"დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს, არ მოგერიდოს, სახე შეუშვირე _ მთავარია დაინახო!"

gurianews.com

21-ს ქვევით

"დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს, არ მოგერიდოს, სახე შეუშვირე _ მთავარია დაინახო!"

მარტი 27
22:54:41 2011

როდესაც დედამიწას გაჩახჩახებული მზე გადმოყურებს, ანა გოგუაძის დღე ენერგიულად იწყება _ ფოტო სესიები, პროექტები, შეხვედრები მეგობრებთან, მუსიკა, კითხვა და პირადი ცხოვრება _ ბევრია, ნამდვილად ბევრია, მაგრამ ის ყველაფერს ასწრებს და ახერხებს.

ანა გოგუაძე  დაიბადა თბილისში, 1987 წლის 8 აგვისტოს. ხატავდა ბავშვობიდან და ადრეულ ასაკში არა ერთ გამოფენაზე წარმოადგინა თავისი ნამუშევრები; 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ბარ-გალერეა "სახლში" გამართულ გამოფენაში, სადაც წარმოდგენილი იყო კომპიუტერული გრაფიკა. 2004 წლიდან დაინტერესდა ფოტოგრაფიით, არის თვითნასწავლი ფოტოგრაფი; ამავე წელს გახდა ინტერნეტფოტოკონკურსის "ფოტოგაზაფხული 2004"-ის დიპლომანტი საუკეთესო ნამუშევარისთვის, ჟანრი _ პორტრეტი (გადაღებულია თავისი უმცროსი ძმა); 2005 წელს გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა; პაოლო კოელიოს სახელობის ლიტერატურულ კაფეში _ ფოტოები, კომპიუტერული გრაფიკა; 2006 წლიდან არის საბავშვო ზეიმის _ "მზის ფესტივალის" იდეის ავტორი და ორგანიზატორი. ზეიმი ყოველწლიურად, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს იმართება, სადაც ბავშვებისთვის  სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ტარდება; 2007 წელს მონაწილეობდა ფოტოკონკურსში "მე _ ადამიანი". დაჯილდოვდა დიპლომით საუკეთესო პორტრეტისთვის "ცნობილი ადამიანი" _ გიორგი გვახარიას პორტრეტი (ცნობილი ქართველი კინოკრიტიკოსი); 2008 წელს კინოთეატრ "ამირანში" მოეწყო მისი მორიგი პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "ფერები მონაფერები"; 2009 წელს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყო საპროტესტო გამოფენა-აქცია "მე ანია", რომლის მთავარი გზავნილი საზოგადოებისადმი იყო _ პანდუსი ყველა ასასვლელთან!

_ ვინ არის ანა გოგუაძე!

_ ანა გოგუაძე არის "ანია" "ანიკოც", რომელიც იღებს ფოტოებს, რომელსაც უყვარს მუსიკა, ნოდარ დუმბაძე და მზე.

_ ანა, შენ კარგ ფოტოგრაფად გასახელებენ. როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში ფოტოგრაფია.

_ მიხარია, თუკი ასე ამბობენ, ფოტოგრაფია ძალიან უცნაურად და უცებ შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში _ ნინო ქათამაძის დამსახურებაა, ფოტოაპარატმა ჩაანაცვლა ფუნჯი და მომცა საშუალება ჩემი ემოციები და "ისტორია" ფოტოკადრებად მექცია.

ფოტოგრაფია _ ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველას თავისებურად ესმის. ზოგისთვის ფოტოგრაფია, მხოლოდ აღბეჭდილი კადრია ან შეჩერებული წამი, მოგონებაა, ჩემთვის ისტორიაა თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით. ყველა ჩემი ფოტო ასე იქმნება. ყოველი კადრი ჩემი ცხოვრების ესა თუ ის პერიოდია. მე ვყვები ამბავს.

სიამოვნებით ვითანამშრომლებ სხვადასხვა ფოტოპროექტზე ნებისმიერ თქვენგანთან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს, სახე შეუშვირე _ მთავარია დაინახო!

_  როგორია დღევანდელი ცხოვრება ფოტოობიექტიდან?

_ ფერადი... ზოგჯერ შავ-თეთრი, გააჩნია განწყობას, მდგომარეობას და დროს. მიუხედავად იმისა, რომ შავ-თეთრი ფოტოებიც მიყვარს, მე ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.

