“ზაფხულობით ბახმაროს ულამაზესი ბუნებით ვტკბები"

gurianews.com

21-ს ქვევით

“ზაფხულობით ბახმაროს ულამაზესი ბუნებით ვტკბები"

აპრილი 22
11:08:04 2013
თორნიკეს მსახიობობასთან ერთად სხვა გატაცებაც აქვს, მას ძალიან უყვარს პატარა ფილმებისა და ვიდეოკლიპების გადაღება. იგი კინორეჟისორობასა და მსახიობობაზე ოცნებობს. თორნიკე სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე...

_ თორნიკე, როდის დაიწყო შენი კინოთი და თეატრით გატაცება?

_ პატარაობიდან ძალიან მიყვარს ფილმები. მე და ჩემი ძმა სპექტაკლებზეც ხშირად დავყავდით დედაჩემს. სულ მაჟრიალებდა, როცა სცენაზე მსახიობებს ვუყურებდი. საოცრად მინდოდა, მეც ჩამეცვა რომელიმე გმირის კოსტიუმი და საოცრებები მომეხდინა. შემდეგ კი გადავწყვიტე მოვსულიყავი საბავშვო თეატრში _ "თეატრი მეორე სახლია" . აქ შესანიშნავი შემოქმედებით ატმოსფეროა. გასაუბრებაზე ლექსი წავიკითხე, ვიმღერე, პატარა ეტიუდი გავითამაშე და იმ დღესვე როლზე დამამტკიცეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემი რეჟისორები არიან: ლაშა მესხი, ნათია კავსაძე და როლანდ ქარდავა. არაჩვეულებრივი პედაგოგები არიან, მაქსიმალურად ცდილობენ, თავიანთი ცოდნა გადმოგვცენ, ზუსტად შევძლოთ პერსონაჟის სულიერ სამყაროს წვდომა და მართალი სახეებით წარვდგეთ მაყურებლის წინაშე.

_ რომელი იყო, შენი პირველი როლი, რომლითაც მაყურებლის წინაშე წარსდექი?

_ ეს იყო ალიბაბა, სპექტაკლში "ალიბაბა და 40 ყაჩაღი". სცენაზე გასვლისას ძალიან ვღელავდი, თუმცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მაყურებლის აპლოდისმენტებიც დავიმსახურე. ამას მოჰყვა სხვა როლებიც და დღეს უკვე თითქმის ყოველ შაბათ-კვირას რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობ.. ეს დამღლელია, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი სიხარულის მომნიჭებელიცაა.

_ თორნიკე, შენ ასევე გატაცებული ხარ პატარა ფილმებისა და ვიდეოკლიპების გადაღებით.

_ დიახ, პირველად ჩემს სოფელში, უჯარმაში ვიყავი, როცა ფილმი გადავიღე, რომელიც შემდეგ ჩემს რეჟისორებს, ახლობლებსა და მეგობრებს ვაჩვენე. ძალიან მოეწონათ. ამანაც მომცა სტიმული კვლავ გამეგრძელებინა და მნიშვნელოვანი ყურადღება დამეთმო ჩემი ჰობისთვის. თუმცა ვიტყვი, რომ ეს უკვე გატაცებას გასცდა და დღეს უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავხდე კინორეჟისორი, ალბათ, მსახიობობასაც ვერ შეველევი (იცინის).

_ თორნიკე, როგორც ვიცით, რამდენიმე წელია ზაფხულობით კურორტ ბახმაროში ისვენებთ მთელი ოჯახი.

_ დიახ, ძალიან გვიყვარს ეს კურორტი. ხუთი წელია, დავდივართ ჩოხატაურის ულამაზეს კურორტ ბახმაროში. ყოველ დილით არაჩვეულებრი პეიზაჟებით ვტკბებით. მზის ჩასავალ გორაზეც ვიყავი, მზე ღრუბლებში ჩადიოდა და ღრუბლები ზღვისფერი იყო. ამ ენით აღუწერელი სილამაზის გადმოცემა სიტყვით შეუძლებელია. ეს აუცილებლად უნდა ნახო. წელსაც ვაპირებთ ბახმაროში წასვლას. ძალიან მინდა, იქ სერიოზული ფილმი გადავიღო. ამ ფილმში ჩემი სასცენო პარტნიორი ირინოლა მეგრელიშვილიც მიიღებს მონაწილეობას. იგი რამდენიმე ვიდეოკლიპშიც გადავიღე და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ზაფხულის მოსვლას. ასევე აუცილებლად უნდა ვნახო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი. მინდა, ვნახო ის ადგილი, სადაც დუმბაძის გმირები ცხოვრობდნენ.



არქივი