unicef: საბავშვო ბაღების აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია

gurianews.com

21-ს ქვევით

unicef: საბავშვო ბაღების აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია

ივნისი 28
13:17:29 2018

"57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია. სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალის უმრავლესობას ტრენინგი არ გაუვლია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. საქართველოში სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულ აღმზრდელთა სოციალური სტატუსი მეტად დაბალია. სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის, მათ შორის დირექტორების, ხელფასი ძალზე დაბალია“, _ აღნიშნულია კვლევაში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა,  სკოლამდელი განათლების საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით ერთობლივად ჩაატარა.

კვლევის თანახმად, საქართველოში ადრეული ასაკის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მაჩვენებელი (69,5%)ევროპულ სამიზნე ნიშნულზე (95%)დაბალია. ჩარიცხვის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ბავშვებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებში და სოფლად.

კვლევამ გამოავლინა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში ჩარიცხვის შემთხვევაში არსებული ბარიერები, როგორიცაა ადაპტირებული ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, გადატვირთული ჯგუფები, აღმზრდელთა დაბალი კომპეტენცია და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მიმართ არსებული სოციალური სტიგმა. 

 დიდია ბავშვების რაოდენობა თითო ჯგუფში, განსაკუთრებით ქალაქში (მაგალითად, თბილისში თითო ჯგუფზე საშუალოდ 39 ბავშვი მოდის, ზოგიერთ ჯგუფში კი 60-მდე ბავშვია). ჯგუფში ბავშვების სიმრავლე მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. 

ამავე კვლევის თანახმად,  სკოლამდელ დაწესებულებებში მწირია ბავშვის განვითარებისა და სწავლის ხელშემწყობი რესურსები. ზოგიერთ შემთხვევაში, ამგვარი რესურსების მოტანის პასუხისმგებლობა მშობლებს ეკისრებათ, ზოგჯერ კი, აღმზრდელი მათ საკუთარი ფულით იძენს, რადგან სათამაშოებისთვის, ხარჯვადი რესურსებისთვის (როგორიცაა ფანქრები, ქაღალდი და სხვ.), წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალისთვის ბიუჯეტი თითქმის არ არსებობს.



არქივი