“საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობ"

gurianews.com

21-ს ქვევით

“საქართველოში დაბრუნებაზე ვოცნებობ"

მარტი 13
15:53:02 2013
აქვე დაამთავრა არასრული საშუალო სკოლა, შემდეგ კი სოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. მოგვიანებით სწავლა გააგრძელა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო ბაღში, სკოლაში და რამდენიმე გაზეთში კორესპონდენტად. არის 2 შვილის დედა და ერთი შვილიშვილის ბებია. ოთხი წელია, ემიგრანტია და ნიუ-იორკში ცხოვრობს. წერს ლექსებს და მათში ასახავს სამშობლოს სიყვარულითა და მისი მოშორების ტკივილით გამოწვეულ სევდას. ემიგრაციაში ყოფნის დროს, მეგობრების დახმარებით, გამოვიდა ნანა მეფარიშვილის ლექსების კრებული _ "ნამიან მთებზე გავფინე სული". კრებულში 150-მდე ლექსია შეტანილი.
_ ქალბატონო ნანა, მოგვიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ.
_ ჩვეულებრივზე კიდევ უფრო ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. არავისგან არაფრით გამორჩეული. განსაკუთრებით მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, თავისუფალი თემების წერა, მაგრამ ეს უფრო მაღალ კლასებში. მახსოვს, პირველი ლექსი მეორე კლასში ყოფნისას დავწერე შემოდგომაზე, იქნებ სიმბოლურიც იყო, რადგან შემოდგომაზე ვარ დაბადებული..
სამწუხაროდ, ბავშვობაში დაწერილი ლექსები არ მაქვს შემონახული და არც მახსოვს... სულ პირველი ლექსი, რომელიც მერვე კლასში ყოფნისას დაბეჭდა რაიონის გაზეთმა იყო დედაზე. მაშინ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავი. ჰონორარიც კი ავიღე _  4 მანეთი..
მოგვიანებით, მონაწილეობას ვიღებდი უნივერსიტეტში გამართულ პოეზიის საღამოებში. იმ პერიოდში ჩემი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ "ნობათში" (ეს იყო ჟურნალ "ცისკრის" შვილობილი ჟურნალი) ,"ცისკარში", უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში", უნივერსიტეტის გაზეთში, "მწერლის გაზეთში" და სხვა... ძალიან აქტიურად მედგა გვერდით ბატონი ტრისტან მახაური, უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და უნივერსიტეტის მაშინდელი ლიტერატურული წრის ხელმძღვანელი.

_ თქვენს შემოქმედებაში არის ისეთი ლექსი, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებულად ძვირფასია?
_ მე ვფიქრობ, რომ ყველა ავტორს აქვს თავისთვის გამორჩეული რამდენიმე ლექსი, რომლებიც შეიძლება, სულაც არ იქცევდნენ მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას. საერთოდ ძალიან რთულია საკუთარ შემოქმედებაზე საუბარი... დავიწყებ იმით, რომ ჩემს თავს პოეტს ვერასოდეს ვუწოდებ, ვამბობ კიდეც ერთ ლექსში: “... პოეტი არ ვარ, მე უბრალოდ ლექსით ვთამაშობ“
და მაინც, რა თქმა უნდა, არის ისეთი ლექსები, რომლებიც ჩემთვის ძირფასია, იმდენად რამდენადაც ვთვლი, რომ სწორედ ის გადმოსცემს მთელ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ტკივილსა და სიხარულს... გამოვყოფ ერთ-ერთ მათგანს:
ცხოვრება, ფერადი ფარდები,
მტარვალი  სიმუქე ბარბაცით
მიმათრევს,
უმწეო ხელებით ვიყუჩე დარდები...
და მაინც იმედი ბილიკებს მინათებს.
ვეცემი, ვდგები და ვიშლები ღიმილში,
საჩუქარს ბედისას მსხვერპლადაც გავიღებ,
გაცვეთილ ოცნებას გავახვევ ტკივილში,
მივიკრავ გულზე და უფალთან წავიღებ.

