ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი

gurianews.com

21-ს ქვევით

ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი

აპრილი 15
15:12:47 2016

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 25 მაისს ახალგაზრდული ფილმების ფესტივალი გაიმართება.

პროექტის მიზანია აღმოაჩინოს და საზოგადოებას გააცნოს კინოხელოვნების მოყვარული ნიჭიერი ახალგაზრდები და მათი შემოქმედება.

კინოფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება.

კინოფესტივალის პარტნიორია BIAFF _ საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი (http://biaff.org/BIAFF).

კინოფესტივალი "ახალგაზრდული ფილმების ფესტივალთან" პარტნიორობის ფარგლებში წარმოადგენს "ევროპის კინოაკადემიის" მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციას.

ფესტივალის პროგრამა შედგება:

  •  მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო სექცია;
  • მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია;
  •  მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სექცია;
  • ევროპის კინოაკადემიის კოლექციის ჩვენება;
  • დაჯილდოების ცერემონია.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში მონაწილე ფილმები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  •  მხატვრული, დოკუმენტური ან ანიმაციური კინო _ ფილმის ხანგრძლივობა _ მაქსიმუმ 7 წუთი;  კინორეჟისორის ასაკი _ მაქსიმუმ 30 წელი.
  •  ჩვენების ფორმატი _ ციფრული ვერსია.

წარმოდგენილ მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს არ მოეთხოვება ფორმატის მაღალი დონის ხარისხი. კომპეტენტური ჟიური განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მოზარდის იდეას, მისი გადაწყვეტის ფორმას და ხერხებს.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ ფილმებს, რომელთა საჯარო ჩვენება არ მომხდარა საქართველოში. ფესტივალზე საჩვენებელი ფილმების პროგრამას არჩევს კინოფესტივალის დირექცია.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველებმა გადაღებული ვიდეომასალა უნდა წარუდგინონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2016 წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე.

ფესტივალისთვის საკონკურსო ფილმების შერჩევა დაიწყება 2016 წლის 1 მაისს და დასრულდება ფესტივალის ჩატარების თარიღისთვის.

კინოფესტივალის ძირითადი კონკურსის ფილმებს აფასებს ჟიური არაუმეტეს ხუთი წევრის შემადგენლობით.

კინოფესტივალის დირექციის მიერ გამარჯვებულებისთვის დაწესებულია პრიზები შემდეგ ნომინაციებში:

  •  საუკეთესო დოკუმენტური ფილმი;
  •  საუკეთესო მხატვრული ფილმი;
  •  საუკეთესო ანიმაციური ფილმი;
  •  საუკეთესო რეჟისორი;
  • საუკეთესო ოპერატორი;
  • საუკეთესო სცენარი;
  • საუკეთესო მონტაჟი;
  • საუკეთესო მსახიობი გოგონა;
  • საუკეთესო მსახიობი ბიჭი;
  • საუკეთესო მუსიკალური გაფორმება;
  • „გრან-პრი“ – 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდული ფილმი

BIAFF პრიზის სახით აწესებს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის აბონემენტს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ყველა სეანსზე, ასევე, გახსნა-დახურვის ცერემონიაზე დასწრება.

საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. 1;

ფესტივალის კოორდინატორი: ნენსი კიკვაძე, ტელეფონი: +995 595 333 102.

(R)



არქივი