"მარტო დავრჩი, მაგრამ ახლა, დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ოჯახი მყავს " _ ლადო აფხაზავა

gurianews.com

21-ს ქვევით

"მარტო დავრჩი, მაგრამ ახლა, დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ოჯახი მყავს " _ ლადო აფხაზავა

ოქტომბერი 06
10:55:51 2017

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გურიაშია _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა 114 მასწავლებელს შორის კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოარჩია.

აფხაზავას გამარჯვება  პირველმა საკუთარმა მოსწავლეებმა მიულოცეს, რომლებიც დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ.

ეს დღეებია ვერაფერი მოვუხერხე ჩემ გულს, რადგან ჩემ პირადზე არასდროს მიფიქრა.

რატომღაც დღეს ჩემზეც დავიწყე ფიქრი და რაღაცის მოლოდინი შემომეპარა, ჩემ გულს კი ამის უფლებას არასდროს ვაძლევდი. მე მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე დ გავიზარდე და მაშინ, როცა ძალიან მჭირდებოდა სულ მარტო დავრჩი უავეჯო ოთახის პირისპირ, რადგან ყველაფერი ჩემი მშობლების წამლის საყიდლად გავყიდე.

მარტო დავრჩი, მაგრამ ახლა, დამიჯერეთ, ყველაზე დიდი ოჯახი მყავს და ამით ძალიან ვამაყობ.

ქართველ მასწავლებელს ბევრი რამ აქვს სათქმელი მსოფლიოსათვის. ხოდა, ახლა, ყველას სათქმელს მე ვიტყვი, რადგან ნამდვილად მინდა ქართული სიტყვა გავაგონო ყველას.

მადლობა ამ შესაძლებლობისთვის კოალიცია „ განათლება ყველასათვის საქართველო“-ს წარმომადგენლებს , მადლობა თითოეულ ჟიურის წევრს, რადგან ძალიან ბევრი იმუშავეს.

მადლობა ჩემ სკოლას, სკოლის ადმინისტრაციას, ჩემ მოსწავლეებს, თანამშრომლებს და იმ ადამიანებს ვინც გულშემატკივრობდნენ ამ დღეებში.

მიხარია, ჩემი შრომა რომ აღიარეთ. მინდა, მოგიწოდოთ, ვაღიაროთ თითოეული მოსწავლე და ვუთხრათ მას, რომ საჭირო და მნიშვნელოვანი არიან ისინი ჩვენთვის“ _ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავა დამსახურებული ჯილდოს მიღებას.

ლადო აფხაზავამ  ფულადი პრიზის სახით 10 000 ლარი მიიღო, დანარჩენ ფინალისტებს კი ლიბერთი ბანკისგან ფულადი საჩუქრები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: ეკა წულუკიძე – მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნათია ფურცელაძე – ქ. თბილისის კერძო სკოლა „ქორალი“-ს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ნინო აბულაძე – ქ. თბილისის N 43 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; თეა ნონიკაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მასწავლებელი და გამარჯვებული ვლადიმერ აფხაზავა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებელ კონკურსში, რომელიც კოალიცია განათლება ყველასთვის – საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, თავიდან  114 მასწავლებელი ჩაერთო.



არქივი