_ რა არის ის მთავარი სათქმელი, რომელსაც თქვენი შემოქმედება ატარებს?
_ სამადლობელი უფლისადმი, სამშობლოს უდიდესი სიყვარულის განცდა და სიყვარული.
საქართველოში დაწერილ ლექსებსაც ჰქონდა ეს მუხტი, მაგრამ არა ისეთი, როგორც ეს აქ ემიგრაციაში ყოფნამ გაამძაფრა.

_ თქვენი აზრით, რა არის ლიტერატურის მთავარი დანიშნულება?
_ ლიტერატურა ადამიანური ურთიერთობისა და ემოციების გამოხატვის უდიდესი საშუალებაა. პროზა, პოეზია, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ შეიძლება დავყოთ, წარმოაჩენს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ დონეს. ამიტომაც მას უდიდესი დანიშნულება აქვს საზოგადოების განვითარებისა და სწორად ჩამოყალიბების საქმეში, ბოლოს და ბოლოს, ამაზეა დამოკიდებული მომავალი თაობის აღზრდა, რადგან ესაა საკვები ადამიანის სულისათვის.
აკი ამბობს წმინდა ილია მართალი:  "ლიტერატურა ხალხის ჭკუა, ხალხის გონება, გრძნობა, ფიქრი ჩვეულება და საზოგადოების ხარისხია. ლიტერატურას ასაზროდებს საზოგადოება. საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისთვის“.
_ რომელია თქვენი საყვარელი პოეტი, ლექსი?
_ როცა პოეზიაზე და პოეტებზე ვსაუბრობთ, ალბათ, შეუძლებელია მოკლედ შემოიფარგლო, მითუფრო, თუ სათქმელი ეხება, არა მარტო თანამედროვე პოეტებს, არამედ წინა თაობის უკვდავყოფილ მგოსნებს.
როცა ვიხსენებ, თუ როდიდან ვიგრძენი ლექსისადმი უდიდესი სიყვარული, უსათუოდ ვაჟა გამახსენდება უპირველესად და ის საოცარი შეგრძნება, როცა ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებდი ლექსის სიღრმეს, თუმცა ვაჟას რომ ჩასწვდე დიდი ძალისხმევა სჭირდება ადამიანს. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერავისთან შედარებას ვერ შევძლებ ამ ბუმბერაზი პოეტისა.
ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ტერენტი და მისი სევდა, ლადო ასათიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გალაკტიონი, გოგლა. შემდეგ უკვე იოსებ ნონეშვილი, საოცარი მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე...
დღევანდელობას რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ, საბედნიეროდ, ბევრი შესანიშნავი პოეტი გვყავს და მაქვს პატივი მათთან მეგორობისა. მაინც გამოვყოფ რამდენიმე მათგანს: ბატონ სოსო ნადირაძეს, ვასილ ბესელიას, ქალბატონ გიული ჩქარეულს და ჩემთვის უდიდეს და უსაყვარლეს პოეტს ბატონ ტარიელ ხარხელაურს, მე ვთვლი რომ იგი პოეზიის ცაზე გამორჩეულად მოკაშკაშე ვარსკვლავია... მე მუდამ მაინტერსებდა, რას განიცდიდნენ დიდ პოეტთა თანამედროვენი და დღეს უკვე ვიცი, რა შეგრძნებაცაა ეს. ვარ უზომოდ ამაყი მათი არსებობით და თავმდაბალი ჩემი მათდამი სიყვარულით.
_ რომელი ნაწარმოები გიყვართ განსაკუთრებულად, რომელიც თქვენი აზრით, ყოველთვის თანამედროვეობის თანმდევი იქნება?
