ძალიან ჩვენებური საღამო

gurianews.com

21-ს ქვევით

ძალიან ჩვენებური საღამო

იანვარი 25
11:59:20 2011

13 იანვარს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ზუმბამ და ანსამბლმა Мჩვენებურებმა” ძალიან ლამაზი და ოზურგეთელების თქმით, “ძალიან ჩვენებური” კონცერტი გამართეს.
ჩვენ ნატოში კი არა, მაკდონალდსში შესაშვები არ ვართ, ეს გურულს უთქვამს თურმე,” _ გვითხრა ზუმბამ ოზურგეთის თეატრში 13 იანვარს გამართულ კონცერტზე.
მომღერალმა ეს მას შემდეგ თქვა, რაც დამსწრე საზოგადოებას ფონოგრამის ჩაწერის და მათი შემსრულებლების უნიჭობაზე უამბო:
_ დასარტყამი ინსტრუმენტი ზოგიერთს თვალით არ აქვს ნანახი. ისე იწერება ფონოგრამა არც კი იციან, რა არის ამისთვის საჭირო. არც  მე და არც ჩემს მეგობრებს ფონოგრამა არასოდეს ჩაგვიწერია, _ აღნიშნა ზუმბამ.
კონცერტი კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა და ოზურგეთში მასპინძლობა კულტურის სამსახურმა გაუწია. უნდა აღინიშნოს, რომ გაყინული დარბაზის მიუხედავად, ზუმბამ და “ჩვენებურებმა” მართლაც საახალწლო განწყობა შექმნეს. ამიტომ, დაგეგმილი 1 საათის ნაცვლად, ღონისძიებამ 2 საათს გასტანა.
ამ დღეს ოზურგეთელებმა ზუმბა არატრადიციულ ამპლუაშიც ნახეს.
_ “მე, შენ და ეს ღამე... მე შენ და ეს ღამე” _ მღეროდა, ცეკვავდა და კოლეგებს დასცინოდა იგი.
მომღერალმა დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტრადიციული, ნამდვილი სიმღერა გულიდან მოდის.
13 იანვარს, ოზურგეთის თეატრის სცენაზე საქართველოს ყველა კუთხის სიმღერები აჟღერდა. ზუმბას და Мჩვენებურებს” საგალობლებიც არ დავიწყებიათ და ალბათ, ამიტომაც გამოვიდა საღამო მართლაც “ჩვენებური”.
კონცერტის დასასრულს ზუმბამ ჩვენს რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
_ ძველით ახალი წლის შეგრძნება ყველაზე მეტად გურულებს აქვს. კალანდობა თქვენია და ამიტომაც ვარ დღეს თქვენთან (საუბარი ჩაწერილია 13 იანვარს).
_ ოზურგეთს ძალიან ხშირად სტუმრობთ... რასაც ვერ ვიტყვით ჩოხატაურზე. თუ არ ვცდებით ნამყოფიც კი არ ხართ...
_ ჩოხატაურში ბევრჯერ ვყოფილვარ და მიმაჩნია, რომ გურულების დედაქალაქია თავისი ტრადიციებით, იუმორით, სიმღერით. კონცერტი კი მართლაც არასდროს ჩამიტარებია და ეს მეც მაწუხებს. პრინციპში მოწვევაც არასდროს მქონია.
_ დღეს ძალიან ბევრი იხუმრეთ და რბილად რომ ვთქვათ კოლეგებს დასცინეთ.
_ ჩვენს იმისთანა ერი ვართ, ისეთი სიმღერების და ლექსების პატრონი, რომ გადაშენება არ გვიწერია. თუმცა, მიმაჩნია, რომ უნიჭო სიმღერებით, ფონოგრამაზე ამოძრავებული ტუჩებით და საშინელი მანჭვაგრეხვით ჩვენს ტრადიციებს და კულტურას ვაყენებთ შეურაცხყოფას. მე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ყველა კუთხეში. კარგად ვიცი სად და როგორ მღერიან. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ადამიანების პოპულარიცაზია უნდა გავწიოთ და არა იმათი, ვინ ისიც კი არ იცის როგორ იწერება ფონოგრამა. ხშირად ვხუმრობ, ფონოგრამა სახლში დარჩამეთქი. არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ფონოგრამაზე მემღეროს. ასევეა ჩემი მეგობრებიც.
_ როგორ ფიქრობთ, მომავალი თაობა ტრადიციების შენარჩუნებას შეძლებს?
_ აუცილებლად და ჩვენ ამაში ხელი უნდა შევუწყოთ. მართლა კარგი თაობა მოდის. ხანდახან როცა მათ ნამღერს ვუსმენ, ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმით, რომ მათ აინტერესებთ ჩვენი ტრადიციები, ფოლკლორი და ეს იმას ნიშინავს, რომ ჩვენ არასოდეს გადავშენდებით, _ აღნიშნა მომღერალმა.



არქივი