"მინდა, რომ სამსახური მქონდეს"

gurianews.com

21-ს ქვევით

"მინდა, რომ სამსახური მქონდეს"

თებერვალი 20
23:18:57 2011

მან ძალიან კარგად იცის კომპიუტერი და კომპიუტერული პროგრამები, ასევე ძალიან უყვარს, როდესაც კლიპებს აკეთებს, ჰყავს მეგობრები და ყველაზე მეტ ხანს მუსიკას უსმენს.
გურიის ახალგაზრდული გაზეთის სტუმარი გურიის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარი ლევან ტონაგანიანია.  18 წლის ლევანი ოთხი წელია ასოციაციაში დადის და  ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა.
_ ლევან, როგორია შენი ცხოვრების ერთი დღე.
_ ცვალებადია, ხან მზეა, ხან წვიმს და ხან კიდევ ღრუბელია, უფრო მოსაწყენი იქნებოდა კომპიუტერი რომ არ მქონოდა.
_ თანატოლებთან თუ გრძნობ განსხვავებას?
_ ვგრძნობ, მე ვერ ვმეტყველებ კარგად და ისინი ვერ მიგებენ. ამიტომ, როდესაც რამეს მეკითხებიან მობილურში ვწერ პასუხს ან ინტერნეტით ვწერ . მე ამის გამო სკოლაში არასოდეს არ ვყოფილვარ. პირველი ნაბიჯები 12 წლისამ გადავდგი, წერა-კითხვა დედამ მასწავლა. როდესაც ჩემი დის გაკვეთილებს იბარებდა დედაჩემი მე იმას ვსწავლობდი გაგონებით. ვიცი ოთხი ენა,  რუსული მამაჩემმა მასწავლა.
_ ვიცი, რომ კომპიუტერის «მასტერს» გეძახიან, ვინ გასწავლა კომპიუტერული პროგრამები?
_ 14 წლის ასაკში კომპიუტერი ოფისში ვისწავლე. გია კვერღელიძემ მასწავლა, შემდეგ კი გიაზე მეტად ვისწავლე. ცოტა ხანი პროგრამისტთან, ლევან ღლონტთან დავდიოდი.
_ კომპიუტერული თამაშები გიყვარს?
_ თამაშები იმდენად არ მიყვარს, პროგრამების ჩაწერა ან კლიპების გაკეთება უფრო მირჩევნია.
_ ახლა მეგობრებზეც ვისაუბროთ.
_ მეგობარი ბევრი მყავს. როდესაც სკაიპი ჩავრთე პირველად, იქ ერთი თბილისელი შემომეხმიანა და დავმეგობრდით, სამი წელი ერთმანეთთან მიწერ-მოწერა გვაქვს.
_ მახსოვს ერთხელ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს შევხვდი, რა განცდა ჰქონდა იმ დღეს?
_ პატრიარქის იმის შემდეგ ორჯერ ვნახე. სულიერ სიმშვიდეს ვგრძნობდი.
_ რატომ არის შენს მიერ გაკეთებული კლიპები ყოველთვის სიყვარულზე?
_ ერთხელ, გურიის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარებთან ერთად ექსკურსიაზე ვიყავით, იქ დავინახე ერთი გოგო და შემიყვარდა, თანაც ძალიან, რის შემდეგ დავიწყე კლიპების შექმნა სიყვარულზე, ნერვები მომეშალა, როდესაც მასაც არ შევუყვარდი, მას შემდეგ მუსიკას ვუსმენ, შემიყვარდა ის გოგო და რა ვქნა?
_ საუბრის დასასრულს, რას გვეტყოდით?
_ გისურვებ ყოველივე საუკეთესოს და ჯანმრთელობას. ერთი თხოვნა და სურვილი მაქვს, ვიცი კომპიუტერული პროგრამები და მინდა, რომ სადმე ვიმუშაო, იმედია, ჩემს თხოვნას გაითვალისწინებენ.
ლევანის დედა, მზია თოიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  მის ოჯახს, მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, სამედიცინო პოლისიც კი არა აქვს:
_ ოჯახში, თითქმის ყველა ჯანმრთელობას ვუჩივით და მედიკამენტების ყიდვა ხშირად გვიწევს, ლევანიკოს თითქმის ყოველთვე სჭირდება ექიმი და წამლები, რაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ორჯერ იყო სოციალური აგენტი მოსული, მაგრამ საკმარისი რაოდენობის ქულა არ მოგვანიჭეს. არადა, ძალიან საჭიროა ჩემი ოჯახისთვის ეს პოლისი.  სახლში გვაქვს ტელევიზორი, კომპიუტერი, რომელიც გვაჩუქეს, მაცივარი და სარეცხი მანქანაც გვაქვს და ალბათ, ამის გამო მილიონერები ვეგონეთ. შეიძლება ასე მოხდეს სამედიცინო პოლისის გაცემა? _ გვითხრა ქალბატონმა მზიამ.
სოციალური მომსახურების გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, ვასილ ხომერიკის თქმით, ოჯახში მისული სოციალური აგენტი სოციალურ მდგომარეობას სრულად სწავლობს:
_ ამ ოჯახმა  დახმარება და პოლისი მაღალი ქულების გამო ვერ მიიღო. ქულები კი სოციალური მდგომარეობის ასახვიდან გამომდინარე იწერება. ამ ოჯახს დაზღვევისთვის სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს შეუძლია მიმართოს. როგორც ვიცი, კომპანიებს ბევრი სახის მომსახურება აქვს , _ აღნიშნა ხომერიკმა.



არქივი