" მარტომ ვისწავლე ცხოვრება _ ეს ყველამ უნდა გამოსცადოს"

gurianews.com

21-ს ქვევით

" მარტომ ვისწავლე ცხოვრება _ ეს ყველამ უნდა გამოსცადოს"

ნოემბერი 05
14:15:36 2015

ვახტანგ გულბიანი  რამდენიმე წელია ესპანეთში ცხოვრობს და ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს "catalonia eixample 1864 barcelona" წარმატებული თანამშრომელია.

ვახტანგმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  გურიანთის საჯარო სკოლა 2005 წელს დაამთავრა და ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ესპანურ ფილოლოგიაზე, 100 %-იანი დაფინანსებით. 2009 წელს  ბაკალავრის ხარისხი მიიღო და მოიპოვა  სახელმწიფო გრანტი სრული დაფინანსებით მაგისტრატურაში სასწავლებლად ამავე მიმართულებით.

_ 2011 წელს,  გურიის რეგიონი შეუერთდა ევროპის რეგიონთა ასოციაციას  ადგილობრივი ხელისუფლებისა და კერძოდ, ლიკა ღლონტის დიდი ძალისხმევით.
ასამბლეაში გაწევრიანება უკვე იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მონაწილეობა მიმეღო ევროპის რეგიონთა გაცვლით პროგრამაში "ევრო ოდისეა", რომელიც ითვალისწინებდა სტაჟირების პროგრამას 30-წლამდე ახალგაზრდებისთვის.

ჩემი კანდიდატურა წარვადგინე კატალონიის რეგიონში (ესპანეთი) და ვინაიდან სრულად ვაკმაყოფილებდი ყველა მათ მოთხოვნას (ენის მაღალი დონე, ბაკალავრის ხარისხი და მაღალი აკადემიური მოსწრება), ერთ კვირაში მივიღე დადებითი პასუხი ბარსელონადან.
2011 წლის დეკემბერში გავემგზავრე ბარსელონაში მომწვევი რეგიონის სრული დაფინანსებით და დღემდე აქ განვაგრძნობ ცხოვრებას,
_ ამბობს ჩვენთან საუბრისას გულბიანი.

მისივე თქმით, ბარსელონა ევროპის საუკეთესო ქალაქი, ახალგაზრდული ცხოვრების ცენტრია. ქალაქი რომელსაც არ სძინავს და რომელიც მუდმივად ახალგაზრდაა.

_ აქ მოხუციც კი ახალგაზრდაა, ეს სართოდ სხვა თემაა. გართობის ყველა არსებული საშუალება შეგიძლია ნახო ბარსელონაში, მაგრამ ეს არასოდეს არ ცდება მორალის ძირითად პრინციპებს. ხაზს ვუსვამ, რომ მკითხველმა უარყოფითი ინტერპრეტაცია არ მისცეს ჩემს ნათქვამს, _ ამბობს ვახტანგი.

_  რთული იყო გზა ესპანეთამდე?

_ სიმართლე გითხრა, მარტივი ნამდვილად არ იყო. ძალიან დიდი შრომა და დაჟინება დამჭირდა, რათა კომისიისათვის დამენახვებინა, რომ მათ იმედებს გავამართლებდი. ამავე დროს მქონდა ორმაგი პასუხისმგებლობა ჩემი რეგიონიდან გამომდინარე.

_ რა ისწავლე ბავშვობიდან?

_  მთელი ბავშვობა გავატარე სოფელ გურიანთაში, აქვე დავამთავრე საჯარო სკოლა, სხვათა შორის _ წარჩინებით. მინდა აღვნიშნო ამ სკოლის პედაგოგთა უაღრესად მაღალი კვალიფიკაცია, სწორედ მათი დიდი შრომის შედეგია ის რომ, ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე მათგან მიღებული ცოდნით მოვიპოვე სახელმწიფო გრანტი.
როგორც ბავშვი, რა გითხრა, არ ვიყავი ურჩი და კონფლიქტური, მიყვარდა სწავლა (შეიძლება ითქვას, რომ მუსიკის შემდეგ ერთადერთი ჰობი ჩემთვის სწავლა იყო და რაც შეიძლება მაღალი ქულების მიღება ყოველდღიურად.) დედაჩემს თუ კითხავთ, საუკეთესო ვიყავი და ვარ ახლაც.

_  რამდენად რეალურია ბავშვური ოცნებების ასრულება და რაზე ოცნებობდი?

_ ყველაფერი შესაძლებელია, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნებისმიერი თქვენგანი გმირია და თქვენზეა დამოკიდებული თქვენი ოცნებების რეალიზება.ძალიან მინდოდა, რომ ჩემი ოცნებები ოცნებებად არ დარჩენილიყვნენ და ამისთვის ბევრი ვიბრძოლე.  ახლაც ვაგრძელებ ბრძოლას.

_  ახლა ესპანეთზე გვითხარი, როგორ გაამართლა შენი იმედები?

_ გულწრფელად გეტყვით, ეს საოცარი ქვეყანაა, სადაც საოცრად დადებითი ადამიანები გხვდება ყოველდღიურად, სადაც პრობლემას ღიმილით ერკინებიან, სადაც საერთოდ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულსაც გულის კარს გიღებენ. ეს ის ხალხია, რომლებიც ადამიანს,  როგორც ინდივიდს ისე აფასებენ და არა იმით, თუ საიდან მოდის, ვინ არიან მისი მშობლები და ა.შ.

ეს ის ხალხია, რომელთაც შემიძლია სრულად ვენდო და სრულიად ჰარმონიული თანაცხოვრება გვქონდეს. იმედები გაამართლა და მეტიც _  მე მათ თავი შემაყვარეს და ისინი ჩემ ყოველდღიურ რუტინაში მთავარ როლს თამაშობენ.

