საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

gurianews.com

21-ს ქვევით

საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

ივნისი 12
18:41:51 2018

საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს _ ამის შესახებ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა.

"ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში" _ აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.

კვლევის თანახმად, საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, დაახლოებით 14 000 ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ვერ დადის.

2017 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით, 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვების 63.7% დადიოდა საბავშვო ბაღში.

საბავშვო ბაღის აღსაზრდელების აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ბაღებში დადიოდა.

ზოგადად, ქალაქში საბავშვო ბაღებში 3-5 წლის ბავშვების უფრო დიდი პროცენტული წილი დადიოდა, ვიდრე სოფლად (78% და 51%შესაბამისად).

შინამეურნეობების უმდიდრეს მეხუთედში შემავალი 3-5 წლის ბავშვების თითქმის 64% დადიოდა საბავშვო ბაღში, მაშინ როცა ამ მაჩვენებელმა უღარიბესი შინამეურნეობების მეხუთედში 57.7% შეადგინა.

კვლევის თანახმად, 3-5 წლის ბავშვების მთლიანი რაოდენობის 8.9% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმიტომ არ დადიოდა, რომ მათ რაიონებში საბავშვო ბაღები არ იყო. ინფრასტრუქტურის არარსებობა სოფლისთვის (16.8%) უფრო მეტად არის დამახასიათებელი. არსებულ საბავშვო ბაღებში უადგილობის გამო კი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის თითქმის 5.1% სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში არ დადის.

სავალდებულო განათლების საფეხურზე სკოლაში დასწრების მაჩვენებელი 97%-ია; ამის მიუხედავად, 15-დან 18 წლამდე ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი აღარ იღებს განათლებას.

ოფიციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში უღარიბესი და უმდიდრესი კვინტილების ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

"ღარიბი ოჯახების ბავშვები უფრო იშვიათად იღებენ სკოლამდელ ან დაწყებით განათლებას. უღარიბესი კვინტილის 15-18 წლის ბავშვებში სკოლის დასწრების მაჩვენებელი თითქმის 81%-ია, ხოლო უმდიდრესი კვინტილის იმავე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებში – 98%.

განსხვავება კიდევ უფრო აშკარა ხდება 18 წლის ასაკის შემდეგ, როდესაც ღარიბი ოჯახების ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებს ტოვებენ. სხვადასხვა ტიპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლას აგრძელებს უღარიბესი კვინტილის 20 წლის ბავშვების თითქმის 5% და უმდიდრესი კვინტილის ბავშვების 77%', _ წერია კვლევაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაცითთ, ყველაზე ღარიბი ოჯახების ყოველი 10 ბავშვიდან 6-ს არ აქვს ან საკმარისად არ მიუწვდება ხელი საბავშვო წიგნებზე.

საქართველოში 36-59 თვის ბავშვების მხოლოდ 59%-ს აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი. უღარიბესი კვინტილის ბავშვების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 36%-ია, ხოლო უმდიდრესი კვინტილის ბავშვების შემთხვევაში _ 88%.

ამასთან ერთად, ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი საბავშვო წიგნებზე (66.3%), ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებს (52.6%).

"ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ", _ ამბობს ლაილა ომარ გადი.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, ანუ ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.

ამასთან, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა" ოჯახების პანელური გამოკითხვაა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს.
კვლევის მეხუთე ეტაპზე შესაბამისი კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.
კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ პირზე). ზრდა ორწლიან პერიოდში, შესაბამისად: 3.9, 4.2, 6.5 და 3.5 %ია.



არქივი