ჩოხატაურელი დიზაინერი პარიზის Howroom-ში

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურელი დიზაინერი პარიზის Howroom-ში

ნოემბერი 19
15:23:41 2015

ახალგაზრდა დიზაინერმა, თინათინ კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში ახლახან გამართულ Howroom-ში.

თინათინი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის მკვიდრია. ნიკო მარის სახელობის #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტზე განაგრძო.  წარმატებული სტუდენტი მონაწილეობდა თბილისში გამართულ მრავალ ჩვენებასა თუ კონკურსში, მათ შორის იყო "BENEXT". სწორედ, "BENEXT"-ში გამარჯვებამ მოუტანა თინათინს უფლება, გამგზავრებულიყო პარიზში.

_ ხშირად ვმონაწილეობ კონკურსებსა და ჩვენებებში. ბოლოს მონაწილეობა მივიღე "BENEXT"-ში, რომლის ხელმძღვანელი საქართველოში გახლავთ სოფო ჭყონია. გავხდი ამ კონკურსის გამარჯვებული და მოვიპოვე უფლება, მონაწილეობა მიმეღო პარიზში გამართულ Howroom-ში, სადაც გაიმართა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ახალგაზრდა თუ პროფესიონალი დიზაინერების ჩვენებები, მათ შორის ვიყავი მეც. წაღებული მქონდა ზაფხულის კოლექცია _ შევმოსე ხუთი მოდელი, რომელთაც სამი პრეზენტაცია ჰქონდათ.

თინათინი ამბობს, რომ პარიზში გატარებულმა დღეებმა დიდი გამოცდილება შესძინა.

_ საინტერესო იყო საფრანგეთში გატარებული თითოეული დღე. დავესწარი მაღალი მოდის დამფუძნებლების: არმანის, დოლჩე და გაბანას, ვიქტორია სეკრეტის და სხვათა ჩვენებებს. იმ ექვსი დღის განმავლობაში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე პროფესიული თუ ეთიკური თვალსაზრისით, _ გვითხრა თინათინმა, რომელიც ამჟამად ახალ კოლექციაზე მუშაობს.



არქივი