_ რა მოგწონს ესპანეთში და რა დაგამახსოვრდა ამ ხნის განმავლობაში?

_ ბევრი რამ, შეიძლება იმაზე ვერ გიპასუხოთ თუ რა არ მომწონს. დადებითი ბევრი აქვთ, ძალიან თბილი, გულღია და ერთგული ერია. აქ პოზიტივით იღვიძებს მთელი ერი, და ეს ძალიან სასიამოვნოა. იცი, რა მნიშნელოვანია გიხაროდეს, რომ გათენდა იმიტომ, რომ გარეთ მიგიწევს გული, რომ ეს დადებითი მუხტი გადმოგედოს, ამ მუხტით დაიმუხტო მთელი დღის მანძილზე?!

მომწონს ის, რომ ყველა ადამიანი აქ ცალკე ინდივიდად მიიჩნევა და არავინ _ არც ოჯახის წევრები აძლევენ თავს იმის უფლებას, შენს ცხოვრებაში ჩაერიონ. ეს ხალხი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ესაა სწორედ იმის მიზეზი, უდიდესი დადებითი მუხტი იგრძნო ყოველდღიურად.

_  რა განსხვავებას ხედავ ქართველ და ესპანელ ახალგაზრდებს შორის?

_ აქაური ახალგაზრდები ყოველი წუთით ტკბებიან, და არ ვგულისხმობ ფინანსურ მხარეს. თუნდაც პიკნიკზე წასვლა მეგობრებთან ერთად ყოველ კვირას. ჭამის და სმის კულტურაც საერთოდ განსხვავებულია. აქაურ ახალგაზრდას ვერ ნახავ დღის მანძილზე მთვრალი დახეტიალობდეს ყოველგვარი მიზნის გარეშე. მსგავს რამეს მხოლოდ კვირის ბოლოს, ისიც დისკოტეკების მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ნახავთ.

ლიბერალები რომ არიან, ეს ცხადზე ცხადია. აქ მე ჩხუბი ქუჩაში არ მინახავს, და თუ არის მსგავსი შემთხვევა, ისევ უხოელები თუ იქნებიან. უკონფლიქტო ერია ერთი სიტყვით რომ ვთქვათ.

_  შეგიძლია გვითხრა სამი მიზეზი, რატომ უნდა ნახოს ტურისტებმა ესპანეთი და საქართველო?

_ ესპანეთი უდიდესი კულტურის ქვეყანა, ადამიანმა, თუნდაც "გაუდის არქიტექტურა" ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოს. ეს ქვეყანა ძალიან დიდი დადებითი ენერგიის მატარებელია და ყოველი კუთხე ისტორიულია. უნდა მოინახულოს ბარსელონა თავისი საგრადა ფამილიათი, და მსოფლიოში ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც მდინარეზე არ არის გაშენებული და ეს მადრიდია. მეგაპოლისი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმის "პრადოს" რეზიდენცია და მრავალი სხვა.

საქართველომ, ტურისტს ერთ კვირაში შეუძლია მისცეს ყველა სახის ლანდშაფტის მონახულების საშუალება. ასეთი პატარა ქვეყანა იშვიათად  შეიძლება იძლეოდეს მსგავსს შესაძლებლობას. ქართული სამზარეულო, კულტურა, არქეოლოგია და სიძველეები, აღფრთოვანებას გამოიწვევს ყველა ადამიანში. ესპანელი რომ ბახმაროს გზას დაადგეს, ღრუბლებს ზემოდან რომ გადმოხედავს, შესაძლოა ემოციური შოკი მიიღოს.

_ საქართველოში ვინ გენატრება?

_ პირველ რიგში, ჩემი ოჯახი, მუდმივად, მიუხედავად იმისა, რომ ამას მათთან არ ვაღიარებ. მაგრამ იმის ცოდნა, რომ კარგად არიან, მიმარტივებს მონატრებას. ჩემი მეგობრები, ახლობლები, ქუჩები. რომ აცივდება ხოლმე ბარსელონაში ქართული ზამთრის სუნი მაღვიძებს დილით, ის რაც ჩემს მეხსიერებაში არის დალექილი.  გულწრფელად რომ გითხრა, ჩემი ძაღლი მენტრება უზომოდ, ალბათ გიჟად ჩამთვლით, მაგრამ სრული გულწრფელობით ვაღიარებ.

_ როგორ ფიქრობ, წარმატებული აღმოჩნდა შენი წასვლა ესპანეთში?

_ ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში. საქართველოში ოჯახი თავისი ზრუნვით იმას აკეთებდა, რომ დიდ შანსი იყო ახლა მათ ხარჯზე მეცხოვრა და ის დამოუკიდებლობის შეგრძნება რაც მე აქ ცხოვრებით შევიგრძენი, არასოდეს განმეცადა. იყო რთული დღეებიც, კვირეებიც, მაგრამ ამ ყველაფერს მე მარტო შევებრძოლე და ამით პიროვნებად ჩამოვყალიბდი.

არგად იცით, რომ საქართველოში მუდმივად ბავშვი ხარ მშობლებისთვის და ეს დათვური სამსახურია, რაც ადამიანს უსუსურს ხდის დროთა განმავლობაში. მე, მარტომ ვისწავლე ცხოვრება, ეს საოცარი დამოუკიდებლობის შეგრძნება ყველამ უნდა გამოსცადოს, და ამისთვის ბევრი ბრძოლა და შრომა არის საჭირო, მაგრამ ყველაზე მეტად ამ ბრძოლაში იმარჯვებს მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა!



არქივი