რა სურთ ჩოხატაურელ მოსწავლეებს _ "ახალგაზრდულმა იდეამ" 6 პროექტი დააფინანსა

gurianews.com

21-ს ქვევით

რა სურთ ჩოხატაურელ მოსწავლეებს _ "ახალგაზრდულმა იდეამ" 6 პროექტი დააფინანსა

მარტი 21
12:56:49 2019

2005 წელს ჩოხატაურში შეიქმნა ახალგაზრდული იდეის ჯგუფი, რომელიც აქტიურად ცდილობს რაიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას. ასევე, ჩართულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაშიც.

ახალგაზრდული იდეა არასამთავრობო პროექტია, რომელიც ფინანსდება ევროპული ფონდის მიერ. ორგანიზაციის მიზანია პრაქტიკული პროგრამების გახორციელებით საშუალება მისცეს მოქალაქეებს თავიანთი წვლილი შეიტანონ სამართლიანობის დამკვიდრებასა და ეკონომიური კეთილდღეობის ზრდაში.

ჩოხატაურის"ახალგაზრდულ იდეაში" სულ 6 წევრია გაწევრიანებული. თითოეულ მათგანს თავისი მისია აქვს . ჯგუფის პროგრამული მენეჯერია ერეკლე მამალაძე, ფინანსურ საქმიანობას ლუკა კოტრიკაძე უძღვება, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მარიამ ტიშჩენკოა.

ჯგუფის წევრები ხშირად ატარებენ ტრენინგების ციკლს, სადაც ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას აწვდიან. აწყობენ სხვადასხვა აქციებს _ ასუფთავებენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სკვერებს და პარკებს რაშიც აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდებიც.

"ახალგაზრდული იდეის" კომიტეტმა რამდენიმე თვის წინ ჩაატარა კვლევა, თუ ვის რა პრობლემა მიაჩნდა ყველაზე აქტუალურად. კვლევის შედეგად გამოიკვეთა 3 ძირითადი პრობლემა _ განათლების ხარისხი, ნარჩენების მართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

ამის შემდეგ კი საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს, რომელშიც 28 პროექტი შევიდა:

_ ჩოხატაურის მასშტაბით 15 სკოლაში ვიყავით იმისთვის, რომ პროექტის შესახებ ახალგაზრდებისთვის იდეა მიგვეწოდებინა. გვინდოდა, მეტი მოსწავლე ჩაგვერთო. ძალიან მაღალი დონის პროექტები მოამზადეს ბავშვებმა. სულ 28 პროექტი შემოვიდა, რამაც ძალიან გაგვახარა და გაგვაკვირვა. 6 საუკეთესო პროექტი შევარჩიეთ და დავაფინანსეთ. პროექტები ორი კრიტერიუმით შევარჩიეთ _ რამდენად კარგად იყო პროექტი გაწერილი და რამდენად რეალური და შედეგიანი იქნებოდა მისი გახორციელება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ ტიშჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, დაფინანსდა #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტი "მეტი უსაფრთხოება", რომელიც საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაჩინო გაუმჯობესებას გულისხმობს. პროექტის ავტორები დაფინანსებული თანხით აპირებენ ზებრა გადასასვლელების ფოსფორისფრად გადაღებვას, რაც უფრო თვალსაჩინოს გახდის ღამით ზებრა გადასასვლელებს.

მეორე გამარჯვებული პროექტი "მწვანე განათლებაა", რომელიც სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. პროექტი ეხება ბიბლიოთეკის განახლებას, ასევე ისინი აპირებენ თავიანთი ხარჯებით შექმნან მწვანე ყუთები, რომელშიც შეაგროვებენ მაკულატურას და გაცვლიან წიგნებში. მოპოვებულ წიგნებს კი ინტელექტუალურ შეჯიბრებაში გამარჯვებულებს გადასცემენ.

"საოცარი სამყარო მხოლოდ წიგნებშია" _ ასე დაასათაურეს #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი პროექტი, რომელიც ბიბლიოთეკის განახლებას ეხება. ჯგუფის წევრები, ასევე, აპირებენ შექმნან ლიტერატურულ კლუბი, სადაც თინეიჯერები განიხილავენ მათთვის საინტერესო ლიტერატურას.

კიდევ ერთი გამარჯვებული "თინეიჯერი ბიოლოგებია", რომელიც ასევე #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ არის მომზადებული. ისინი მოპოვებული დაფინანსებით ბიოლოგიის კაბინეტის სხვადასხვა საჭირო ნივთებით მოწყობას გეგმავენ.

კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის ავტორი შუა ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან სახელწოდებით _ "სანდო მეგობარი". მათი პროექტი სასკოლო ბიბლიოთეკის განახლებას გულისხმობს, როგორც მეცნიერული, ასევე, მხატვრული ლიტერატურის კუთხით.

ბიბლიოთეკის განახლებისთვის მოიპოვეს დაფინანსება ნაბეღლავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც. მათ პროექტს "ნათელი მომავალი" ჰქვია.
პროექტში გამარჯვებულები თავიანთ გეგმებს ერთ თვეში განახორციელებენ.



არქივი