ქეთევან დუმბაძე: _ მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ქეთევან დუმბაძე: _ მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს

მარტი 20
23:31:27 2011
სანამ...

ქალბატონ ქეთევანს შევხვდებოდი, ცოტა ლოდინი მომიწია. ასეც სჯობდა. სახლ-მუზეუმთან ახლოსაა "მზიური". რამდენიმე წუთში ჩემთვის საყვარელი პერსონაჟების ქანდაკებები ვნახე. პარკში უფრო მეტად შეყვარებულ წყვილებს შეხვდებით. ახალი თაობა პარკის ხშირი სტუმარია და ყველაში ხატიას, ზურიკელას, სოსოიას და მერის ამოიცნობ. უფრო მეტად "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" გმირების ქანდაკებასთან ჩერდებიან და იქვე იხსენებენ მათთვის საყვარელ ოლღა ბებიას, ილარიონ შევარდნაძეს, ილიკო ჩიგოგიძისა და ზურიკელას ისტორიას. შორს წასვლა ვერ მოვასწარი. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა... ქალბატონი ქეთევანი მომესალმა და გზა მწერლის სამყაროში განვაგრძეთ.

მზით აღვსილი ოთახი

პირველად ის ოთახი ვნახე, რომელიც ნოდარ დუმბაძეს ძალიან უყვარდა. ოთახი, როგორც წლების უკან, ახლაც მზის სხივებით იყო მოფენილი, სითბო იგრძნობოდა...

ქეთევან დუმბაძე: _ მამას სამუშაო ოთახი ჭავჭავაძის პროსპექტს გადაჰყურებს. მას მთელი დღის განმავლობაში მზე ადგას. მამა გადაწევდა ხოლმე ფარდებს, მზეს შემოუშვებდა, დაჯდებოდა სავარძელში მზეზე და კითხულობდა ან ფიქრობდა ... კარს რომ შევუღებდით, ასე გვეუბნებოდა: "ჩქარა მიხურე, მამა, ხომ იცი მზეს ვაგროვებო". მამას ოთახში დღესაც განსაკუთრებული სითბოა, რადგანაც მიზიდულობის ძალა აქვს, სულ გინდა, რომ აქ იყო. მის საწერ მაგიდასთან ვმეცადინეობდით ჯერ მანანა, მერე _ მე. მამა ღამე მუშაობდა, ხელნაწერებს არასდროს მალავდა, მაგიდაზე ტოვებდა და მათ კითხულობდა დედა, მანანა და მეც.

თავად ნოდარ დუმბაძე ამბობდა _ "მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო _ ცაში წავიდე.

მე მგონი, მზე ზეცის ვეება ტრამალზე ანთებული კოცონია, ხოლო მის გარშემო მბრუნავი პლანეტები _ ცდომილები. შვიდი ცდომილი, ალბათ, თავისი თანამგზავრებით ცის ის ბინადარნი, რომლებიც ხელს და სულს ითბობენ ამ მაცოცხლებელი ცეცხლის გარშემო. დროდადრო შორდებიან, მერე კვლავ უახლოვდებიან და ასე შემდეგ... ვაი, იმ ცდომილს, რომელიც ამ კოცონს საერთოდ გაშორდება.

ნატვრა _ ნოდარ დუმბაძის უბის წიგნაკიდან

_ ჩემი სტუდენტობის დროს გიორგი ლეონიძესთან გვქონდა შეხვედრა უნივერსიტეტში. სხვებთან ერთად, მე და არჩილ სულაკაური მივესალმეთ ბატონ გოგლას. მახსოვს, არჩილმა ასე დაამთავრა თავისი ლექსი: "მე როგორ უნდა დაგლოცო, დალოცვას შენგან მოველიო," _ ეს ნათქვამი იმდენად მოულოდნელი იყო, ბატონმა გოგლამ არჩილი გულში ჩაიკრა და დიდხანს კოცნიდა. ლოცავდა, ალბათ.

ისეა ახლა ჩემი საქმეც. მე როგორ უნდა დაგლოცო, ჩემო მამულო, როდესაც ლოცვასაც და კურთხევასაც შენგან მოველი. განა არ იცი, შენი დარი ჩემი დარია, შენი ავდარი ჩემი ავდარია, შენი სიმრავლე ჩემი სიმრავლეა, შენი სავსე ბეღელი ჩემი სავსე ბეღელია, შენი უკვდავება კი ჩემი უკვდავებაა. ასე რომ, შენი მოზიარე ვარ ყველაფერში და განა ძალით, არამედ ნებით, რადგან ასე გაგვაჩინა ბუნებამ. მე და შენ ერთი სხეული ვართ, ჩემო მამულო,

უფრო სწორად, მე ერთი პატარა უჯრედი ვარ შენი ჯანსაღი სხეულისა...

