გაიცანით გოგონები საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებიდან

gurianews.com

21-ს ქვევით

გაიცანით გოგონები საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებიდან

ოქტომბერი 23
13:40:05 2015

ბოლო დროს, გურიაში, ძალიან გააქტიურდა ქალთა ფეხბურთი _  ლანჩხუთსა და ჩოხატაურს  გუნდებიც კი ჰყავთ. მართალია, ხელისუფლების და ბიზნესის მხრიდან არცთუ დიდი დაინტერესებაა, მაგრამ თუ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის წინასაარჩევნო დაპირებას გავიხსენებთ, მომავალში გახდება.

_ ის, რომ ჩოხატაურელ და ლანჩხუთელ გოგონებს ფეხბურთი ძალიან აინტერესებთ, ინფორმაციის სახით მაქვს. ამ მხრივ გააქტიურება, რასაკვირველია, შედის ჩემს გეგმებში. შეიძლება, დედაქალაქში არ იყოს დიდი ინტერესი, მაგრამ, ვიცი, რომ რეგიონებში არის მოთხოვნა. თუ გოგონას უნდა ფეხბურთის თამაში, რასაკვირველია, ხელი უნდა შეუწყო. მე იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც ქალთა ფეხბურთს ძალიან დიდი ადგილი უჭირავს. ამ კუთხით აუცილებლად ვიმუშავებთ, _ ეს განცხადება კობიაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

ჯერჯერობით, უცნობია, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით, თუმცა, ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი გოგონები აქტიურად ვარჯიშობენ. უფრო მეტიც, საქართველოს ქალთა ნაკრების წამყვან მოთამაშეებს შორის რამდენიმე გურული გოგონაა.

მათ შორის, ორი ჩოხატაურელია _ თათია გაბუნია და მარიამ კალანდაძე.

თათია ჩოხატაურის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს და როგორც მისი მეგობრები და პედაგოგები ამბობენ, ძალიან თავაზიანი და პასუხისმგებლიანია.

ჩვენთან საუბარისას აღნიშნავს, რომ  თავიდან მოყვარულის დონეზე დაიწყო ყველაფერი, შემდეგ კი საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" ესტუმრა, სადაც გოგონების ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაზე აქტიურად მუშაობენ.

_ პირველი თამაში ლანჩხუთში, მეგობრულ შეხვედრაზე ვითამაშე, სადაც საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი იყო ჩამოსული. ნაკრებისთვის არჩევდა გოგონებს და მეც მოვეწონე, _ ამბობს თათია, რომელიც მარიამ კალანდაძესთან ერთად ახლახან დაბრუნდა ბელგიიდან.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა მისი სამომავლო გეგმები ფეხბურთს, გვპასუხობს: ფეხბურთის თამაში, ალბათ, ერთი ლამაზი ფურცელი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ისე კი სწავლის გაგრძელებას ვფიქრობ ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ სპეციალობაზე.

ამბობს, რომ მისი მიზანია, გაამართლოს იმ ადამიანების იმედები, ვინც მასზე ზრუნავს და "ცხოვრების ბოლომდე ისეთი ბედნიერი იყოს, როგორიც ახლა".

ფეხბურთელობა არც მარიამის სამომავლო გეგმებში შედის, რომელიც სამრევლო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ამბობს, რომ იურისტობა უნდა.

_ ჩემს სამეზობლოში, ჩემი თანატოლი ბიჭები ცხოვრობენ. რასაც ისინი თამაშობდნენ, მეც იმას ვთამაშობდი, რა თქმა უნდა, ფეხბურთსაც. ასე შემიყვარდა ფეხბურთი. ერთხელ, ცეკვის მეცადინეობისას, ორმა ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა მიმიხმო. მოგვიანებით გავიგე, რომ თემურ ჩხიკვიშვილი და სანდრო შონია იყვნენ და მითხრეს, რომ ბათუმიდან ჩამოსული იყო მწვრთნელი, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის არჩევდა გოგონებს.

მთხოვეს, რომ შევხვედროდი მას. შეხვედრა შედგა _ ასე მოვხვდი საქართველოს ნაკრებში. პირველად აზერბაიჯანში ვითამაშე, მერე _ ბელგიაში. ამჯერად ჩოხატაურიდან ორნი ვიყავით _ მე და თათა გაბუნია. ნაკრებში სულ თვრამეტნი ვართ. სათადარიგო მხოლოდ პირველი შეხვედრის პირველ ტაიმში ვითამაშე, შემდეგ სულ ძირითადში ვარ.
ბელგიაში შევხვდით ბელგიის, ჩეხეთის, აზერბაიჯანის მოთამაშეებს. ამ გასვლამ დიდი გამოცდილება მოგვცა. მიყვარს და ვგულშემატკივრობ
ადრიდის რეალს, _ ამბობს ჩვენს გაზეთთან საუბრისას მარიამი.

როგორც გოგონებმა გვითხრეს, მათი დიდი გულშემატკივარი და დამფინანსებელი კომპანია "ვისოლის" ჩოხატაურის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერი თემურ ჩხიკვიშვილია, რომელიც რამდენიმე თვეა, სრულიად უანგაროდ ეხმარება გოგონებს და მათ წარმატებაში დიდი წვლილი, სწორედ, მას მიუძღვის.

თათია და მარიამი მიიჩნევენ, რომ გოგონების ფეხბურთს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რადგან სპორტის ამ სახეობით ძალიან ბევრი გოგონაა დაინტერესებული.



არქივი