“ერთ ქალბატონს ვთხოვე დასაქმება, მან კი ირონოულად მითხრა _ შენ რა სამსახური გინდა...

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

“ერთ ქალბატონს ვთხოვე დასაქმება, მან კი ირონოულად მითხრა _ შენ რა სამსახური გინდა...

თებერვალი 16
14:24:50 2012

ნინო ლომთათიძე ჩოხატაურში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მომსახურეობის ცენტრში ( ეს ცენტრი ჩოხატაურის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაშია განთავსებული) მუშაობს. ქსეროქს და ლამინირებას აკეთებს. თავადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონეა, თუმცა ჭკვიან გოგონას ეს ხელს არ უშლის იყოს საინტერესო მოსაუბრე და საკუთარი შესაძლებლობებით საზოგადოებას დაანახოს, რომ ფიზიკური განსხვავება არაფერს ნიშნავს. ნინომ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სამსახურის პოვნა ძალიან გაუჭირა.

_ ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა. დიდი ხანია, ხელისუფლებას ვთხოვ დასაქმებას. მხოლოდ მპირდებოდნენ. მქონდა ისეთი სიტუაციაც, რომ ვიჩაგრებოდი "დიდი ადამიანისგან". ოღონდ, ეს არ იყო ჩოხატაურის მთავრობის წევრი. ერთ ქალბატონს ვთხოვე დასაქმება, მან კი ირონოულად მითხრა _ შენ რა სამსახური გინდა, რად მინდა, ამდენ განცხადებას რომ მიტოვებო. ვიფიქრე, მიწა გამსკდომოდა და ეს ქალბატონი საერთოდ არ მენახა მეთქი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნინო ლომთათიძემ.

_ საზოგადოება როგორ არის შენ მიმართ განწყობილი?

_ საზოგადოებისგან დისკრიმინაცია არასდროს მიგრძვნია. ბევრი მეგობარი მყავს და ეს ძალიან მახარებს.

_ სამსახურმა ალბათ ძალიან შეცვალა შენი ცხოვრება...

_ რა თქმა უნდა. ადრე ხშირად ვვარდებოდი დეპრესიაში, სულ ვიცრემლებოდი, ჩაკეტილი ცხოვრებით ვცხოვრობდი. მეგობრებთან კი დავდიოდი, მაგრამ რაღაც მაინც მაკლდა.

_ ამ ცენტრით ბევრი ადამიანი სარგებლობს?

_ ჩემთან ერთად მუშაობს გიორგი ტრაპაიძე, რომელიც  ცერებრალური  დამბლით  არის  ავად.  ერთად  ვმუშაობთ  ქსეროქსზე  და  ლამინირებაზე. შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე  ბავშვები  მოდიან  და  კომპიუტერზე  მუშაობას  სწავლობენ,  დადიან  სამხატვრო  სკოლაში.  ხატავენ, თექაზე, თიხაზე  მუშაობენ.  ჩვენს ორგანიზაციაში  მათი  ნამუშევრებისთვის  კუთხეც  გვაქვს გამოყოფილი. ბიბლიოთეკის დირექტორი,  ქალბატონი მაია მელუა   დიდ ყურადღებას  იჩენს  ჩვენ  მიმართ. ჩვენ  საახალწლო  ღონისძიება ჩავატარეთ კაფე-ბარ  “ციცინათელაში".  ეს  პროექტის  სახით დავწერე. ქალბატონი  მაია  დაგვეხმარა  ამ  პროექტის  განხორციელებაში. ჯამბაზიც გვყავდა. გვინდოდა  კიდევ  ერთი  ლამაზი  საღამო გვეჩუქებინა  ჩვენი  ბავშვებისთვის. კულტურის სამსახურიდან ქალბატონი  ქეთინო გიორგაძე გვესტუმრა. 3 დეკემბერს, ბიბლიოთეკის შენობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საღამო გაიმართა. ამ ღონისძიებაზე ბევრი საჩუქარი დაურიგეს ბავშვებს. დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, ჩოხატაურის გამგებლის, ლელა იმედაშვილისგან. ხშირად გვხვდება და კითხულობს ჩვენს ამბავს. მუნიციპალიტეტის დეპუტატმა, კორნელი კუკულავამ ლამინირების აპარატი გვაჩუქა.

