ჩვეულებრივი ბიჭი, არაჩვეულებრივი ისტორიით

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

ჩვეულებრივი ბიჭი, არაჩვეულებრივი ისტორიით

მარტი 22
13:05:10 2011

ეს არ არის ადამიანის ისტორიის კლასიკური მაგალითი. ეს ერთი ადამიანის ტრაგედიაა, რომელიც ვფიქრობთ, რომ ბევრი

ადამიანისთვის უნდა გახდეს მაგალითი. ჩვენი რესპოდენტი ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, არაჩვეულებრივი ისტორიით, რომელიც საკუთარი ამბის სათხრობად რედაქციაში გვეწვია.

გიორგი ბარაშვილს ჩოხატაურში "ბარაშკათი," იცნობენ. სკოლა კოხნარის სკოლა-ინტერნატში დაამთავრა, მაგრამ არა იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების იყო.

_ ორი თვის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. როგორც მოგვიანებით გავიგე, დედაჩემი ქმრის გადაწყვეტილებამ საშინლად განარისხა და სამაგიეროს გადახდის მიზნით საკუთარი შვილი ანუ მე, ქუთაისის ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვა. ორი წლის კოჯრის ბავშვთა სახლში გადამიყვანეს, შემდეგ წყნეთის, სამტერედიის. ბოლოს კოხნარის სკოლა-ინტერნატში მოვხდი და იქ დავბინავდი, _ გვიყვება რესპონდენტი. _ ყოველ საღამოს, დედას სკოლის ჭიშკართან ველოდებოდი. ამ ლოდინში ღამდებოდა და მეც ჩემი ფიქრებით და ოცნებებით, რომ მალე დედა მომაკითხავდა, საძინებლის ფანჯარასთან ვინაცვლებდი. ამ ლოდინში გაილია 18 წელი, _ ამბობს გიორგი.

როგორც კი სრულწლოვანი გახდა გადაწყვიტა დედა ეპოვნა.

_ მთელი ცხოვრება მაწვალებდა კითხვა _ რატომ? პასუხისთვის გადავწყვიტე დედა მეპოვნა. მე ხომ მას მთელი ბავშვობა ველოდებოდი. მეგონა, რომ როგორც სხვა ბავშვებს, მეც მომაკითხავდა, გულში ჩამიკრავდა. გავიგე რომ სენაკში ცხოვრობდა და კარგი თანამდებობა ჰქონდა. უთხრეს, რომ მის სანახავდ შვილი იყო ჩასული. ჭიშკართან გამოვიდა. როცა დავინახე გახარებული და ხელებგაშლილი გავიქეცი მისკენ. დედა, დედა _ დავუძახე და უბედნიერესი ადამიანი მეგონა ჩემი თავი, რადგან ამ სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა მომეცა, მაგრამ დედამ ჭიშკარი მიიხურა და უკან გაბრუნდა, _ გვითხრა გიორგიმ.

როგორც გაირკვა, გიორგის დედამ შვილად ძმისშვილი აღიარა. ჩვენი რესპონდენტისთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა _ რატომ მოექცა მშობელი ასე სასტიკად. ვერ გაიგო, ისიც, თუ რატომ გააკეთა დედამისმა შვილის გარდაცვალების მოწმობა.

_ ჩემმა მეგობრებმა დედა პოლიციით დააშინეს და მამაჩემის ვინაობა გაამხელინეს. ბევრი ვეძებე. მამაჩემი ერთ-ერთი ინსტიტუტის ლექტორი ყოფილა. ერთ მის თანამშრომელს გაუგია, რომ ვეძებდი და ხელმძღვანელებთან დაუსმენია, მაგან სხვა როგორ უნდა აღზარდოს, შვილი სკოლა-ინტერნატში ჰყავს მიტოვებულიო. მამას ეს რომ გაუგია, გადაუწყვეტია, რომ ვენახე. კოხნარში მეუღლესთან და დასთან ერთად ჩამოვიდა. პირველად, როგორც მამის ნათესავი ისე გამეცნო. ფიზიკურად ძალიან ვგავარ მამას და ამ მსგავსებამ ბევრი ეჭვი გააქარწყლა. როცა პატარა ვიყავი დედაჩემმა თავისი ძმისშვილი აჩვენა თურმე ჩემს ნაცვლად. 18 წლამდეც მამაჩემი, დედაჩემის ძმისშვილს უხდიდა ალიმენტს. როცა სრულწლოვანი გავხდი, მამას ჩემი ნახვა მოუნდომებია, თუმცა დედამ ჩემი გარდაცვალების ცნობა ანახა.

