ჩოხატაურის ცენტრში კულტურის სახლი აშენდება

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურის ცენტრში კულტურის სახლი აშენდება

ივლის 26
11:52:40 2012
ამის შესახებ მინისტრმა,  კულტურის სახლის პრეზენტაციის დროს განაცხადა."მედიაკომპასის" მონაწილეები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ლელა იმედაშვილს ამ თემის დეტალებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

_ ეს პრობლემა ჩოხატაურს 2007 წლიდან, მას შემდეგ აწუხებს, რაც კულტურის სახლი დაიწვა. დიდი ხანია, საუბრობენ აქილევსის ქუსლად ქცეული კულტურის სახლის მშენებლობის დაწყების შესახებ. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ მოხერხდა ახალი კულტურის სახლის აშენება და ახლა ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილის მხარდაჭერით და ძალისხმევით ჩოხატაურში ახალი კულტურის სახლის მშენებლობის საკითხი მოგვარებულია. პროექტი, რომელიც ჩვენ უკვე ვნახეთ და რომელიც შედგენილია საკმაოდ ცნობილი არქიტექტორის მიერ, ძალიან ლამაზია და მე ვფიქრობ, ეს იქნება ამ ცენტრის საუკეთესო შენობა-ნაგებობა. იქნება ძალიან ლამაზი, ძალიან ორიგინალური და დაამშვენებს ნამდვილად ჩვენს ჩოხატაურს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

_ სად აშენდება?

_ სავარაუდოდ, ალბათ იქ, სადაც ახლა დროშებია აღმართული, ანუ დაბის ცენტრში, ცენტრალურ ადგილზე, დიდი ალბათობით აქ აშენდება.

_ ახალი შენობა შენდება თუ კულტურის სახლი დაუსრულებელ ნაგებობაში განთავსდება, რომელიც დროშების უკან მდებარეობს?

_ ვნახოთ, პროექტი რა ფართს დაიჭერს, უკვე როცა გაკეთდება ამ პროექტის დეტალური ანგარიში (ვგულისხმობ ზომებს, ფართებს), ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას.

_ რა თანხებია გამოყოფილი?

_ ჯერ თანხა გამოყოფილი არ არის, უბრალოდ, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი არსებობს. ამის შემდეგ არის დამუშავების ეტაპი, თანხების დაზუსტება, სამუშაო მოცულობების დაზუსტება, ფართის დაზუსტება და ასე შემდეგ.

_ ცნობილია როდის დაიწყება მშენებლობა?

_ მე რამდენადაც ვიცი, ძალიან მალე. კონკრეტულ თარიღს, როცა დავიწყებთ და საძირკველს ჩავყრით ყველა დაინახავს.

_ მშენებლობაზე თუ დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი?

_ რა თქმა უნდა. ჩვენ ვცდილობთ, ყველა პროექტში, რომელიც მიდის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და რა თქმა უნდა, სოფლის პროექტებში მაქსიმალურად იქნეს გამოყენებულ ადგილობრივი მუშახელი, ოღონდ აქ, რა თქმა უნდა, არის საუბარი იმაზე, რომ ზოგიერთი სამუშაო ძალიან სპეციფიკური, სპეციალისტი სჭირდება. თუ იმ რანგის სპეციალისტი, რომელსაც მსგავსი სამუშაოების შესრულება შეეძლება ჩოხატაურში არ იქნება, მაშინ ბუნებრივია, ის ვერ მოხერხდება იმიტომ, რომ ბუნებრივია, ხარისხიანად და კარგად უნდა გაკეთდეს. რისი სპეციალისტებიც შეიძლება, ჩვენთან მოიძებნოს და რა სამუშაოს შესრულებასაც ადგილობრივი შეძლებს, მაქსიმალურად იქნება ჩართული ადგილობრივი.

_ დროშების უკან მდგარი შენობა ვის მფლობელობაშია?

_ თქვენ მოხვედით ჩემთან, რომ ვისაუბროთ კულტურის სახლზე და არ კონკრეტულად იმ შენობაზე (უცნაურია, როცა გამგებელი კონკრეტულ საკითხებზე საუბარს გაურბის და კითხვებს, რომელიც არა მხოლოდ პროექტის მონაწილეებს აინტერესებთ, პასუხს არ სცემს რედ.) და დავადგინოთ ფართები. როგორც გითხარით, დავადგინოთ მშენებლობის მოცულობა და შემდეგ გამოჩნდება ყველაფერი.

_ რამდენ მაყურებელზეა დარბაზი გათვლილი?

_ სამასიდან-ოთხასამდე.

_ რამდენი წრე იფუნქციონირებს?

_ იქ იქნება კინოთეატრი და გადავა კულტურის სამსახური, კულტურის ცენტრი. იმუშავებენ ანსამბლები, რომლებიც ახლა კულტურის ცენტრში მოღვაწეობენ. მათ ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება ექნებათ. განთავსდება სარეპეტიციო დარბაზები და, რა თქმა უნდა, საკონცერტო დარბაზი, სადაც ჩვენ შეგვეძლება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩავატაროთ.

_ რა ბედი ეწევა კულტურის სახლის ძველ შენობას?

_ ძველი შენობის დემონტაჟზე, კარგა ხანია, გამოცხადებულია აუქციონი. უკვე მესამედ გამოაცხადეს, მათ შორის "გურია ნიუსის" საშუალებით და სხვადასხვა გაზეთებითაც. აუქციონი ცხადდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 



არქივი