თანამედროვე ნიშნები სხეულზე

gurianews.com

21-ს ქვევით

თანამედროვე ნიშნები სხეულზე

აპრილი 22
11:19:28 2013
თუ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში სვირინგს ძირითადად უფროსი თაობის ადამიანები ატარებდნენ (ხშირად კონკრეტული დანიშნულებით), დღეს ეს ასაკი უკვე საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ქუჩებში ხშირად შეხვდებით თინეიჯერ გოგო-ბიჭებს, რომელთაც ხელზე, მკლავზე, კისერსა თუ სხეულის სხვა ნაწილზე ამოსვირინგებული აქვთ ვარსკვლავები, ციფრები, პეპლები, სხვადასხვა ორნამენტები ან წარწერები. ზოგი ამას საკუთარი ინდივიდუალობის ხაზგასასმელად აკეთებს, ზოგიც _ სხეულის გასალამაზებლად, ზოგსაც, უბრალოდ, მოსწონს და მორჩა. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ტატუირების ასაკი გაახალგაზრდავდა, არამედ შეიცვალა მისდამი დამოკიდებულება. თუ ადრე ინდიელები სხეულს იმიტომ იხატავდნენ, რომ სჯეროდათ, ეს ღვთიურ ძალას შეჰმატებდათ, თუ საბჭოთა კავშირში “ნაკოლკა" რომელიმე კონკრეტული იერარქიული საფეხურის აღმნიშვნელი იყო, XXI საუკუნის თინეიჯერების გარკვეული ნაწილის განმარტებით, ტატუირება, ახლა უკვე სხეულის კიდევ უფრო გალამაზების ერთ-ერთი საშუალებაა და მეტი არაფერი. თუმცა თავად ახალგაზრდებს შორისაც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ამ საკითხის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება.

ნინო გოგოლაძე იმ ახალგაზრდათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთათვისაც ტატუ, თავის გალამაზების საშუალებაა.

ნინო გოგოლაძე, 21 წლის, სტუდენტი: ტატუ იმიტომ გავიკეთე, რომ ძალიან მომწონდა, გადავწყვიტე გამერისკა და ფეხზე პატარა ზომის მუსიკალური ნოტი დავიხატე, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან მოუხდა ფეხს. არ ვნანობ და დიდი სიამოვნებით გავიკეთებდი კიდევ, თუმცა, უნდა ვაღიარო, დღეს საქართველოში მაინც ვერ ეგუებიან ამას და უკვირთ, რაც ცუდია, ეს არავისთვის არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი.

მარიამ გავაშელი, 19 წლის: ტატუს გაკეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ მშობლები არ მაკეთებინებენ, გვირგვინი მინდა, დავიხატო ხელზე ან რამე წარწერა გავიკეთო, უბრალოდ სილამაზისთვის მინდა, ალბათ, მოვახერხებ და გავიკეთებ.

გაგა ცეცხლაძე, 18 წლის: საერთოდ არ მომწონს ტატუ და ვთვლი, რომ მეტიჩრობაა, განსაკუთრებით არ მომწონს გოგონებზე, ახლა რატომღაც ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ მოდის გამო ყველაფერი არ უნდა გააკეთო.

მაგდა ზარიძე: არასდროს მქონია ტატუს გაკეთების სურვილი, მაგრამ ჩემს რამდენიმე მეგობარს აქვს, ფიქრობენ, ასე უფრო განსხვავებულები არიან, მიკვირს მათი, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მინდოდეს ნემსების ჩხვლეტა ავიტანო და არწივი ან რამე მსგავსი საშინელება დავიხატო, ინდივიდუალობის ხაზგასმა სხვანაირადაც შეიძლება.

ახალგაზრდების მხრიდან გაზრდილ ინტერესზე საუბრობს ტატუირების სპეციალისტი ლაშა ჩხაიძე, მისი თქმით, გოგოებიც და ბიჭებიც თანაბრად არიან დაინტერესებულები სხეულის მოხატვით.

_ ძირითადად, რა კატეგორიის ადამიანებს ემსახურებით?

_ თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანი მყოლია, ბავშვებისა და ხანდაზმულების გარდა. განსაკუთრებით ხშირად კი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები მაკითხავენ.

_ ყველაზე ხშირად რა ზომისა და შინაარსის ტატუს იკეთებენ?

_ ძირითადად, საშუალო ზომის სვირინგებს ანიჭებენ უპირატესობას, გოგონებს უფრო პატარა ყვავილები, პეპლები მოსწონთ.

_ როგორ კეთდება ტატუ და რამდენად მტკივნეულია?

_ ნემსის ჩხვლეტის შედეგად მელანი ჯდება კანში. არის აპარატურა, რომელიც ვიბრირებს და მელნიანი ნემსის წვერი შეუმჩნევლად სვამს კანში მელნის პიგმენტებს. მტკივნეული იქნება თუ არა დამოკიდებულია იმაზე თუ რა სისქისაა კანი, რა ზომისაა ტატუ და ადგილი, სადაც იკეთებ.

_ არსებობს თუ არა დროებითი ტატუ?

_ დროებითი ტატუ პირობითია, ტატუს მოშორება საკმაოდ მტკივნეული პროცესია, ნახატი შეიძლება ზედაპირულად მოიშორო, მაგრამ კანქვეშ მაინც რჩება.

მედიკოსების რჩევით კი ტატუირება საკმაოდ საფრთხილო და საყურადღებო პროცესია.

ექიმი დერმატოლოგი, ლედი ბიძინაშვილი: ტატუს გაკეთებისას ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ამ დროს ხომ ქიმიური ნივთიერება შეჰყავთ კანში, შესაძლოა, სისხლში მოხვედრილმა უცხო ნივთიერებამ ინფექცია გამოიწვიოს. ასევე, არსებობს B, ჩ, D, G ვირუსული ჰეპატიტების ჩამოყალიბების საფრთხეც. ხშირად, ტატუს გასაკეთებლად განკუთვნილი სპეციალური სითხე, ალერგიასაც იწვევს, ამიტომაც აუცილებელია ყველაფერი სტერილიზებული იყოს.



არქივი