_ გამიჭირდება ჩამოთვლა რადგან ბევრი ნაწარმოებია, რაც ჩემი ბავშვობიდან მომყვება და ვხედავ, რომ დღესაც, ისევ აქტუალურია ისინი, ანუ ეს ნიშნავს მათ უკვდავყოფას..
დედას ძალიან უყვარდა კითხვა და ჰქონდა გამორჩეული სამაგიდო წიგნები... პირველი, რაც მაშინ საკმაოდ პატარამ წავიკითხე იყო "გმირთა ვარამი" (ლევან გოთუა) და ის შეგრძნება და ემოცია ახლაც კი მახსოვს, ასევე შეგრძნებით მახსოვს "ლაშარელა", "დიდი ღამე" (გრიგოლ აბაშიძე), ტოლსტოი "ანა კარენინა", სერვანტესი, მარკ ტვენი, გი დე მოპასანი, დოსტოევსკი, ჰემინგუეი, დიუმა,
უზომოდ მიყვარდა და მიყვარს გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა", "დათა თუთაშხია". დუმბაძე ჩემი უსაყვარლესი მწერალია, მასზე დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო. საოცარი გოდერძი ჩოხელი, დათო ტურაშვილი. მართლა ძნელია ჩამოთვლა იმ შესანისნავი მწერლებისა და ნაწარმოებებისა, რომლებმაც დროს გაუძლეს და თავისი სიტყვა თქვეს ქართულ თუ უცხოურ პროზაში.
_ რამ განაპირობა თქვენი ემიგრაციაში წასვლა, აპირებთ სამუდამოდ დაბრუნდეთ უახლოეს მომავალში?
_ მეც ისევე, როგორც უმეტესობა ემიგრანტებისა წამოვედი, რადგან ელემენტარული ცხოვრების პირობები შევუქმნა ჩემს შვილებს, ვუყიდო სახლი, მივხედო მარტო დარჩენილ ავადმყოფ დედას და უამრავი სხვა პრობლემის გამო, რომელთა ჩამოთვლაც ძალიან შორს წაგვიყვანს...
მე არ მაქვს მწვანე ბარათი და ამდენად, უახლოეს მომავალში ჩამოსვლას ვერ შევძლებ თუ, რა თქმა უნდა, უფლის რაიმე სასწაული არ მოხდა. საერთოდ, სამუდამოდ დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ვაპირებ, უფრო სწორად ვოცნებობ იმ დღეზე, როცა სამშობლოში დავბრუნდები...
_ რა არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გტკივათ?
_ სამშობლო მტკივა, მიტოვებული და ყვავ-ყორნების საჯიჯგნად ქცეული...
მტკივა ის გულთოთო ბიჭები, რომლებმაც მკერდი ააფარეს და სიცოცხლე შესწირეს მავანთათვის ადვილად გაყიდულ ქართულ მიწა-წყალს...
მტკივა მიტოვებული სახლები და სამშობლოდან წამოსული ამდენი ქართველი.
მტკივა, ის რომ ქართველებს ადვილად შეგვიძლია ერთმანეთის სიძულვილი და ღალატი...
მიტოვებული დედა მტკივა, შვილები და... საფლავები...
უმწეო მოხუცები და მშიერი ხალხი... გაუხარელი ქართველი გლეხი...
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაქვს უდიდესი იმედი უფლის, რომ არ მიატოვებს საქართელოს. აკი წყალობად მოგვცა თავისივე დედის წილხვდომილი ყოფილიყო ჩვენი ქავეყანა, წყალობად მოგვცა ისეთი სულიერი მესაჭე და ერის მამა, როგორიც ჩვენი უწმინდესია, წყალობად მოგვცა წმინდა მამა _ გაბრიელ ბერი (სალოსი) და ის ბერ-მონაზვნები და მამები, რომელთა ლოცვითაც უდგას სული საქართველოს...
მაქვს იმედი, რომ ყველა ქართველ ემიგრანტს დააბრუნებს უფალი და მოუშუშებს ჩვენს სამშობლოს ყველა გახსნილ ჭრილობას...
მაქვს იმედი, რომ საქართველო გაბრწყინდება, აკი გვეუბნება ჩვენი პატრიარქი არ შეგეშინდეთო...
