მაყურებელი მონატრებულია სპექტაკლებს

gurianews.com

21-ს ქვევით

მაყურებელი მონატრებულია სპექტაკლებს

ივლის 15
16:09:08 2016

11 ივლისს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის პირველი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში,  სცენაზე დაიდგა სპექტაკლი: "ღმერთო, რისთვის?".

მაყურებლის წინაშე  წარsდგნენ ახმეტელის თეატრის მსახიობები. ყველამ იხილა შესანიშნავი სანახაობა. სპექტაკლი რამდენიმე მოთხრობის: "მზიანი ღამე", "ღმერთო, რისთვის", "ნუ გეშინია, დედა",  მიხედვით დაიდგა. ეს ერთგვარი მიქსი მართლაც საინტერესო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლს ესწრებოდნენ როგორც უფროსი, ასევე, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები. ეს მიანიშნებს ახალგაზრდების ინტერესს თეატრისადმი.

სპექტაკლს ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები.

ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ ისაუბრა ფესტივალის ჩატარების უდიდეს მნიშვნელობაზე და მადლობა მოუხადა ახმეტელის თეატრის მსახიობებს  ფესტივალში მონაწილეობისთვის და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჩვენ ვესაუბრეთ რეჟისორსა და მსახიობს ნუგზარ ყურაშვილს.

_ მაყურებლის და განსაკუთრებით ოზურგეთელი მაყურებლის დასწრება ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა. ოზურგეთულ სპექტაკლებზე მსახიობები  ყოველთვის უდიდეს ემოციას იღებს მაყურებლისგან. ყველაზე მთავარი მსახიობისთვის სწორედ ის რეაქციაა, რომელსაც მაყურებლისგან იღებს. მე ვთამაშობ თბილისელი სომეხის, ვანიჩკას როლს და ეს როლი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის დამფუძნებლებს, _ გვითხრა მან.

ახმეტელის თეატრის დირექტორმა გიორგი კვაბზირიძემ ფესტივალის მისიაზე ისაუბრა:

_ ასეთი ღონისძიებები უფრო აახლოებს  მაყურებელს თეატრთან. რაც შეეხება მაყურებელს, ის მართლაც ძალზე ემოციურია ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ნებისმიერი სპექტაკლის მსვლელობისას და ეს ბუნებრივიცაა.

ასე მიიჩნევს ყველა, ვისაც კი დარბაზში გავესაუბრეთ.

_მე მიხარია, რომ დარბაზში ბევრ ახალგაზრდას ვხედავ. მათ  შორის ბევრს უჩნდება სურვილი, რომ უფრო ახლოს გაეცნოს ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას და ეს ორმაგად სასიხარულოა. იცით, რა არის? მაყურებელი მონატრებულია სპექტაკლებს და ამიტომაცაა, რომ მაღალი კლასით მომზადებულ სპექტაკლებს ამდენი ხალხი ესწრება. ბედნიერებაა, როცა მაყურებელს უმართლდება მოლოდინი... მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მსახიობების მიერ შესრულებული როლები. ისინი უკვე პროფესიონალების გვერდით კი არ იჩრდილებიან, პირიქით, ღირსეულად ჩანან. აი, ეს მიღწევაა, _ გვეუბნებიან მაყურებელთა რიგებიდან სხვადასხვა ასაკის ადამიანები.



არქივი