ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სეზონი დაიწყო

gurianews.com

21-ს ქვევით

ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სეზონი დაიწყო

მარტი 22
13:06:38 2011

გასული კვირის პარასკევს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში ინტელექტუალური თამაშის: "რა? სად? როდის?" გაზაფხულის სეზონი დაიწყო. ოზურგეთის ღია ჩემპიონატში ამ ეტაპზე 30 გუნდი ითამაშებს. ფინალამდე საუკეთესო გუნდებს რამდენჯერმე მოუწევს სხვადასხვა გუნდებთან შერკინება. როგორც თამაშების უცვლელმა ავტორმა და წამყვანმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორმა ავთანდილ სირბილაშვილმა თქვა, ამ სეზონზე ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობის სურვილი ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა.

ინტელექტუალური თამაშები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და დასვენების პარკის ორგანიზატორობით და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სრული მხარდაჭერით ეწყობა. წელს სიახლეა იმ კუთხით, რომ საინფორმაციო მხარდაჭერას გურიის ახალგაზრდული გაზეთი "21-ს ქვევით" გაუწევს. სწორედ ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან გაიგებთ იმ გუნდების შესახებ, რომლებიც წარმატებას აღწევენ და ცდილობენ, თავიანთი ინტელექტი გამოამჟღვანონ.

წლევანდელ ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეების გუნდი "ცარიელი თავები", რომელიც პირველი თამაშის შედეგად, საუკეთესო სამეულში მოხვდა და დიდი ალბათობაა, რომ მაისში ფინალურ ეტაპზეც ვიხილოთ.

_ ჩვენი სკოლის სურვილი იყო მონაწილეობა მიგვეღო ინტელექტუალურ თამაშებში. სანამ აქ მოვხვდებოდით, მანამ შიდა სასკოლო თამაშებს ვატარებდით. ახლა ოზურგეთის ღია ჩემპიონატში მეთერთმეტე კლასელების გუნდით ვმონაწილეობთ. კარგი იქნება, ჩოხატაურის სხვა სკოლების გუნდები თუ ჩაერთვებიან მსგავს ღონისძიებებში, _ გვითხრა ამავე სკოლის ინტელექტუალური კლუბის ხელმძღვანელმა დავით ჩხიკვაძემ.

სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის პედაგოგი, ხათუნა სვანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს:

_ ჩვენი სკოლის ინტელექტუალები არასოდეს არ ვაცდენთ და ვერთვებით ჩემპიონატში, ეს ბავშვებისთვის აუცილებელია. გვქონია წარმატებაც და პირველი ადგილი დაგვიკავებია. ყველას ვურჩევ, რომ აუცილებლად ჩაერთონ ინტელექტუალურ თამაშებში, _ აღნიშნა სვანიძემ.

პარასკევს გამართულ შეხვედრაზე რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ესენია: ჩოხატაურის _ "ცარიელი თავები", ვაკიჯვრის _ "ვაკიჯვარი", დვაბზუს _ "ინტელექტუალები", ლაითურის _ "უნია", შემოქმედის _ "ლოგოსი", თხინვალის "ახალსაყდარი", გურიანთის _ "ნიკე" და ოზურგეთის წმ. ნინოს სამრევლო სკოლის _ "მთიები".

მთავარმა ინტელექტუალმა, ავთანდილ სირბილაშვილმა რვა გუნდის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ წელს განსხვავებული ტურები ელით და ასევე, იქნება სიურპრიზები. არ არის გამორიცხული, რომ გამარჯვებული გუნდის წევრები ერთი კვირით ქობულეთში წავიდნენ დასასვენებლად.

_ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რეალობად იქცეს, იქნება თქვენთვის ნაცნობი და უცნობი ტურები, გურიის ახალგაზრდული გაზეთის მეშვეობით კი, გაეცნობით თქვენს შესახებ საინტერესო წერილებს და ანონსს, ასევე გაშუქდება ყველა თამაში, რომელიც ჩატარდება, _ აღნიშნა სირბილაშვილმა.

გაზაფხულის სეზონის პირველი თამაში მეტად საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა. ბავშვებს 45 წუთის განმავლობაში 15 შეკითხვაზე მოუწიათ პასუხების გაცემა. საბოლოო ჯამში, პირველობა 10 ქულით შემოქმედის "ლოგოსის" ინტელექტუალებს ერგოთ, თუმცა მათ და დანარჩენ შვიდ გუნდს, ორშაბათს და ოთხშაბათს კიდევ ერთი ტური ელოდებათ, რომ ნახევარფინალში მოხვდნენ.

თამაშების კვირის ცხრილი ასე გამოიყურება _ დღეს 21 მარტს, დღის სამ საათზე გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის დარბაზში, ერთმანეთს შეხვდებიან _ შემოქმედის "ლოგოსი" _ დვაბზუს "ინტელექტუალები"; ჩოხატაურის "ცარიელი თავები" _ ლაითურის "უნია".

ოთხშაბათს, 23 მარტს, დღის სამ საათზე გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის დარბაზში კიდევ ოთხი გუნდის თამაში შედგება _ ოზურგეთის "მთიები"; გურიანთის "ნიკე"; ვაკიჯვრის "ვაკიჯვარი"; თხინვალის "ახალსაყდარი". სწორედ ამ კვირაში გაირკვევა იმ გუნდების სახელები, რომლებიც მომდევნო ტურშიც გააგრძელებენ თამაშს.



არქივი