გიორგიმ მამასთან ცოტა ხანი იცხოვრა. შემდეგ არავინ შეპატიჟებია და ისევ კოხნარში დაბრუნდა. ამბობს, რომ მამა თბილად ექცეოდა, თუმცა ამ სითბომ მცირე დროს გაუძლო. გიორგი ახლა 4 შვილის მამაა და ბაბუას ჯერ შვილიშვილები არ უნახავს. ეს ჯერ კი, თითქმის, 8 წელს ითვლის.

“ბარაშკა" სოფელში ძალიან უყვართ და “ხელმარჯვე ოსტატსაც" ეძახიან. ამ სიყვარულით დააბინავეს კოხნარში და აღმზრდელ სკოლაში დაასაქმეს კიდეც. კოხნარის სკოლა-ინტერნატის გაუქმებასთან ერთად მისი სამუშაოც დამთავრდა. თან ბოლო თვის სახელფასო ანაზღაურება დღემდე მიუღებელი აქვს. მიაჩნია, რომ სკოლა-ინტერნატის გაუქმება შეცდომა იყო, თუმცა ფიქრობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები საჯარო სკოლებში თავს უკეთ იგრძნობენ.

_ ძალიან დიდი ხანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების გვერდით გავატარე. ხანდახან ძალიან მიჭირდა მათთან ურთიერთობა, მაგრამ ეს უფრო ჩემი პრობლემიდან გამომდინარე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ნაკლი არ მქონდა, მათი ძალიან მშურდა. მშურდა იმიტომ, რომ მათ მშობლები აკითხავდნენ. მე არასოდეს მქონია საშუალება, რომ ჩვეულებრივ სკოლაში მესწავლა, მერე სახლში წავსულიყავი, სადაც თბილ კერძს, სითბოს და ჩემს საწოლს დამახვედრებდნენ. ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა ძალიან რთულია. ამიტომაც ვფიქრობ, რომ კოხნარის სკოლა-ინტერნატის ყოფილი მოსწავლეები სახლში თავს უკეთ იგრძნობენ, _ გულახდილად გვითხრა გიორგიმ.

გიორგის ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება.

_ ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება, კოხნარში და ახლო სოფლებში სკოლის ალბომებისთვის ყოველთვის მე ვიღებდი სურათებს, ასევე ძალიან მიყვარს პეიზაჟების გადაღება, _ აღნიშნავს იგი.

_ მყავს მეუღლე ლელა მაღულარია და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. ვცდილობ, ჩემს შვილებს არ მოვაკლო ის სითბო, რაც მე ბავშობაში დამაკლდა. ძალიან კარგი მეუღლე მყავს, შვილებს კარგად ზრდის. დახმარება გვეძლევა 150 ლარი, მაგრამ 6-სულიან ოჯახს არ გვყოფნის. არც ნაკვეთი მაქვს იმდენი, რომ დავამუშავო და იმით ვირჩინო თავი, სამსახურს ვეძებ, თუმცა ვერაფერი ვიპოვე, _ წუხს გიორგი.

ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ ბევრს თანაგრძნობა გაუჩნდება, ბევრიც მშობლებს განსჯის, ბევრი მხრებს აიჩეჩავს და იქნებიან ისეთებიც, რომლებიც ამ ისტორიის მოქმედ პირებში საკუთარ თავს ამოიცნობენ. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ბევრი ფაქტია შვილისა და ოჯახის მიტოვების. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემის მთავარი არსი ადრეულ ქორწინებაშიც მდებარეობს. გიორგის მშობლების შემთხვევაშიც ასე იყო. ადრე დაქორწინდნენ და ადრე გაიყარენ _ ხასიათის შეუთავსებლობის გამო. მერე იყო, სავარაუდოდ, ბავშვური შურისძიება, რომელმაც ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებას დიდი დაღი დაასვა. ამიტომ, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ცხოვრების გზაზე ყოველი ნაბიჯის გადადგმას კარგად დავაკვირდეთ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ოჯახს ვქმნით, რადგან ჩვენი ყოველი ქმედება ჩვენს მომავალს განსაზღვრავს.



არქივი