"ვოცნებობ, პატრიარქის სამოსელზე ერთი ორნამენტი შევასრულო"

gurianews.com

21-ს ქვევით

"ვოცნებობ, პატრიარქის სამოსელზე ერთი ორნამენტი შევასრულო"

აპრილი 13
12:54:18 2012

ნათია მეფარიშვილი ჩოხატაურის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. 6 წლის იყო კანვეზე ქარგვა რომ დაიწყო. ნათიას სამუშაო მაგიდა მის ნამუშევრებთან ერთად რამდენიმე დიპლომსა და სიგელს ინახავს. 3 წლის წინ ბისერებზე მუშაობით დაინტერესდა, უამრავი ფერადი ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვა სამკაულებად ააწყო და საკუთარ კოლექციას შეჰმატა.

_ თავიდან ეს საქმე ჩემთვის ჰობი იყო, ახლა კი მინდა, პროფესიად ვაქციო და ჩემი საქმიანობა გავაფართოო. სხვადასხვა სახისა და ფორმის სამკაულებს ვამზადებ _ ყელსაბამებს, სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს, სუვენირებს. აგრეთვე დეკორატიულ სააღდგომო კვერცხებს. სამხატვრო სკოლიდან დაიწყო ჩემი ნამუშევრების მიმართ დაინტერესება. რისთვისაც მადლობას ვუხდი მთელ სკოლას. სამხატვრო სკოლის ბავშვები თბილისში მიგვიწვიეს გამოფენაზე. ჩვენი ნამუშევრების გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და ეს ფაქტი ძალიან დიდი სტიმული გახდა ჩემთვის.

_ მასალას საკუთარი ხარჯებით ყიდულობ?

_ დიახ, ძირითადად, საკუთარი ხარჯებით და საკუთარი გემოვნებით ვარჩევ. ხანდახან მეგობრებიც მჩუქნიან. ამ ნაკეთობების რეალიზაცია არსად არ მომხდარა. სამხატვრო სკოლაში რამდენიმე ნაქარგი მაქვს გამოფენილი. რაც შეეხება სამკაულებს, მათი გამოფენა არსად არ მქონია. მხოლოდ ჩემმა მეგობრებმა იციან ბისერებზე რომ ვმუშაობ. ბისერების მაღაზიაში ერთი შესვლა 60-70 ლარი მიჯდება. ვარჩევ ფერის, ფორმის, ზომის მიხედვით და შეძენამდე ვიცი, თითოეულ ბისერს რისთვის გამოვიყენებ.

_ კანვეზე როგორ მუშაობ?

_ არსებობს სპეციალური ლიტერატურა, სადაც ნაჩვენებია სქემები და მათზე მუშაობის პრინციპები. ეს ლიტერატურა საკმაოდ ძვირი ღირს და საამწუხაროდ, მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო მაქვს. სქემას გვერდით ცხრილი აქვს მოცემული, სადაც მითითებულია რომელი ფერის რომელი ნომრის ძაფს ვიყენებთ ქარგვისას. თუმცა, არაერთხელ შემიცვლია მთელი სქემა და ჩემეული ხედვით დამიქარგავს.

_ რას გეგმავ მომავალში?

_ საპატრიარქოსთან არსებულ ხელოვნების სკოლაში მინდა სწავლა. თუ, უფლის წყალობით, ეს სურვილი ავისრულე მინდა, პატრიარქის სამოსელზე ერთი ორნამენტი მაინც საკუთარი ხელით შევასრულო. ეს უკვე ოცნებად მექცა.

_ შენს ნამუშევრებში ხატებიც არის. ვინ გიწერს ხატებს?

_ ხატებს მამა ბიქტორი მიწერს. მასთან ვათანხმებ ფერებსაც. მამა თეიმურაზისგან კურთხევაც მაქვს ფსალმუნებზე, ხატებზე და სხვა საეკლესიო ნივთებზე.

_ რაზე ოცნებობ?

_ საკუთარ კომპიუტერზე. ინტერნეტი ხელმისაწვდომი რომ მქონდეს, იქ უამრავი მასალის ნახვა შემეძლება. წიგნად გამოცემული ლიტერატურა ძირითადად უცხო ენაზეა და რომც მოვახერხო შეძენა მასზე მუშაობა მაინც მიჭირს.



არქივი