"ასე ლაიქ-ლაიქ მოხვდა ჩცდ-ს შემოქმედებითი ჯგუფის ხელში" _ აქვს თუ არა ლუნას საერთო ქეთი ხუციშვილთან

gurianews.com

21-ს ქვევით

"ასე ლაიქ-ლაიქ მოხვდა ჩცდ-ს შემოქმედებითი ჯგუფის ხელში" _ აქვს თუ არა ლუნას საერთო ქეთი ხუციშვილთან

იანვარი 16
14:23:05 2017

რესპონდენტი, რომელთან ინტერვიუსაც ქვემოთ გთავაზობთ, ურეკსა და ქობულეთს შორის, პატარა ზღვისპირა სოფელ ,,შეკვეთილში“ გავიცანი. სპორტული აღნაგობის გამხდარი გოგო, გრძელი თმითა და არაქართული გარეგნობით, თავიდან ესპანელი მეგონა, ამას ზედ დაერთო ესპანური სიმღერები, რამაც  ქეთი ხუციშვილის "ესპანელობა" კიდევ უფრო გამიმძაფრა. არაქართულადაც იქცეოდა, მუდამ მხიარულ ნოტაზე იყო, არავის ეკონტაქტებოდა, პლაჟზეც, ძირითადად, მარტო დადიოდა, ადრე იძინებდაა და ადრე იღვიძებდა. მოკლედ, როგორც ქართველი თინეიჯერები იტყოდნენ, პენსიონერივით ისვენებდა.

ერთ საღამოს მე და ჩემი დეიდაშვილები ვისხედით და ,,ჯოკერის“ სათამაშოდ ვემზადებოდით, ე.წ. მეოთხე გვაკლდა. კიბეზე ქეთი იჯდა და ღიღინებდა. ჩემმა დეიდაშვილმა, მოდი დავუძახოთო.  არ იცის ქართული-მეთქი, ატეხეს სიცილი და ბასტი-ბუბუ...

ამხელა შესავალი რატომ გავაკეთე? მართლა რომ ესპანეთში დაბადებულიყო თავბრუდამხვევი წარმატება არ აცდებოდა, დღეს, ალბათ, მეგა ვარსკვლავი იქნებოდა. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც საკუთარი ნიჭით წარმატებას მიაღწიო და მერე ამ წარმატებით ცხოვრების საშუალება გქონდეს.

ინტერვიუც ქეთისთან სპონტანურად ჩაიწერა, ,,ჩემი ცოლის დაქალებში“ მისი საოცარი წარმატების შემდეგ კარგა ხანი აღარ შევხმიანებივარ. ჰოდა, ერთხელაც ტრადიციული მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ვეკითხები, კარგია პოპულარობა-მეთქი?

_ იცი, რა? _ დაიწყო ფიქრი ქეთიმ _ პოპულარობა კარგია, სიყვარულს გრძნობ ხალხის, მხადაჭერას. კეთილ ენერგიას გიგზავნიან, გეფერებიან მუდმივად და ამას რა ჯობია?!

_  ქეთი, რა კორესპონდენტ-რესპოდენტივით გამოგვივიდა და ხომ არ გვესინჯა ინტერვიუ?

_  რატომაც არა, მზად ვარ და გისმენ!

აქ ცოტა არ იყოს დავიბენი, იმდენი რამ ვიცი ქეთიზე, იმდენი ნიუანსი და დეტალი, რაღა უნდა ვკითხო?! ჰოდა, ხომ არ დავიხევდი უკან, განა გურული სისხლი ამის უფლებას მომცემდა?!

_ მე ვიცი, რომ ბავშვობიდან ოცნებობდი სცენაზე, მსახიობობაზე, მომღერლობაზე?!

_ არა, მთლად მსახიობობაზე ბავშვობიდან არ მიოცნება, უფრო მომღერლობა იყო ჩემი მიზანი. ოჯახში ყველა ვმღეროდით. სკოლის მერე აღარ მიმღერია, ვმღეროდი სახლში, მერე მივხვდი, რომ მიტაცებდა ფლამენკო და ესპანური ლირიული სიმღერები.

ჩემით დავიწყე სწავლა. მერე ისე მოხდა, რომ მიმიწვიეს ესპანურენოვან ჯგუფში "firebirds", ჯგუფის შემადგენლობა, რაღაც პერიოდის მერე დაიშალა და გადავედი სხვა ჯგუფში "ესპერა", იქაც დიდხანს არ ვყოფილვარ. ოჯახური პრობლემების გამო, წამოვედი.

_ შენს ცოცხალ იუმორზე აღარაფერს ვამბობ. საინტერესოა, როგორ გაგიგეს კასპელმა ქალბატონებმა შენი პაროდიები. ფაქტობრივად, შენი პოპულარობა ხომ ამ კლიპებმა მოგიტანეს?

_  ნათია, ჩემი უფროსი  და, იღებდა ჩემ, ე.წ. პაროდიებს და სოციალურ ქსელში დებდა. რაზეც ძალიან ბევრს ვხალისობდით. მწერდნენ, რომ ვარ ძალიან მაგარი, შეუდარებელი იმპროვიზატორი და ა.შ. ამ ვიდეობს ძალიან ბევრი ნახვა, კომენტარი და მოწონება ჰქონდა. რეიტინგული ვიდეოები იყო, როგორც ამბობენ, ასე ლაიქ-ლაიქ მოხვდა ,,ჩემი ცოლის დაქალების“ შემოქმედებითი ჯგუფის ხელში. ჰოდა, ასე გავხდი მეც დიდი ბიზნეს-ფლირტებით ბიზნეს-ლედი.