_ ვიცი, რომ ეს მტკივნეული თემაა, მაგრამ თუ წინააღმდეგი არ იქნები, შენს ავადმყოფობაზეც ვისაუბროთ...

_ მე სისხლძარღვოვანი სიმსივნე მაქვს თავში _ ანუ მარცხენა მხარის ჰემიპარეზი. თვალი, ხელი და ფეხი მაქვს პარალიზებული. თავში მაქვს ტრომბი, რაც გამოიწვია 5 წლის ასაკში მიღებულმა ტრამვამ. რომ გავიზარდე მერე დამისუსტდა ხელი, ფეხი და წამერთვა მარცხენა თვალი.

_ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი  ან სოციალური დახმარება გაქვს?

_ მე  პოლისი მაქვს. მამაჩემს ახლობელმა სამარშრუტო ტაქსი აჩუქა და ამის გამო მოგვიხსნეს დახმარება, რომელიც ხელს მიწყობდა ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაში. პენსიას ვიღებ. წამლისთვის ხშირად ფული არ მაქვს და ვემუდარები მას, ვისგანაც წამალი ჩამომაქვს თბილისიდან, თვეში 50-50 ლარი რომ გადავუხადო. 200 ლარი ღირს ერთთვიანი კურსის ჩატარება. წელიწადში სამჯერ მჭირდება. მასაჟებიც მჭირდება, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს.

_ რაზე ოცნებობ, რა გინდა გააკეთო მომავალში?

_ ვოცნებობ დავიცვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  უფლებები.  ეს არის  ჩემი  დიდი ხნის  ოცნება. იმიტომ, რომ მე  ვიცი, რა არის  ამ ადამიანების პრობლემა. მე ხომ თავად გამოვიარე ეს ყველაფერი,  მათი ძალიან  კარგად მესმის.

ერთ ხეველ ბავშვს დავეხმარე კომპიუტერის  შესწავლაში, ინკლუზიური ბავშვია, ვერ  დადის. დედამ  ყველაფერი  შეუძინა, მაგრამ რაიონში ფიზიკურად  ვერ ატარებდა. მოვახერხე იმდენი,  რომ მას მასწავლებელი ვუშოვე, ჩვენი ორგანიზაცია უხდიდა ხელფასს. ძალიან მინდოდა სერტიფიკატი მიგვეცა მისთვის.

მე თვითონ  პროგრესში შევისწავლე კომპიუტერი, მხედველობა  ძალიან სუსტი  მაქვს,  მაგრამ მინდოდა მესწავლა. აღებული სერტიფიკატი დიდი  იმედი იყო  ჩემთვის, რადგან დასაქმებაში ხელს შემიწყობდა. აქედან  გამომდინარე, იმ ბავშვს თავად  ავუტანე სახლში  სერტიფიკატი. მას  არ მოუთხოვია,  მაგრამ ვიცი, რომ ეს მისთვის დიდი  სტიმულია.  დიდი  სიამოვნებით ვიმუშავებდი  შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე ბავშვებთან. მე  დაწყებითები  მაქვს  დამთავრებული.  ჩემი აზრით,  მხოლოდ იმ ადამიანს არ  ჰქვია  მასწავლებელი,  ვინც უმაღლესი  სასწავლებელი დაამთავრა. მთავარია, შეგეძლოს,  შეისწავლო  თითოეული  ბავშვი ინდივიდუალურად, _ გვითხრა ნინომ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ჩოხატაურში ინდივიდუალური სასწავლო გეგმით 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. როგორც რესუსრცენტრში განგვიმარტეს, ამ ეტაპზე ინკლუზიური სასწავლო გეგმის კოორდინატორების შერჩევა მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან ფსიქოლოგები არ მუშაობენ, არადა, ფაქტია, რომ ფსიქოლოგებთან საუბარი ამ კეტეგორიის ბავშვებს რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში ინტერგაციაში ეხმარება.



არქივი