_  სამწუხაროდ, ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდები, ხშირად საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ჯანმრთელი ადამიანების დამოკიდებულებებზე... შენ რას გვეტყვი?

_ ყველაზე მთავარი არის ის, რომ თბილისი და საერთოდ, საქართველო უნდა იყოს ადაპტირებული ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. რა თქმა უნდა, არის სხვა ბევრი პრობლემა, მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი არის ის, რომ არ უნდა არსებობდეს შენობა, სადაც პანდუსი არ იქნება. მითუმეტეს, ახლა, როდესაც ყველაფერი ახალ სახეს იღებს. საზოგადოებამ უნდა ნახოს ეს ადამიანები, ხოლო თუ არ იქნა ადაპტირებული გარემო, საზოგადოება ვერასდროს ვერ მიხვდება, რომ მათ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლიათ (ქვეყნისთვის) თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუკი გეზი ევროპისკენ გვაქვს და მოდერნიზაციას ვახდენთ ბევრ რამეში, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელშიც უნდა მივბაძოთ ევროპას. ადაპტირებული გარემოს შემდეგ საზოგადოება ავტომატურად გახდება "მზად",  სანამ ამ ადამიანებს ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერები უშლის ხელს გადაადგილებაში, საზოგადოება ვერასდროს ვერაფერს მიხვდება, მარტივი მიზეზის გამო _ ის ვერ ხედავს მათ ყოველ დღე: ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.

ანას უკვე საკუთარი ვებ-გვერდი აქვს, სადაც წერს: _ "ნოდარ დუმბაძე არის... რაღაც ძალიან განსაკუთრებულად მიყვარს და მგონია, რომ ჩემი ახლობელია... ნოდარის წიგნებს ვმალავ; ისეთ ადგილას ვადებინებ, სადაც ვერ ვწვდები რომ ავიღო, იმიტომ, რომ ხომ უნდა წავიკითხო რაღაცა სხვაც...".

ანას დუმბაძისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შედეგი "მზის ფესტივალია", რომლის ისტორიაც ასე დაიწყო: ანამ "09"-ში, ვაკეში მცხოვრები, ყველა დუმბაძის ნომერი გაიგო და სათითაოდ ჩამორეკა, რომ "მზიურის" დირექტორს, ქეთი დუმბაძეს (ნოდარ დუმბაძის შვილს), დაკავშირებოდა და მისთვის თავისი იდეა გაეზიარებინა. იდეა კი ასეთი იყო: 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღის აღსანიშნავად, "მზიური" ერთი დღით მაინც დამსგავსებოდა იმ ბავშვთა ქალაქს, როგორიც მწერალს წარმოედგინა. "აქცენტი უნდა ყოფილიყო მზეზე, ყოფილიყო ძალიან თბილი ერთი დღე, როცა ყველა კარგად არის და ყველა პრობლემას ივიწყებს". ქეთი დუმბაძეს იდეა მოეწონა. ანაც მალე გაარკვიეს მეგობრებმა, რომ მხოლოდ იდეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად საკმარისი არ იყო; საჭირო იყო პროექტი და ფინანსები, თუმცა, ცხადია, ანასთვის ამას პრობლემა არ შეუქმნია: პროექტი, რომლის სახელწოდება იყო "ჩვენ ვხედავთ მზეს" _ "მე ვხედავ მზის" ნაცვლად, დაწერიდან 2 კვირაში დაფინანსდა. ღონისძიებამ 1 ივნისს გადაინაცვლა, ბავშვთა დაცვის დღეს, როცა ხალხი თბილისიდან გასული ჯერ არ იქნებოდა. ანას და მისი მეგობრების ძალისხმევით, დღემ, სახელად "მზის ზეიმი", ისე კარგად ჩაიარა, რომ ერთჯერადი ღონისძიება ფესტივალად იქცა და, აგერ უკვე ოთხი წელია ტარდება. ანას, ყოველ წელს, სხვადასხვა ბავშვთა სახლიდან ბავშვები ჩამოჰყავს, მათ ურიგდებათ საჩუქრები, ტარდება მათთვის კონცერტი. ამ დღეს უფროსებიც არანაკლებ ერთობიან. როგორც ანა ამბობს, ეს ზღაპრული დღეა, სადაც ყველას, დიდს თუ პატარას, შეუძლია ზუსტად ის მზე დაინახოს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა."



არქივი