ოღონდ მანამდე რწმენით, ერთობითა და სიყვარულით უნდა მივიდეთ...
მერწმუნეთ, თუ სამშობლო ცოტა ხნით არ დაგიტოვებია, ვერასოდეს მიხდვები, რა სიმძაფრე ჰქონია მის სიყვარულს. მუდამ გავიმეორებ და არასოდეს მომწყინდება ამის თქმა ყველას გასაგონად. უფალმა იცის, როდის და საით წარმართოს ჩვენი გზები, მე კი ისე, როგორც ყველაფრისთვის გაცილებით მეტად ვმადლობ მას, რადგან მომცა წყალობა ამ განსაცდელისა, დამაშორა საქართველოს, ჩვეულებრივი რომ არ მგონებოდა მისი სიყვარული! რომ ეს არაჩვეულებრივზე გაცილებით მეტია და ამას ვერასოდეს გავიგებდი, ასე რომ არ მომხადრიყო.
_ თვლით თუ არა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ის უამრავი ემიგრანტია, რომელიც უკან აღარ ბრუნდება?
_ ეს ჩემთვის ყველაზე მტკივნეული თემაა... (და არა მარტო ჩემთვის) ეს მთელი საქართველოს ტკივილი და ტრაგედიაა... იმდენ ფაქტს წავაწყდი ამ პრობლების ირგვლივ, რომ არც კი ვიცი, სად შეიძლება იყოს გამოსავალი...
აქ მარტო ყოფით პრობლემებზე არაა საუბარი. საქართველოში სიტუაციის გამოსწორებამაც კი შეიძლება არ მოახდინოს გავლენა და სურვილიც არ გაუჩინოს ბევრ ემიგრანტს უკან დაბუნებისა....
მე არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო ამ სიტყვებით და ვინმე გავაღიზიანო, მაგრამ ეს უდიდეს დანაშაულად მიმაჩნია. ერთია, როცა გიჭირს და მიდიხარ დროებით ( ზოგჯერ ვთვლი, რომ ამასაც კი არა აქვს გამართლება), მით უფრო, როცა სურვილი აღარ გრჩება სამშობლოში დაბრუნების, ამას ვერასოდეს გავუგებ ქართველს (!) და როცა მშობელი ასე ფიქრობს, ადვილი წარმოსადგენია, მათი შვილების დამოკიდებულება. ბავშვები, რომლებიც ემიგრაციაში იბადებიან, მათ გამძაფრებულად სჭირდებათ უფროსებისგან სამშობლოს სიყვარულის სწავლა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, როცა თავად მშობელს არა აქვს სურვილი საქართველოში დაბრუნების, გაცილებით მეტად არ ექნებათ ასეთი ოჯახების შვილებს... ისიც კი მოვისმინე, რომ ზოგჯერ მშობელი შვილზე ამბობს, აქ დაიბადა და მისი სამშობლოც ესააო... ხომ წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე...
უამრავი ბავშვი იბადება ემიგრაციაში და, ჩვენდა სამწუხაროდ, იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ეს თაობა დასაკარგადავად არის განწირული...
თუმცა უფლის მადლით, ბევრი ოჯახია, სადაც ქართული სულისკვეთებით იზრდებიან ბავშვები, სულითხორცამდე უნერგავენ შვილებს ქვეყნის სიყვარულს და არ უკარგავენ ენას და სულიერებას... დამერწმუნეთ, ეს გმირობის ტოლფასია მშობლების მხრიდან..
ეს თემა ძალიან დიდი, სერიოზული და მტკივნეულია, რასაც, სამწუხაროდ, გამოსწორების პირი არ უჩანს. მე ვფიქრობ, რომ ისე, როგორც ყველა საქმე, ნებაა უფლისა და ამ პრობლების გადაჭრასაც მხოლოდ უფლის დახმარებით თუ ექნება გამოსავალი, სხვაგვარად, უბრალოდ, შეუძლებლად მიმაჩნია..
_ არის ისეთი ლიტერატურული გმირი, რომელშიც თქვენს თავს ხედავთ?

