"ჯიბის ფულის" გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები და ლანჩის ყუთი სკოლაში

gurianews.com

21-ს ქვევით

"ჯიბის ფულის" გარეშე დარჩენილი ახალგაზრდები და ლანჩის ყუთი სკოლაში

მარტი 14
12:05:53 2019

საქართველოში დაუსაქმებელი ახალგაზრდების პრობლემა ახალი თემა არ არის, თუმცა, ძალიან აქტუალურია. ქვეყანაში ძალიან რთულად თუ იპოვით ახალგაზრდას, რომელიც თან სწავლობს და თან მუშაობს.

ეს პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ რეგიონებში დგას და გამონაკლისი არც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტია.

აქ არ არსებობს ადგილი, სადაც ახალგაზრდებს დასაქმება და "ჯიბის ფულის" შოვნა შეუძლიათ.

არადა, საქართველოს შრომის კოდექსში გარკვევით წერია, რომ შრომისუნარიანობა ადამიანს 16 წლის ასაკიდან აქვს და მისი სამუშაოზე მიღება სრულწლოვნობამდე უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ განათლების მიღებაში მოზარდს ხელი არ შეეშალოს. თუმცა, ეს მხოლოდ ფურცელზე.

ჩვენი ქვეყნის რეალობაში ახალგაზრდები "ჯიბის ფულს" მშობლებს სთხოვენ.

ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის, ქრისტინე გუდავაძის თქმით, მისი "ჯიბის ფული" დღიურად, დაახლოებით, 2-3 ლარს შეადგენს, რომელსაც მშობლები აძლევენ.

_ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ისეთ სამსახურში, რომელიც შეეთავსება ჩემს სწავლას. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული თანხის ქონა, მითუმეტეს, თუ ეს თანხა მისი გამომუშავებულია. სამწუხაროდ, ჩოხატაურში არ არის ისეთი ადგილი, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ მუშაობა და გამოცდილების მიღება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქრისტინემ.

ანალოგიურად ფიქრობს ჩვენ მიერ გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობა, თუმცა, ეს მხოლოდ მათ სურვილად რჩება. ამ საკითხის მოგვარებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება დაკავებული არ არის.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ მოზარდს სკოლაში დღის განმავლობაში, დაახლოებით, 6-7 საათის გატარება უწევს. ამ დროის განმავლობაში, ბუნებრივია, მათ საკვები სჭირდებათ. როგორც გავარკვიეთ, მოსწავლეთა უმეტესობა საკვებს სკოლის ბუფეტში მიირთმევს. თუმცა, სკოლის ბუფეტების იმედზე ყოფნა რთულია _ გამოცდილება აჩვენებს, რომ ხშირად იქ ბავშვს სწრაფი კვების პროდუქტებს, სხვადასხვა ცომეულს, გაზიან სასმელებს, შოკოლადებს და სხვადასხვა ნუგბარს სთავაზობენ. მოკლედ, ყველაფერ იმას, რასაც არაჯანსაღი საკვები ჰქვია. სწორედ ამიტომ, სჯობს, რომ დავამკვიდროთ ევროპული კულტურა _ საკვების ლანჩის ყუთებით ტარება, რომელშიც მოთავსებული იქნება სახლიდან წამოღებული ჯანსაღი პროდუქტი.

ეს რომ კარგი იდეაა, მოსწავლეები არ უარყოფენ, თუმცა, ამაშიც ხედავენ პრობლემებს.

მეათე კლასის მოსწავლის, ნინო გოგიას თქმით, იმ ფონზე, როცა ბუფეტში არსებული საკვები არ ვარგა და არც იქ არსებული ფასები შეესაბამება შემოთავაზებულ ხარისხს, ლანჩის ყუთის ტარება კარგი აზრია, თუმცა, ფიქრობს, რომ ეს უხერხულობას შეუქმნის:

_ მოსწავლეები ბუფეტში არსებული საკვებით კმაყოფილები არ არიან. მითუმეტეს, რომ ფასი არ შეესაბამება მის ხარისხს, ზომას, გემოს და რაც მთავარია, სიჯანსაღეს. ვფიქრობ, კარგი და ჭკვიანური გამოსავალია ლანჩის ყუთების მოხმარება, მაგრამ, როგორც ყველა სიახლეს, ამასაც ახლავს გარკვეული უხერხულობა. ალბათ, ეს ყოველივე უფრო მენტალობიდან გამომდინარეობს, ვიდრე რესურსის ნაკლებობისგან, _ გვითხრა გოგიამ.

თუმცა, თუ ამ საკითხს კარგად დავუფიქრდებით, მივხვდებით, უხერხული სიტუაციის ნაცვლად, ლანჩის ყუთის ტარების შემთხვევაში, ორმაგად მოგებული დავრჩებით _ ჯიბის ფულსაც დავზოგავთ და ჯანსაღ კვებასაც დავამკვიდრებთ.



არქივი