"სამყარო საზღვრებს გარეშე" და ჩოხატაურელი გოგონას ლიტვური დღეები

gurianews.com

21-ს ქვევით

"სამყარო საზღვრებს გარეშე" და ჩოხატაურელი გოგონას ლიტვური დღეები

ივნისი 03
15:30:25 2016

საქართველოში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება საერთაშორისო პროექტი _ "ინგლისური ენის საჯარო გამოსვლის კონკურსი" (international public speaking competition). კონკურსი 2016 წელს ოთხ ქვეყანაში (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ლიტვა) ჩატარდა. ერთ-ერთი კონკურსანტი ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიკა ძნელაძე იყო.

როგორ მოხვდა კონკურსზე, რა თემა წარადგინა და ლიტვაში გატარებული დღეების შესახებ თავად ლიკასგან შეიტყობთ.

_ კონკურსი უკვე მეორე წელია საქართველოში მიმდინარეობს, თუმცა, მხოლოდ წელს, სკოლის დახმარებით გავიგე მის შესახებ და მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. მაისის დასაწყისში, თბილისში, "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში" ჩატარდა კონკურსის შესარჩევი ტური, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის 24 წარმომადგენელი. მონაწილეები ორ _ ა და ბ ჯგუფებად დაიყო. თითოეულ თორმეტკაციან გუნდს ჟიური აფასებდა.

კონკურსანტები ვალდებულნი იყვნენ ინგლისურ ენაზე წარედგინათ 5-წუთიანი გამოსვლა თემაზე _ "სამყარო საზღვრებს გარეშე». მათ უფლება ჰქონდათ, ამ თემის ირგვლივ ნებისმიერი სახის ინტერპრეტაციული გამოსვლა მოემზადებინათ. თითო ჯგუფიდან ჟიური 3 გამარჯვებულს ავლენდა. მეორე ტურში 6 გამარჯვებული სპიკერი ჟიურის წინაშე ხელმეორედ გამოვიდა. ჟიურის წევრების შემადგენლობაში შედიოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ლიტვის საელჩოს, საერთაშორისო უნივერსიტეტისა და "საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" წარმომადგენლები, რომლებიც გამოსვლის შემდეგ კონკურსანტებს დამატებით კითხვებს უსვამდნენ. კითხვაზე პასუხი სპიკერს ისევ ინგლისურ ენაზე უნდა გაეცა. ამის შემდეგ ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებულები.

სიმართლე გითხრათ, საქართველოს მასშტაბით გამარჯვებას არ ველოდი, რადგან კონკურსის 23-ვე მონაწილე საკმაოდ ძლიერი იყო, როგორც ინგლისურ ენაში, ასევე, საჯარო გამოსვლის ხელოვნებაში.

_ რა თემა წარადგინე?

_ ჩემი თემა ფრანგი მწერლის, ერიკ ემანუელ შმიტის ერთ-ერთი, არც თუ ისე ცნობილი ნაწარმოების, "ულისე ბაღდადიდან" _ განხილვა იყო, რომლის მთავარი გმირი საზღვრების გადალახვას არალეგალურად ცდილობს.

_ როგორი იყო ლიტვაში გატარებული დღეები?

_ კონკურსანტები, რომლებმაც გადავლახეთ კონკურსის პირველი ეტაპი, მეორე ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად ლიტვაში, ქალაქ კლაიპედში გავემგზავრეთ. თავდაპირველად კიევში ჩავფრინდი, სადაც დანარჩენ მონაწილეებს შევხვდი და მათთან ერთად ჩავედი ჯერ ვილნიუსში, შემდეგ კი კლაიპედში, LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში. უნივერსიტეტში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, 14 ქართველი სტუდენტი სწავლობს. მათ ძალიან გაუხარდათ ჩემი დანახვა, სხვები გაოცებულები დარჩნენ თუ როგორ თბილად დამხვდა თოთხმეტივე ქართველი უნივერსიტეტში.

LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში 4 უკრაინელ, ერთ მოლდოველ და ერთ ლიტველ კონკურსანტთან ერთად კიდევ ერთხელ წარვადგინე საქართველო და  თემა. 

კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართა LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სადაც გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. კონკურსის შემდეგ დავათვალიერეთ უნივერსიტეტი და ქალაქი კლაიპედი. დღე საკმაოდ დატვირთული გვქონდა.

ძალიან ბევრი საინტერესო ბავშვი და ლექტორი გავიცანი, ლიტვაში დაუვიწყარი 5 დღე გავატარე. ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში.



არქივი