არასაახალწლო საკითხავი

gurianews.com

გიორგი გირკელიძის ბლოგი

არასაახალწლო საკითხავი

2020 იან 9 22:00:12

ამ დღეებში ჩემი კოლეგის და ძალიან საინტერესო ავტორის, ეკა ქევანიშვილის წიგნი _ “არაფერი დედაჩემის შესახებ“ გამოვიდა...

იმ დღეს, როცა წიგნი ვიყიდე, სასამართლოში ერთ–ერთი პროცესის გასაშუქებლად მოვხვდი და სანამ სხდომა დაიწყებოდა, ბარემ წიგნის კითხვა დავიწყე.

როგორც წესი, მკითხველებს განსაკუთრებით ის მოთხრობა დაგვაინტერესებს ხოლმე, რომლის სახელის დარქმევაც ავტორმა მთელი წიგნისთვის გადაწყვიტა. ამიტომ კითხვა ამ მოთხრობით _ ''არაფერი დედაჩემის შესახებ'' დავიწყე.

მოთხრობა დედა-შვილის წერილებისგან შედგება. ამბავი ერთი შეხედვით ნაცნობია: ტრადიციულად მზრუნველი და შვილზე მოფიქრალი დედის სახე და ახალგაზრდული პროტესტით, ბრაზით სავსე შვილი. მოთხრობაც სწორედ ასე ვითარდება _ დედა შვილზე დარდობს, ათას წვრილმან შეკითხვას უსვამს მას, თან საკუთარ პრობლემებზე, დარდზე, იღბალსა თუ უიღბლობაზე უყვება.

შვილი კი ზუსტად ისეთია, როგორიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით ახალგაზრდობაში _ მშობლების წარუმატებლობის გამო ბრაზით სავსენი, მთების გადადგმის მსურველები, როცა გინდა, მთელი შენი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალო.

ამ ვითარებაში დედის წერილები უმწეობით და იმ ოჯახური სიყვარულით გავსებს, რომელსაც გაურბიხარ.

ეს გოგო სწორედ ის გოგოა, რომელთა მსგავსებსაც სურთ ერთბაშად შეძლონ ყველაფერი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. თუნდაც იმიტომ, რომ დედას აღარ ჰქონდეს იმის დარდი, რით იკვებება და როგორ ცხოვრობს მისი შვილი დედაქალაქში, აღარ ეძებდეს გზებს, როგორ იშოვოს ფული, რომ შორს მყოფ ქალიშვილს გაუგზავნოს.

დედაც, სავარაუდოდ, ის ქალია, რომელსაც წარსულში ზუსტად ასეთი ოცნებები და მიზნები ჰქონდა და ახლა ცდილობს, შვილმა იცხოვროს უკეთ, უფრო წარმატებულად, უფრო რაციონალურად.

სასამართლო პროცესზე, რომლის დაწყების წინაც ამ მოთხრობას ვკითხულობდი, ბრალდებული 20 წლის ბიჭი იყო, მას ბრალი საკმაოდ მძიმე დანაშაულში _ 80 წლის მეზობლის ქალის მკვლელობასა და გაქურდვაში ედება.

სანამ მოთხრობას ვკითხულობდი, სასამართლოს ფოიეში შუახნის ქალი მოზარდ გოგოსთან ერთად შემოვიდა. როგორც მერე გავიგე, ბრალდებული ბიჭის დედა და უმცროსი და ყოფილან.

დარბაზში მხოლოდ დედა შეუშვეს, და კი არასრულწლოვნების გამო ფოიეში დატოვეს. ქალი მთელი პროცესის მანძილზე ჩუმად იყო, ასე ჩუმადვე მოისმინა პროკურორის უმძიმესი საბრალდებო სიტყვა მისი შვილის წინააღმდეგ. თუმცა, ცხადია, სახეზე საშინელი განცდები ეტყობოდა.

მე სასამართლო დარბაზში ვიჯექი, პროცესს ჩვეულებისამებრ თვალყურს ვადევნებდი, თუმცა, რატომღაც ფიქრების დიდი ნაწილი დარბაზის გარეთ, ფოიეში დარჩენილი მოზარდისკენ მქონდა, რომელსაც, ალბათ, ძალიან უნდოდა, ძმა ენახა. ვფიქრობდი გოგოზე, რომელსაც წინ საკმაოდ მძიმე ცხოვრება ელოდება, რადგან დიდი შანსია, რომ საზოგადოება ტრადიციულად ძმის მძიმე დანაშაულის სარკეს მის დასაც მიუშვერს და შიგ ჩახედვას მოსთხოვს; მთელი ცხოვრების მანძილზე ამ კლიშესთან ბრძოლა მოუწევს, რომელსაც ჰქვია იყო მეზობელი ქალის მკვლელის და, ოჯახის წევრი და მთელი ცხოვრება ამტკიცო, რომ ძმისგან განსხვავებით, შენ წესიერი და ჰუმანური მოქალაქე ხარ.

სასამართლოში რომ ვკითხულობდი, იმ მოთხრობის გმირ გოგოს სულ სხვანაირი დარდი ჰქონდა, სასამართლოს ფოიეში დარჩენილ გოგოს – სხვანაირი. მათი სამყარო სრულიად განსხვავებულია. რას ვიზამთ, ცხოვრებაში ბევრნაირი გოგოები არსებობენ, ბევრნაირი ცხოვრებით და ტკივილებით. ყოველ მათგანს აქვს უფლება ებრძოლოს ამ დარდებს და ისინი გამარჯვებებად გარდაქმნას. ვფიქრობ, მიუხედავად მთელი რიგი სიმძიმეებისა, ეს მაინც შესაძლებელია.

დასასრულს, მოთხრობის ავტორს წერის დიდ ძალას ვუსურვებ _ ასეთმა მწერლებმა ბევრი უნდა წერონ, რადგან ვინ იცის, სად წავლენ მათი მოთხრობები, ვის მისცემენ ძალას, ვის _ იმედს, ვის _ სტიმულს. მით უმეტეს, რომ ჩვენ ირგვლივ ბევრი გოგო არსებობს, რომელთაც ცხოვრება იქ არ უშვებს, სადაც მათ სურს, ასეთ გოგოებს ცხოვრება ფოიეში ტოვებს. ეკა ქევანიშვილის მოთხრობები კი სწორედ მათთვისაა _ ფოიეში დარჩენილებისთვის.




არქივი