"ისევ იმ შიშით გვიწევს ცხოვრება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, ჭერი თავზე ჩამოგვენგრეს"

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ისევ იმ შიშით გვიწევს ცხოვრება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, ჭერი თავზე ჩამოგვენგრეს"

დეკემბერი 27
18:09:00 2012

ჩვენ იშვიათად გვიწევს პირისპირ შევეჯახოთ და დავინახოთ ისეთი ძალიან მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, როგორიც ყოფილი სპორტსკოლის შენობაში განთავსებულ ბინებში ვნახეთ. ჩვენ აქ პირველად მოვხვდით და როდესაც გავაცნობიერეთ, რა ხდებოდა ირგვლივ, დაგვავიწყდა დანარჩენი სამყარო. იქაურობა, თითქოს, გარიყული იყო, ბევრისთვის შეუმჩნეველიც... თუმცა იქ, დანგრეულ კედლებში ისმოდა სიცოცხლის ხმა, ისმოდა მომავლისა და თანასწორობის გამოძახილი _ "სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო... უბრალო დღიური ლუკმის მუშად რომ დარჩე, თუ შეიქნე მბრძანებელი მბრძანებელთა ზედა, _ ნუ დაივიწყებ, რომ კაცი ხარ და შენს გარს მყოფნიც შენისთანავე კაცები არიან! შენსავით მათაც გული აქვთ, რომელიც შენი გულივით მოძრაობს, შენი გულივით ჰგრძნობს“ (ალ.ყაზბეგი)...

ამ შენობაში ექვსი ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. სახურავის გარკვეული ნაწილი გასულ წელს დიდთოვლობის გამო ჩაიმტვრა, შენობის 1/3-ზე მეტი წვიმის დროს წყლით ივსება, ბინაში წყალი არ არის და ახლოს მდებარე ჭიდან მოაქვთ, ფანჯრებზე გაკრული აქვთ პოლიეთილენის სქელი პარკები, ტომრები და ა.შ.

ამ შენობაში წლებია პატარები ცხოვრობენ... მათ ხშირად სცივათ, ხშირად შიათ...

სკოლაში ზოგჯერ უსახსრობის გამო ვერ დადიან _ ან ტანსაცმელი არ აქვთ, ან ფეხსაცმელი, ან სასკოლო ნივთები...

ისინი პატარები არიან, თუმცა თავიანთ მძიმე ყოფას დიდებივით განიცდიან.

ჩვენთან ბევრი ისაუბრეს, თავიანთი ტკივილიც გაგვიზიარეს, მაგრამ მათ სახეებს დღეს არ გიჩვენებთ. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ ისინი აქვე, ჩვენს მახლობლად ცხოვრობენ და მათ ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება.

იმას, თუ რა პრობლებებთან უწევთ გამკლავება ამ ბავშვების მშობლებს, თავად გვიამბობენ:

დალი შეროზია: უკვე 22 წელია, ამ ოთახში ვცხოვრობ შვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად.მთელ სახლში წყალი ჩამოდის. მანამდე ჭავჭავაძის 16 ნომერში ვცხოვრობდი. სახლი მიწისძვრამ დამინგრია და მაშინდელმა გამგებელმა, გია ცინცაძემ აქ გადმომიყვანა. 8 თვის წინ, პირველი ჯგუფის ინვალიდი, 58 წლის მეუღლე გარდამეცვალა. ოჯახში არავინ ვმუშაობთ. მე ორივე ფეხის მენისკი მაქვს და გადაადგილება მიჭირს. ვარ პენსიონერი და ასევე მაქვს სოციალური დახმარება _ 78 ლარი. 3 წლის განმავლობაში, დავალიანების გამო, უშუქოდ ვიყავი და როდესაც ქმარი გარდამეცვალა, გამგეობამ გადმომირიცხა 300 ლარი, რის შემდეგაც ჩამირთეს შუქი, გადასახადებსა და მედიკამენტებზე შეღავათები არ გვაქვს. გასულ წელს გოჩა ჯინჭარაძე დაგვეხმარა ცოტაოდენი შეშით, წელს კი უშეშოდ ვარ. გვითხრეს, ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არისო. შემომთავაზეს კოხნარში გადასვლა, მაგრამ იქ ამაზე უარესი პირობებია. აქ ყველაფერი პრობლემაა, სახურავმა დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ჩაინგრა. მომსვლელი ბევრია, მაგრამ შედეგი არ არის. წინა წლებში რამდენჯერმე იყო ახალი წლისთვის დახმარება, მაგრამ წელს ჯერ არაფერი ჩანს. მხოლოდ ეკლესია გვეხმარება პურით. მაშინ, როდესაც სააკაშვილი ბახმაროში მიდიოდა და ვერტმფრენი აქ უნდა დამჯდარიყო, ჩვენი სახლები გაჩხრიკეს, ასევე როცა ბაქრაძე ჩამოვიდა და დაინახა, რომ ამ "სახლში" ადამიანები ცხოვრობდნენ, არც მას უკითხავთ, როგორ ცხოვრობდნენ აქ. მგონია, რომ ახალი წლიდან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, მომავლის იმედი მაცოცხლებს და ჩვენი ახალგაზრდობის მჯერა.

