ოზურგეთის მეორე სკოლის „კარცერ-ლუქსი“ და განაბული აუდიტორია

gurianews.com

21-ს ქვევით

ოზურგეთის მეორე სკოლის „კარცერ-ლუქსი“ და განაბული აუდიტორია

დეკემბერი 02
20:58:08 2019

 „კარცერ-ლუქსი“  ჰქვია პროექტს, რომელიც მრავალი წელია,   გვაქვს.  ეს უფრო იმიტომაა, რომ ბავშვებმა წიგნები  იკითხონ და  გაიღრმაონ  ცოდნა. ამჯერად  ორი პარალელური მეთერთმეტე  კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. “მეთერთმეტე პირველს” ამ მხრივ სერიოზული გამოცდლილება აქვს. პარალელური კლასი კი პირველად არის და უფრო მაყურებლის როლშია. უმთავრესი, რაც აქ გვინდა მოხდეს, ეს არის ამ ორი კლასის დაახლოება. ესენი მეთერთმეტეკლასელები არიან და აქამდე კარგად არ იცნობენ ერთმანეთს", _  თქვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ღლონტმა.

 მან, ასევე, განმარტა, რომ პროექტს „კარცერ -ლუქსი“ გურამ დოჩანაშვილის  ნაწარმოების,  „კაცი , რომელსაც ლიტერატურა ძლიერ  უყვარდა“,  მიხედვით ჰქვია. იქ  ნაჩვენებია, რომ  ერთ-ერთ პერსონაჟს სურს,  ქვეყანა „კარცერ-ლუქსად“ აქციოს.   ეს „კარცერ-ლუქსი“ არის ზუსტად  ის კომფორტულად მოწყობილი საკითხავი ოთახი, რომელშიც ყველაფერი ექნება   ადამიანს და შეუყვარდება  კითხვა.

პროექტის მიხედვით, ჟიურის წევრები, რომლებიც  პარალელური  კლასიდან მოიწვიეს, აფასებენ მეტყველების გამართულობას,  პრეზენტაციის თანმიმდევრულობას, ლოგიკურობას, თვალასაჩინოებას,  ჯგუფში ჩართულობას და აუდიტორიასთან კონტაქტს.

მოსწავლეებს წასაკითხად მიცემული ჰქონდათ   ოთხი   კლასიკოსის: ჰერმან ჰესეს  „ტრამალის მგელი“, ჯოეჯ ორუელის „1984“, ონორე დე  ბალზაკის „შაგრენის ტყავი“, და ალბერ კამიუს „უცხო“.

პროექტის წარმოდგენამდე, ბავშვებმა კიდევ რთხელ გაუსვეს ხაზი  კითხვის დედააზრს _  ზოგი წიგნი იმასაც გვიჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. რაც უფრო მეტი წიგნი გაქვს წაკითხული, მით უფრო კარგი ადამიანი ხდები, ფაქტობრივად, ცოდნის და განათლების შეძენასთან  ერთად, ძალიან  დიდი მნიშვნელობა აქვს იმ კუთხითაც, რომ უკეთესი ადამიანები გავხდეთ, _ თქვეს მათ.

მეთერთმეტე კლასელთა ორმა ჯგუფმა, შემდეგი შემადგენლობით: ცოტნე ქევხიშვილმა, ლიზი ხუხიამ, მარიამ ბარამიძემ, ლედი ართილაყვამ, მარიამ ჩავლეშვილმა, ნარი გელაშვილმა, ნინო რამიშვილმა და ნინო ჩავლეშვილმა ოთხივე მწერლის ირგვლივ საუბარი თითოეულის ბიოგრაფიით  დაიწყეს, შემდეგ  კი, მონაცვლეობით, მოქმედ პერსონაჟთა  მოქმედების შესახებ ისაუბრეს,  საკუთარი შეფასება მისცეს და ასევე, განმარტეს, როგორ აღიქვეს მათ ნაწარმოების დედააზრი. განაბულ აუდიტორიას დაანახეს,  რა სურთ  გმირებს და როგორ ახერხებენ მწერლები ამ ყველაფრის მკითხველის გულთან  ზუსტად მიტანას.

„კარცერ-ლუქსი“ აუდიტორიის წინაშე ძალზე ინტეგრირებულად წარსდგა: ჯგუფის წევრთა ორატორული წიაღსვლების გარდა, კარგად იყო გამოყენებული ვოდეოსიუჟეტები, თვალსაჩინო მასალა.  განსაკუთრებით მოიხიბლნენ  ცოტნე ქევხიშვილის მიერ,  ალბერ კამიუს „უცხოს“ ნაწყვეტის წაკითხვით _ მუსიკალური კომპოზიცია,   ჰარმონიული კონტექსტით, განხილვის პროცესში  კარგად „ჩაჯდა“.

ნარი გელაშვილი, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე: პირველად ვმონაწილეობ ამ პროექტში   და ძალიან საინტერესო იმით  იყო, რომ  მოგვეცა ჩვენი ცოდნის აღმოჩენის საშუალება.  ჯგუფურად  ვმუშაობდით და ორი კლასი,  11 წლის განმავლობაში, ახლა ასე უცებ დავუახლოვდით ერთმანეთს.

ცოტნე ქევხიშვილი, მეთერთმეტე  კლასის მოსწავლე: ძალიან მომეწონა.  უდავოდ  პერსპექტიულია ასეთი  პროექტების  ჩატარება. მადლობას  ვუხდით მაიკო მასწვლებელს, ყველა პედაგოგს  და ორივე პარალელური კლასის მოსწავლეებს, რადგან ეს კარგად გამოგვივიდა.

სკოლის  დირექტორმა, ფატი სიორიძემ, ასევე, ხაზი გაუსვა ორი პარალელური კლასის დაახლოებაში პროექტ „კარცერ-ლუქსის“ დიდ მნიშვნელობას.

_ პროექტი „კარცერ-ლუქსი“, მრავალი წელია,  ჩვენს სკოლაში ხორციელდება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების, მაია ღლონტის და ნინო ბილიხოძის მიერ. მეთერთმეტე  „პირველი“კლასის მოსწავლეებს ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ. ახლა პარალელური კლასიც ჩაერთო. ძალიამ მიხარია, რომ კლასები დაახლოვდნენ. ასე უფრო  მოსალოდნელია უკეთესი სინტეზი, რითაც, რა თქმა უნდა, უკეთეს შედეგზე გავლენ, _ თქვა  მან.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ღლონტმა  მონაწილეებსა და სტუმრებს უთხრა, რომ  მეორე ეტაპი უფრო დახვეწილი იქნება, გამოცდილებაც მეტი ექნებათ ამ ბავშვებს და მალე  ქართველ მწერალთა შემოქმედებაზეც  დაპატიჟებენ ყველას.

_ ასევე, ჩაფიქრებული მაქვს,  ორივე  კლასს, ორივე გუნდს,  ინტელექტუალური შეჯიბრი გავაკეთებინო,  სასწაული ბავშვები არიან! მოკლედ, გაიცანით და  გიყვარდეთ ერთმანეთი! _ მიმართა მან მოსწავლეებს, რომლებმაც, პროექტის წყალობით, მართლაც ახლა, სკოლაში ყოფნის მეთერთმეტე წელს გაიცნეს ერთმანეთი და არა შორეული წარსულის  პირველ კლასში.



არქივი