1650 ლარი ჭოხონელიძის სტუმრობისთვის

gurianews.com

21-ს ქვევით

1650 ლარი ჭოხონელიძის სტუმრობისთვის

მარტი 14
21:56:41 2011

გასულ კვირას ჩოხატაურს თამრიკო ჭოხონელიძე სტუმრობდა. დარიგებული მოსაწვევების თანახმად, მომღერალი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გამგეობამ და გამგეობის კულტურის სამსახურმა მოიწვია. ჭოხონელიძე "იავნანას" საღამოს დაესწრო და ჩოხატაურელ მსმენელს 5 სიმღერა შეუსრულა. ცნობილი მომღერლის გამოსვლამდე კი, "იავნანას" სხვადასხვა ვარიანტი შეასრულეს: ანსამბლმა "მანდილმა", ანსამბლმა "გურიამ", კულტურის ცენტრთან არსებულმა მგალობელთა გუნდმა და მუსიკალური სკოლის კვარტეტმა.

ღონისძიების დასასრულს, მადლობა გადაუხადეს კულტურის სამსახურის უფროსს დოდო მამალაძეს, «მის გოგონებს" და პირველი საჯარო სკოლის დირექტორს მანანა ჯინჭარაძეს _ ღონისძიების სცენარისთვის. მადლობა არ გადაუხდიათ მხოლოდ ხალხისთვის, ვის მიერ შევსებული ბიუჯეტითაც დაფინანსდა აღნიშნული ღონისძიება, რომელიც 1 650 ლარი დაჯდა.

კონცერტი ვიწრო სეგმენტისთვის იყო გათვლილი და მასზე დასწრება მოსაწვევებით გახლდათ შესაძლებელი.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული 1 650 ლარი ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხიდან გაიცა, რომელიც წლევანდელ ბიუჯეტში სულ 8 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიება 7 მარტს გაიმართა, თუმცა, მზადება გაცილებით ადრე დაიწყეს _ ჯერ კიდევ 21 თებერვალს, ხელშეკრულება გაუფორმდა ინდმეწარმე რამაზ უნგიაძეს, რომელსაც ჭოხონელიძე ჩოხატაურში უნდა ჩამოეყვანა, შემდეგ უკან დაებრუნებინა და ამისთვის 700 ლარი მიეღო. ხელშეკრულებას თანდართულ ანგარიშ-ფაქტურაში გარკვევით წერია, რომ უნგიაძემ თბილისი-ჩოხატაური და ჩოხატაური-თბილისის რეისით პატივსაცემი მომღერლის ტრანსპორტირება 700 ლარად შეასრულა. ანგარიშ-ფაქტურა გამოწერილია ხელშეკრულების გაფორმების დღეს _ 21 თებერვალს. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, მომღერალი ჩოხატაურს 7 მარტს სტუმრობდა.

ამ სოლიდური ანაზღაურების შესახებ რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ჭოხონელიძე ჩოხატაურში საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა.

რამაზ უნგიაძე, რომელიც ჭოხონელიძეს უნდა მომსახურებოდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის დავით ჯინჭარაძის სიძეა და ჩვენთან საუბრისას ადასტურებს, რომ მომღერალი მას არ ჩამოუყვანია:

_ ბატონო რამაზ, ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, თამრიკო ჭოხონელიძის ტრანსპორტირება თქვენ მოახდინეთ.

_ დიახ...

_ მომღერალი რომ ჩოხატაურში საკუთარი ავტომობილით ჩამოვიდა?

_ მე უნდა ჩამომეყვანა, მაგრამ მერე შეიცვალა სიტუაცია.

_ ადასტურებთ, რომ ჭოხონელიძე თქვენ არ ჩამოგიყვანიათ?

_ არა, მე არ ჩამომიყვანია.

_ ბატონო რამაზ, არსებობს ხელშეკრულება, ასევე ანგარიშ-ფაქტურა, სადაც ხელმოწერით არის დადასტურებული, რომ თანხა მომსახურებაში აიღეთ, რომელიც სინამდვილეში არ შესრულებულა.

_ ჩვეულებრივ გადმომირიცხეს ეს თანხა, შემდეგ შეიცვალა, აღარ გვჭირდებაო. თანხა დასაბრუნებელია, ან სადღაც დაჭირდებათ წაყვანა. ნორმალურ ფარგლებში იქნება ყველაფერი, _ დააზუსტა უნგიაძემ.

ოფიციალურად მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 8 მარტის ღონისძიების გასამართად, კინოთეატრ «გურიის" დარბაზის ქირავნობის, სცენის მოწყობისა და ვიდეოგადაღებისთვის 550 ლარი ინდმეწარმე ომარ ძმანაშვილს გადაუხადეს.

ძმანაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარბაზის ერთი დღით ქირაობა 200 ლარი ღირს. ჩვენს შეკითხვაზე თუკი ერთი დღე 200 ლარი ღირს, რატომ გადაახდევინა 550 ლარი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გვიპასუხა:

_ იქ სცენა იყო მოსაწყობი და რაღაცეები.

_ სცენის მოწყობას რას ეძახით, ერთი ხალიჩა რომ ჩამოკიდეთ და აკვანი დადგით?

_ ხალიჩას ჩამოკიდება ხომ უნდოდა?! _ გვითხრა ძმანაშვილმა და აღნიშნა, რომ 550 ლარი მან სრულად მიიღო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოგადაღება, რომელსაც ძმანაშვილთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა, საერთოდ არ მომხდარა, თუმცა, ანგარიშ-ფაქტურაში, რომელსაც ხელს მიმღები პასუხისმგებელი პირი აწერს, წერია, რომ ვიდეო გადაღება მოხდა.

კიდევ ერთი ხელშეკრულება ინდმეწარმე ხათუნა ჯიქიასთან არის გაფორმებული _ მისთვის 150 ლარი ყვავილების შესაძენად გადაურიცხავთ. ყვავილების გამყიდველის მტკიცებით, კულტურის სამსახურს 100 ცალი მიხაკი გაატანა, თუმცა, ღონისძიებაზე ქალბატონ თამარს ათიოდე წითელი მიხაკი და ამდენივე თეთრი ფერის მიხაკი დედამისს გადასცეს. იქ დამსწრე სხვა არც ერთი ქალბატონისთვის რვა მარტის აღსანიშნავად ყვავილები არ გადაუციათ.

ამ მასალის მზადებისას გავარკვიეთ, რომ ჭოხონელიძისთვის საჩუქრად სადილის სერვიზიც გადაუციათ, რომელიც ვინმე ნესტან ადღულაძესთან 250 ლარად არის შეძენილი. ანდღულაძის მაღაზიაში მისულებმა 250-ლარიანი მსგავსი საქონელი ვერ აღმოვაჩინეთ. იმავე მაღაზიაში მყოფმა გამყიდველებმა კი გვითხრეს, რომ ასეთი ძვირადღირებული სერზივი გასაყიდად მაღაზიაში არ ახსოვთ. თავად ანდღულაძემ კი აღნიშნა, რომ სადილის სერვიზი შეკვეთით ჩამოიტანა და მასში 250 ლარი ნამდვილად აიღო.

გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ლელა თავართქილაძემ ადმინისტრაციის ფუნქციების განმარტვის შემდეგ, ჩვენთვის რჩევა-დარიგება არ დაიშურა თუმცა პირობა მოგვცა, რომ ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

_ მე ამ ეტაპზე არ მაქვს მსგავსი ინფორმაცია და ვერც სიყალბის ჩადენაში დავადანაშაულებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. თუმცა აუცილებლად დავინტერესდები, რასთან გვაქვს საქმე. რაკი კანონები ასე ზედმიწევნით იცით, ისიც უნდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია თვითმმართველი ერთეულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს კანონით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში. კერძოდ, ესაა მათ მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საქართველოს კანონდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში კონტროლის განხორციელება. სხვა მხრივ, თვითმმართველი ერთეული დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც გააჩნია საკუთარი შემოსულობები და მათი დამოუკიდებლად განკარგვის უფლებები. შესაბამისად, თუკი გაქვთ მტკიცებულება იმაზე, რომ ვიღაცამ დანაშაული ჩაიდინა ან კონკრეტულ ადამიანთა უფლებები დაირღვა, ან საქართველოს კანონმდებლობლის მოთხოვნებია უგულებელყოფილი, უნდა მიმართოთ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს. ჩვენ არ ვართ მოკვლევის ორგანო, რომ ვიღაცა დანაშაულში ვამხილოთ. ეს, მინიმუმ, არაკვალიფიციურობა იქნება ჩვენი მხრიდან. დავძენ იმასაც, რომ ნებისმიერი მხარჯავი დაწესებულების მიერ განხორციელებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია საჯარო და თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია. რატომ მიდის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა მაქსიმალური ღიაობისკენ? ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მინიმუმამდე დავიდეს ინტერესთა კონფლიქტი და კანონის ფარგლებში მოხდეს საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, _ აღნიშნა თავართქილაძემ.



არქივი