ნარგიზა ჩხაიძე: ოჯახური პრობლემების გამო, უკვე ხუთი წელია, ამ ორ ოთახში ვცხოვრობ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სახლს ნორმალური ფანჯრები არ აქვს. აქ მაცხოვრებლებიდან ყველაზე რთულ პირობებში მე ვცხოვრობ. ზოგჯერ, როცა საჭმელი არ მაქვს ან ძალიან ცოტაა, მე არ ვჭამ, რომ შვილები შაბათ-კვირას მშივრები არ მყავდეს. სხვა დღეებში ერთი სკოლაშია, მეორე _ ბაღში და ამით უფრო იოლად გავდივარ. ცეცხლს მათ მოსვლამდე არ ვანთებ, რომ შეშა გამოვიზოგო. გასულ წელს დახმარება მივიღე გამგეობიდან და სამრევლო სკოლიდან. პირველყოფილივით ვცხოვრობ, იატაკის ნაცვლად მიწა მაქვს, თუმცა, უფლის მწამს და მჯერა, რომ დამეხმარება. დასუფთავების კომიტეტში ვმუშაობ, თვეში 140 ლარი მაქვს ხელფასი, ასევე ვიღებ სოციალურ დახმარებას, 70 ლარს. სახლი რომ მქონდეს, უფრო იოლად გავიდოდი. სახურავი რომ ჩამომენგრა, გამგეობიდან იყვნენ მოსულები, როცა მიდიოდნენ, ერთ-ერთმა მეორეს გადაულაპარაკა: "ეს უჩვენოდ ვერ გაძლებსო“. დაპირებები ბევრია, მაგრამ შედეგი არ ჩანს... ისევ იმ შიშით მიწევს ცხოვრება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება, ჭერი თავზე ჩამომენგრეს. სამი თვის წინ ფეხები და მუცელი დავიწვი, არ მეგონა ამდენსაც თუ შევძლებდი.

თამილა გოგოლაძე: ოთხი წელია, აქ ვცხოვრობ 19 წლის შვილთან ერთად, რომელსაც შიდა თავის ქალის წნევა აქვს და ძლიერი ტკივილები აწუხებს. მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვუკეთო წამალი, რომელიც 30 ლარი ღირს, დახმარება კი 48 ლარი მაქვს. შეშას მე თვითონ ვეძებ, შემოსასვლელში წყალი ჩამოდის, სახლს ფანჯრები არ აქვს და ამიტომ ვერ თბება. არანაირი შეღავათი არ მაქვს. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობ. დავალიანების გამოდენი გამორთული მაქვს და გადახდას ვერ ვახერხებ.

ნუნუ კალანდაძე: 19 წელია, აქ ვცხოვრობ. ოჯახში შვიდნი ვართ. სტაბილური სამუშაო არცერთს არ გვაქვს. შარშან ლელა იმედაშვილი შეშით დაგვეხმარა, შენობის სახურავს ჩვენ თვითონ მივხედეთ, შენობის სხვა ნაწილივით, ესეც ჩამოინგრეოდა. ყველაზე მეტად წყლის პრობლემა გვაწუხებს, წყალს ჭიდან ვეზიდებით. ახალ წელს იმ იმედით ვხვდებით, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

P.შ. თუკი ამ ადამიანების დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, მიბრძანდით ჩოხატაურის წმიდა იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ან წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრებში, მესანთლესთან იკითხეთ "ურთიერთის სიმძიმენი იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი და იქნებით ბედნიერნი" ან დარეკეთ:

ტელ: (568) 733444, (598) 996317.

 

 

 



არქივი