თამაშები გრძელდება

gurianews.com

21-ს ქვევით

თამაშები გრძელდება

აპრილი 04
09:59:02 2011

გასული კვირის პარასკევს ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის მეორე სართულზე ინტელექტუალური თამაშების _ რა? სად? როდის? _ მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხუთი გუნდი დაუპირისპირდა: ჯუმათის _ "ჯუმა", ზემო ნატანების _ "ფესვები", მთისპირის _ "მთისპირი", ნაგომრის _ "ნიკე 2" და კვირიკეთის _ "კვირიკე". ინტელექტუალებმა ღონისძიების წამყვანის, ავთანდილ სირბილაშვილის მიერ დასმულ 15 შეკითხვას უპასუხეს, რის შემდეგ, პირველი ადგილი, რვა ქულით, ნაგომრის _ "ნიკე 2"-ის მოთამაშეებმა დაიკავეს.

ხათუნა სირაძე, მეოთხე საჯარო სკოლის პედაგოგი: _ პირველ რიგში, მსგავსი თამაშების დროს ბავშვები თავიანთ ცოდნას ამჟღავნებს, მეორე რიგში სკოლის მოსწავლეები დაინტერესებული არიან, რომ უფრო მეტი წაიკითხონ, რადგან შემდეგ თამაშებზე უფრო კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ჩემი აზრით, ხშირად უნდა ტარდებოდეს მსგავსი თამაშები და ტელევიზიითაც უნდა გადაიცემოდეს, იმდენი უაზრო გადაცემები გადის _ ინტელექტუალური თამაშები უფრო საინტერესოა.

ეკა მათითაიშვილი, კვირიკეთის საჯარო სკოლა: _ კარგია თუ ხშირად ჩატარდება მსაგვსი თამაშები, რადგან ბავშვები უფრო აიმაღლებენ ინტელექტს, უფრო მოაზროვნე და ჭკვიანი თაობა გვეყოლება და არ იქნებიან ქუჩაში გამოსულები.

ნინო ჩხაიძე, კვირიკეთის საჯარო სკოლა: _ მსგავს თამაშებში პირველად ვმონაწილეობ, თუმცა კვირიკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხშირად თამაშობენ ინტელექტუალურ თამაშებს. ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მსგავსი ღონისძიებები საინტერესო და მისაღებია.

გასულ კვირას მერვედფინალის საგზური კიდევ სამმა გუნდმა მოუპოვა _ ოზურგეთის "თემიდამ", ასკანის "ლოგოსი-2"-მა და მერიის "ფავორიტ"-მა.

რაც შეეხება ამ კვირის თამაშებს, 4 აპრილს, ორშაბათს, მეოთხე საჯარო სკოლაში, ერთმანეთს _ "ნიკე-2" და "მთისპირი, "ჯუმა" და "კვირიკე" დაუპირისპირდებიან. 6 აპრილს, ოთხშაბათს კი _ "ფესვები" და "უნია". სამივე თამაში ოზურგეთის #4 საჯარო სკოლაში გაიმართება.



არქივი