ბექა ცხომელიძე "ნუცას სკოლის" ნახევარფინალში გავიდა

gurianews.com

21-ს ქვევით

ბექა ცხომელიძე "ნუცას სკოლის" ნახევარფინალში გავიდა

აპრილი 04
10:01:09 2011

ოზურგეთელი ბექა ცხომელიძე, რომელიც ახლა ქალაქ ბათუმში ცხოვრობს, მუსიკალური კონკურსის "ნუცას სკოლის" ნახევარფინალში გავიდა. ცხომელიძე კონკურსში გურიის სახელით მონაწილეობს.

"ვამაყობ, რომ კონკურსზე გურიის სახელით გამოვდივარ და იმედია, წარმატებას მივაღწევ", _ გვითხრა ახალგაზრდა მომღერალმა.

_ ბექა, როდის მიხვდით, რომ სიმღერა შენთვის ყველაფერია?

_ 4 წლიდან ვმღერი, მაგრამ ყმაწვილობის ასაკში მივხვდი, რომ ქართული სიმღერა ჩემთვის უმთავრესი და სისხლის ყივილია.

_ ორი წელია "ჯეოსტარში" ცდით ბედს, მაგრამ, რატომღაც, ფინალში ვერ მოხვდით.

_ ჯეოსტარში რატომღაც არ მომეცა შანსი გამომეჩინა ჩემი შესაძლებლობები.

_ "ჯეოსტარის" შესარჩევ ეტაპებზე რატომ არ გამოდიოდით გურიის სახელით?

_ ჩემთვის დაუკითხავად ჩემმა მეგობარმა დამარეგისტრირა ბათუმის სახელით, მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რომ აჭარის სახელით გამოვდიოდი შესარჩევ ტურებზე.

_ მოდით "ჯეოსტარიდან" "ნუცას სკოლაზე" გადავიდეთ, სადაც გაგიმართლათ და უკვე ნახევარფინალში გახვედით. რა ხდება იქ, სადაც ყოველ დილით ახალი საკონკურსო დღისთვის მიდის სამზადისი?

_ პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, ძალიან კარგი და თბილი დამოკიდებულება აქვთ ჩვენ მიმართ პროექტის პროდიუსერებს და ხელმძღვანელობას. არ გვზღუდავენ, გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ბოლომდე ვანახოთ ჩვენი ნიჭი მაყურებელს. მოკლედ. ძალიან კარგი აურა და ოჯახური გარემოა.

_ ამბობენ, რომ ნუცა ჯანელიძე და ირმა სოხაძე მკაცრები არიან...

_ საქმის მიმართ ძალიან მომთხოვნები არიან, მაგრამ სიმკაცრის რა გითხრათ, პირიქით ძალიან ტკბილი და ლოიალური ადამიანები არიან. პროექტის დასრულების შემდეგაც გვექნება "ნუცასკოლელებს" ურთიერთობები, რადგანაც იქმნება "ნუცა სკოლის" სტუდია.

_ ახლა თქვენ ოჯახზე ვისაუბროთ, რამდენად მკაცრები არიან ისინი თქვენი შეფასების დროს?

_ ჩემთვის უმთავრესი და უმკაცრესი ჟიური არის ჩემი ოჯახი, რომელიც სულ გვერდით მიდგას და რჩევებს მაძლევს, ჩემი წარმატებაც ნაწილობრივ მათი დამსახურებაცაა. მყავს ორი ვაჟი ანდრია და ალექსანდრე, რომლებსაც ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა ეკრანზე. მეუღლე კი განსაკუთრებით ელოდება სიმღერებს, როდესაც ვმღერი სიყვარულზე, ის სიმღერები მას ეძღვნება. ერთ-ერთი გამოსვლის დროს დედას მივულოცე იუბილე და მივუძღვენი სიმღერა.

_ რა გრძნობაა, როდესაც გურიის სახელით მონაწილეობთ მუსიკალურ კონკურსში?

_ ძალიან დიდი სიამაყეა ჩემთვის, რადგანაც გურიაში დავიბადე, გავიზარდე და მუსიკალური განათლებაც იქ მივიღე.

_ სანამ "ნუცას სკოლისა" და "ჯეოსტარის" შესარჩევი ტურები იქნებოდა, მანამ რას საქმიანობდით?

_ ვმღეროდი აჭარის სახელმწიფო ანსამბლში, კაპელაში, ცოცხალ ბენდთან. შემდეგ წავედი უკრაინაში, სადაც 6 წელი ვმუშაობდი და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, რადგანაც ცნობილ მომღერლებთან მიწევდა ყოველდღიური ურთიერთობა. ძალიან ძნელია თავის დამკვიდრება ისეთ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველა მღერის და ამიტომაც მუსიკალური პროექტები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზაცია.

"ნუცას სკოლის" ნახევარფინალების ტური შემდეგი კვირიდან დაიწყება, თუმცა ბექა ცხომელიძემ ჯერ არ იცის, რომელ კვირაში მოუწევს გამოსვლა, მანამდე კი, ის ახალ რეპერტუარზე მუშაობს და ამბობს, რომ წარმატებისთვის პირველ რიგში ნიჭი და საქმისადმი დაუღალავი მუშაობაა საჭირო.



არქივი