და რადგან გასული წელი დიდი აკაკის წელიწადიც იყო, ამიტომ მისებრ მუხლმოდრეკილი გევედრები: _ ვიდრე ცოცხალი ვარ, მკურნალად შემეყარე, შენი მზისა და მთვარის, მოკაშკაშ-მოელვარე ვარსკვლავთა ღიმილი არ მომიშალო, შენს ფირუზის ცას ნუ გამომაკერებ,

ზურმუხტის ხმელეთს ნუ მომწყვეტ და როდესაც მოვკვდები, შენს მიწას მიმაბარე.

აბა, სხვა სათხოვარი და სანატრელი რომელ ქართველს ჰქონია, მე რომ მქონდეს.

ამისრულე ეს ნატვრა, ჩემო მამულო.

"სევდიანი, ცელქი ბიჭი"

ქეთევან დუმბაძე: _ მამაჩემზე ახალს და უცნაურს ვერაფერს გეტყვით, როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც არაფერი არ ყოფილა ცხოვრებაში ისეთი მშვენიერი, სითბოთი, სიყვარულით და მზით სავსე, როგორიც ბავშვობა. ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა, რადგან ჩემს გვერდით იყო მამა, რომელიც ქმნიდა ამ საოცარ გარემოს ჴ მზიანს, ხალისიანს, ბედნიერს, დაცულს.

მამა ჩემი მეგობარი იყო. დავყავდი ყველგან, სადაც დადიოდა, მეგობრებთან ერთად საქეიფოდაც კი. მასწავლიდა ყველაფერს, ცურვას, ველოსიპედის ტარებას, თევზაობას, ნიჩბის მოსმას, უამრავ თამაშს და რაც მთავარია, ადამიანობას. მან არ იცოდა ჭკუის დარიგება, შენიშვნების მოცემა. მას არ ბეზრდებოდა ტვინისწამღებ მილიონ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, რომლებსაც ვუსვამდი. ის ჩემთან ერთად ხტუნავდა სახტუნაოზე, ისმენდა სკოლის ამბებს, მიყვებოდა თავისას. იგი საინტერესო მთხრობელი და მოსაუბრე იყო და რაც მთავარია, იცოდა მოსმენა.

ის მაგალითი იყო ყველაფერში, იყო საოცრად ალერსიანი, მე მიყვარდა და მიყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მას უყვარდა. მე ვხედავდი, ვგრძნობდი, როგორ უყვარდა მას ადამიანები, მე მომისმენია როგორ ელაპარაკებოდა მამა ზღვას, მზეს, როგორც ცოცხალ არსებებს.

არასდროს მინახავს გაბრაზებული, მოჩხუბარი მამა, მას არასდროს უთქვამს აუგი ვინმეზე, ყოველ შემთხვევაში, შვილების თანდასწრებით. მაგრამ ამგვარი სიახლოვე არ ბადებდა ფამილარობას, ჩვენ მისი დიდი რიდი გვქონდა, ჩვენ ვიცოდით, რომ არ უნდა მოვქცეულიყავით ისე, რომ მამას გული სტკენოდა... ის საოცრად ჰგავდა თავის გმირებს, მამა ერთდროულად ზურიკელაც იყო და ბაჩანაც _ სევდიანი, ცელქი ბიჭი. თვალებიც ასეთივე ჰქონდა _ მომღიმარი და ცრემლიანი ერთდროულად.

არ იფიქროთ, რომ მკაცრი და მომთხოვნი არ იყო და ჩვენ ყველაფრის ნებას გვაძლევდა, პირიქით, დღესაც ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ვფიქრობ, მოეწონებოდა თუ არა ეს მამას. ჩვენ ვიცოდით იმ თავისუფლების ფასი, რომელსაც მამა გვანიჭებდა _ ეს იყო ნდობა და ჩვენ ეს ნდობა უნდა გაგვემართლებინა.

მე ვხედავდი როგორ უყვარდათ დედას და მამას ერთმანეთი, არასდროს მინახავს მათი ჩხუბი, დედაჩემს ბოლო თხუთმეტი წელი არ უძინია, თხუთმეტი წელი მისი მაჯა ეჭირა ხელში და მის გულისცემას უსმენდა... როცა დედა ავადმყოფობდა და მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დადგა, ღამით უცნაურმა ხმამ გამაღვიძა, მამა ხატების წინ დაჩოქილი ღვთისმშობელს ავედრებდა დედას... 32 წელია გათხოვილი ვარ და ქმართან კონფლიქტი არ მქონია. მე ვცდილობ, ასეთივე ურთიერთობა მქონდეს შვილებთან და თუ მეასედი მაინც შევძელი, ბედნიერი ვიქნები. რაც შეეხება სითბოს და სიყვარულს, მამამ იმდენი დატოვა, მე კი არა, მთელ დუნიას ეყოფა. ის ხომ თქვენიცაა, ის ხომ თქვენამდეც აღწევს.



არქივი