_ ვინ არის ლუნა? ან რატომ მოიპოვა ამხელა პოპულარობა? აქვს თუ არა მას საერთო ქეთი ხუციშვილთან?

_  ლუნა არის სოფლიდან ქალაქში  ჩამოსული გოგო, რომელსაც ამბიცია გაუჩნდა, რომ ყველაზე მაგარია და ყველაფერს მიაღწევს. ასევე, არ უნდა დავუკარგოთ ის ნიჭი, რომელიც მის ყოველდღიურ გაუსაძლის ყოფაში იკარგებოდა. მიზანდასახულია და იცის, რა უნდა ამ ცხოვრებაში. იცის საკუთარი თავის ფასიც და სწორედ ამ შარმს იყენებს მიზნის მისაღწევად. ქეთის და ლუნას საერთო რა აქვთ? საერთოდ, როგორ არის ნათქვამი _ პერსონაჟები ემსგავსებიან მსახიობებსო თუ პირიქით? ალბათ, გვაქვს საერთო, ისე ხომ არ შეიქმნებოდა ეს გმირი? ლუნა პოპულარული გახდა თავისი ნატურალიზმით, ქარიზმით და ფარული ნიჭით. კონტრასტული ქალია და ეს ყველაფერი ძლიერ მიზიდულობას იწვევს. ლუნას და ქეთის შორის ის მსგავსება რომ ორივეს სჭირდება სიყვარული, გარშემომყოფებისგან სითბო და კომფორტი.

_  ლუნა, რომ ბიზნეს-ფლირტებით კარიერას იწყობს გასაგებია. მაგრამ როგორია შეყვარებული ქეთი?

_  შეყვარებული ქეთი არის თბილი, მოსიყვარულე, კეთილი და მოკლედ ფრთიანი ანგელოზი.

_  ყველაზე ბანალური კითხვა: ახსოვს თუ არა ქეთის პირველი სიყვარული?

_  (ფიქრობს) არა, არ ახსოვს... ვერ ვიხსენებ.

_ როგორი ბავშვი იყო ქეთი?

_ ვიყავი ძალიან თამამი, თავისუფალი და კომუნიკაბელური ბავშვი. რომ ეთქვათ, ხალხმრავლობაში იმღერე ან იცკევე, არც კი დავფიქრდებოდი, ისე ვიწყებდი. ბავშვებზე მეტად მიყვარდა უფროსებთან  ურთიერთობა. შემეძლო მთელი დღე ჩემი კორპუსის ქვეშ მდებარე სტომატოლოგიურ კლინიკაში ვმჯდარიყავი ექიმის გვერდით ან იქვე მდებარე პოლიკლინიკის ადმინისტრაციაში. რას ვაკეთებდი იქ, არ მახსოვს, მაგრამ მიყვარდა იქ ყოფნა და ბევრ ხალხში ტრიალი. სხვა მხრივ ჩვეულებრივი სტანდარტული საბჭოთა ბავშვობა მქონდა.

_  რა აბედნიერებს ქეთის?

_ ქეთის აბედნიერებს, პირველ რიგში, მისი ერთადერთი შვილი გიორგი. გიორგის ყველა წარმატება და წინსვლა ჩემი დიდი მოტივატორია. ასევე მაბედნიერებს ადამიანების ბედნიერი სახეები და თითოეული ახლობლისა და მეგობრის სიხარული.

_  ფიქრობს თუ არა ქეთი, რომ ოცნებები სრულდება?

_ ოცნებები მაშინ სრულდება, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები.

_  როდის მიხვდი პირველად რომ პოპულარული იყავი?

_ პირველივე sms-იდან, რომელიც უცხო ადამიანიდან მივიღე.

_  არის თუ არა ქეთი ძლიერი ქალი და თვლის თუ არა ლუნას ძლიერ ქალად?

_ კი, ქეთიც ძლიერი ქალია და ლუნაც, თუმცა სიძლიერეს სხვადასხვანაირად ვამჟღავნებთ. ორივეს გვაერთიანებს საკუტარი თავის რწმენა და მიზანდასახულობა.

_  სჯერა თუ არა ქეთის თოვლის ბაბუის?

_ შენ წარმოიდგინე და სჯერა. თოვლის ბაბუისაც სჯერა და მეკვლესიც. ორი წლის წინ ახალი წლის ღამეს, საახალწლო ფეიერვერკებისგან შეშინებული მეზობლის ძაღლი შემომიხტა ფანჯარაში. ვიცოდი რომ წარმატებული წელი იქნებოდა. ასეც იყო.

_ ვის ან რას თვლის ქეთი უდიდეს მასწავლებლად?

_ ცხოვრებას! ყველაზე დიდი და მკაცრი მასწავლებელიც ცხოვრებაა.  გატკენს, გაგაბრაზებს კიდეც, წაგაქცევს და მერე ფეხზე ადგომასაც გასწავლის. ცხოვრება თვითონ შექმნის იმას შენგან, რაც შენ გინდა, რომ იყო.

_ სულ ახლახან ჩაიარა ახალმა წელმა, შობამ, კალანდამ. არ მიულოცავ საქართველოს?

_ ბედნიერება, სიხარული, ძალიან ბევრი წარმატება, ბევრი გამართლებული ბიზნეს-იდეა (ეს უკვე ლუნასგან), ჯანმრთელობა და სიკეთე არ მოკლებოდეს თითოეულ ადამიანს საქართველოში თუ მთელ მსოფლიოში. ომები არ ყოფილიყოს, მშვიდობით გვეცხოვროს!



არქივი