რა მისწერა ბარაკ ობამამ 17 წლის გურულ გოგონას

gurianews.com

21-ს ქვევით

რა მისწერა ბარაკ ობამამ 17 წლის გურულ გოგონას

თებერვალი 20
23:20:20 2011

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ნინო ჭელიძე, ფლექსის პროგრამის გამარჯვებულია. ნინომ 2009-2010 სასწავლო წელი ამერიკულ სკოლაში გაატარა და როგორც ამბობს, გამოცდილებით და შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდა.
_ მეთერთმეტე კლასში უკვე ამერიკაში ვიყავი. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება იქ გატარებული დღეები. თითქმის, ყოველი დღე  დატვირთული მქონდა. შევიძინე კარგი მეგობრები. ერთი წელი ვცხოვრობდი ტენისის შტატში, ქალაქ გრინვილში.
_ ვისთან ერთად ცხოვრობდით?
_ ფლექსის პროგრამის მიხედვით ირჩევა ოჯახებიც, აქაც გამიმართლა და კარგ ოჯახში მოვხვდი. როდესაც ჩავედი შერჩეულ ოჯახში, ბავშვი დაიბადა ანუ ჩემს გარდა, კიდევ ერთი წევრი შეემატა, სულ შვიდი ადამიანი ვცხოვრობდით ერთ სახლში. არის შემოთავაზებები, რომ ამერიკაში გავაგრძელო სწავლა კოლეჯში, მაგრამ, არა მგონია, ეს მოხდეს. ახლა, ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები.
_ სწავლის გარდა, რას საქმიანობდით, თავისუფალი დროს როგორ იყენებდით?
_ ფლექსის პროგრამის ფარგლებში უნდა მიგვეღო მონაწილეობა მოხალისეობის საათებში, რაც საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. მუზეუმში, კომპიუტერების მაღაზიაში ვმუშაობდი, სკოლის ღონისძიებებში ვმონაწილეობდი _ სულ 302 საათი დავაგროვე, გადმომეცა ბარაკ ობამას წერილი, ფულადი ჯილდო და მედალი. სკოლაში სწავლა იწყებოდა დილის რვის ნახევარზე და დღის სამ საათზე ვთავისუფლდებოდით., რის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს, შემდეგ სახლში ბავშვებთან ერთად ვიყავი.
_ თქვენ ახსენეთ, რომ ბარაკ ობამამ წერილი მოგწერათ, რას გწერდათ?
_ მოხალისეობრივი სამუშაოსთვის ამერიკის პრეზიდენტი მადლობას მიხდიდა, ეს კონკურსი იყო იქ მყოფი მოზარდებისთვის და ყველაზე მეტი ქულა მე დავაგროვე.
_ ამერიკელ ახალგაზრდებზე რას გვეტყოდით?
_ სტუმართმოყვარე ხალხი არიან ამერიკელები, თბილად მიმიღეს, როდესაც ჩავედი, კარგად ინგლისური ენა არ ვიცოდი და ძალიან დამეხმარა მასპინძელი ოჯახი და იქ შეძენილი მეგობრები. თავისუფლები არიან ახალგაზრდები, ბევრ საინტერესო ღონისძიებებს აკეთებენ.
_ როგორი სწავლებაა ამერიკულ სკოლებში?
_ სკოლებში ძალიან სიმკაცრეა, იქ საფუძვლიანად გვასწავლიდნენ ყველაფერს, სულ ტესტები და გამოცდები იყო, კვირაში ალბათ, ხუთჯერ მაინც. სამართლიანად ტარდებოდა ეს ყველაფერი.
_ ახლა რას აპირებთ?
_ ჯერ სკოლაში რვა გამოცდა უნდა ჩავაბარო, შემდეგ ერთიანი ეროვნული გამოცდები, ვაპირებ საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით მოვსინჯო ჩემი ძალები.
_ რვა გამოცდაზე რას გვეტყოდით, ხშირად ყოფილა საუბარი მოსწავლეების მხრიდან, რომ მათ სამართლიანად არ ექცევიან,
_ სამართლიანი იქნებოდა, როდესაც, ეს ყველაფერი პირველი კლასიდან დაწყებულიყო. მოკლედ, ძალიან ბევრი გამოცდების ჩაბარება მიწევს, ამერიკაშიც მომიწია და აქაც უნდა ჩავაბარო.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ნინო ჭელიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა და თბილისში დაჯილდოების ცერემონიაზე არის მიწვეული.



არქივი