_ ბავშვობიდან მოყოლებული, როცა კი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს გაცნობა დავიწყე, ყველა ჩემი ასაკის პერსონაჟი ჩემი გმირი იყო. ვიყავი ხატია, მერი,ზაზას დედაც კი ვიყავი... ასე მოვყვები დღემდე... და თითქმის მივედი იქამდეც, რომ ოლღას გმირში წარმოვიდგინო ჩემი თავი. რეალურად ეს ძალიან ძნელია, რადგან მე ვერასოდეს ვიქნები ისეთი წმინდა, ამაღლებული და ნამდვილი, როგორიც ოლღა ბებიაა, უბრალოდ, მინდა ვგავდე, ძალიან მინდა... უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა მე უფრო ვცდილობდი, ჩემთვის საყვარელი გმირები დამენახა ჩემში, ვიდრე, მათში ჩემი თავი მეპოვა...
_ რას გვეტყვით მომავალი გეგმების შესახებ?
გეტყვით, რომ სულ მალე, ისევ საქართველოში, გამოვა მეორე კრებულიც, სადაც უკვე 400-მდე ლექსი იქნება შესული. ასევე გეტყვით, რომ იგი გამოდის ჩვენი უსაყვარლესი პოეტის ბატონი ტარიელ ხარხელაურის რედაქტორობით და ეს ჩემთვის ენით გამოუთქმელი პატივი და უდიდესი სიხარულია...სხვა გეგმები შემოქმედების კუთხით, ჯერჯერობით, არ მაქვს, შემდეგში კი ვნახოთ, რას ინებებს უფალი... საქართველოში დაბრუნების გეგმა კი ჩემთვის ყველაზე დიდი და შეუცლელია!
_ დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი საუბრისთვის. მალე დაბრუნებოდეთ თქვენს საყვარელ და სანატრელ სამშობლოს.
_ მადლობას გიხდით და გეტყვით, რომ ძალიან მახარებს თქვენი ასეთი წინსვლა, წარმატებები და რეიტინგულობა, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდი დამფუძნებელს, რედაქტორს და ყველა თამამშრომელს..
დიდი მადლობა, რომ ღირსად გამხადეთ, ჩემს მოკრძალებულ შემოქმედებაზე მესაუბრა და გამეცნო თქვენთვის. გულში ვიკრავ და ვეფერები ჩემს გურულებს დიდი სიყვარულით და ამ ლექსით: “
ჩემი გურია
გურიაში სულ სხვაგვარი
სიყვარული იციან,
მთებში მიქარგ-მოქარგული,
ფერფლისფერი ნისლია.
მასპინძელი შეგაწუხებს
_ გადეიღე საჭმელი,
საიდან აქვთ დალოცვილებს,
იუმორი ამდენი.
კრიმანჭული გაგაკვირვებს,
ზეცას წვდება ბანები,
სულ სხვა ეშხით გიღიმიან
გურიაში ქალები.
სილამაზეს აქ რომ ნახავთ,
ვერ იხილავთ მეორეს,
გურულების ნაღდ იუმორს,
ვერვინ გაიმეორებს.
გურიაში სულ სხვაგვარი
სიყვარული იციან,
მთებში მიქარგ-მოქარგული,
ფერფლისფერი ნისლია.
მთებს რომ ფერი შეეცვლება,
იქ გურია იწყება,
სცადე, ერთხელ და იხილე,
აღარ დაგავიწყდება.



არქივი