით ესწავლებინა გაკვეთილები. ის 1970 წლის შემდეგ ასწავლის შრომის საჯარო სკოლაში, მან სკოლაში თავისი დედამთილი, ელენე ჩხაიძე შეცვალა. ინეტა ნინიძესთან საუბარი ნოუთბუქებზე დავიწყეთ:

_ სიახლის შემოტანა აუცილებელია სკოლაში. გავიარე ტრენინგ-კურსები, განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა კარგად გვასწავლა თუ როგორ ვასწავლოთ ნოუთბუქების დახმარებით ბავშვებს გაკვეთილები. ბავშვები კარგად შეეჩვია კომპიუტერებს.

_ ხშირად საუბრობენ, რომ ნოუთბუქები წიგნებს ჩაენაცვლება.

_ წიგნის შეცვლა შეუძლებელია, გოგებაშვილის "დედა ენის" შეცვლა არ შეიძლება, ეს არის დამხმარე, რომელიც ბავშვს ხელს უწყობს გონებრივად განვითარდეს.

_ კომპიუტერი ხომ ბავშვის ჯანმრთელობისთვის არც ისე სახარბიელო არის.

_ გარკვეული დრო უნდა გამოვუყოთ ამისთვის ბავშვებს, _ გვითხრა ინეტა მასწავლებელმა.

 

 



არქივი