"კონკურსების მბრძანებელი"

gurianews.com

21-ს ქვევით

"კონკურსების მბრძანებელი"

თებერვალი 16
11:19:13 2013
გიორგი ოზურგეთის 1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის 10 წლისაა. მისთვის 2012 წელი წარმატებული აღმოჩნდა. გიორგი სამი კონკურსის გამარჯვებული გახდა და 2013 წლის დასაწყისში 2012 წლის გურიის საუკეთესო მოსწავლედ დასახელდა. მისი დრო ყოველთვის განსაზღვრული და დატვირთულია.

"კონკურსების მბრძანებელი" _ შეიძლება, ასეც ვუწოდოთ პატარა გიორგის. ცხრა თვეში სამი კონკურსის გამარჯვებული გახდა. მისთვის ყველაზე რთული King,s Math-ი აღმოჩნდა. მიუხედავად ყველაფრისა პირველობა არავის დაუთმო. გიორგიმ ასევე წარმატებას მიაღწია ოლიმპიადაში, რომელსაც "ევერესტი" ჰქვია. რამდენიმე დღის წინ 1 საჯარო სკოლაში ოფიციალური წერილი მივიდა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ გიორგი მეგრელიძის წარმატებების გამო "ევერესტი" თებერვალში ოზურგეთშიც ჩატარდება. სამი კონკურსიიდან ერთ-ერთი საერთაშორისო იყო. ყოველწლიური კონკურსი "კენგურო" მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთდროულად ჩატარდა და საქართველოში პირველი ადგილი გიორგიმ მოიპოვა. მისი მათემატიკისადმი მიდრეკილება უკვე დააფასეს თბილისში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გიორგი მეგრელიძე კომაროვისა და ვეკუას სკოლებში მიიწვიეს.

პატარა ვუნდერკინდი მედიასთან ნაკლებად საუბრობს:

_ გიორგი, რომელი კონკურსი იყო თქვენთვის რთული?

_ ბოლო კონკურსი იყო რთული, მაგრამ მაინც გავართვი თავი.

_ მხოლოდ მათემატიკურ კონკურსებში მონაწილეობ?

_ ერთხელ მივიღე ინგლისურის კონკურსში მონაწილეობა და მესამე ადგილი ავიღე. ყველაზე მეტად ინგლისური და მათემატიკა მიყვარს.

_ ვიცი, რომ მოთხრობებს წერთ, ლექსებსაც ხომ არ წერთ?

_ არა, ლექსებს არ ვწერ. უფრო ჩანახატებს და პატარა მოთხრობებს ვწერ.

_ ძნელი არ არის დატვირთული რეჟიმი?

_ არა, ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

_ ვინ გეხმარებათ?

_ ძირითადად, მარტო ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ დედაც მეხმარება.

_ როგორც ვიცი, სტიქაროსანი ხართ...

_ დიახ, ექადიის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში დავდივარ და ვარ სტიქაროსანი.

 



არქივი